რეზონანსი
(01.10.2022)

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის დირექტორი, მზია ვაშალომიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ პედაგოგი, ნარი მაჭავარიანი გარდაიცვალა.

"გაფრინდა ჩვენი ლამაზი და სევდიანი მეგობარი! ჩვენი ნარი მაჭავარიანი აღარ არის! გლოვის ზარით დაიწყო დღევანდელი დღე სკოლაში, ტირის ყველა -დიდი თუ პატარა;

ეს ის შემთხვევაა სიტყვები რომ არ მყოფნის ტკივილის და დარდის გადმოსაცემად;

სრულიად ახალგაზრდას თითქოს ცა ჩამოენგრა, როცა შვილი ირაკლი დაეღუპა, შეძლო და ფეხზე წამოდგა, არასოდეს მოუხვევია მისი ტკივილი და პრობლემები ვინმესთვის, მოსწავლეებთან მაინც ხალისიანი და პირმცინარი იყო, ამზადებდა ღონისძიებებს, ასწავლიდა სიმღერებს, დგამდა ქორეოგრაფიულ ნომრებს. უყვარდა ყველა და ყველაფერი, არ მახსოვს რაიმეზე დაეწუწუნოს.

პასუხისმგებლობის გამძაფრებული გრძნობით ცხოვრობდა, კეთილი, ალალი, უბოროტო... ზრდიდა ორ ანგელოზ გოგონას და ღვთის მადლობელი იყო.

გაზაფხულზე კოვიდის გადატანის შემდეგ დაეწყო პრობლემები, სუსტად გრძნობდა თავს, მაისის თვეში უერთგულესი მეუღლე დაკარგა, მთელი სოფელი რომ მისტიროდა ისეთი ვაჟკაცი. გვიკვირდა მისი სულიერი მხნეობის, თურმე შიგნით იწვოდა, იფერფლებოდა,

15 სექტემბერს ხმოვანი შეტყობინება გამოგვიგზავნა საავადმყოფოდან, სკოლის დაწყებას გვილოცავდა და მიყვარხართ და მენატრებითო, ჩვენც გვენატრებოდი ნაი, ჩვენც გვიყვარხარ და გვენატრები!

ალბათ, ოდესმე დავწერ შენზე ისეთ წერილს, როგორიც შენ შეგეფერება, ახლა უნდა მომიტევო ცრემლები მახრჩობს, აზრი მეფანტება, შოკიდან ვერ გამოვდივართ! ღმერთმა შეგინდოს თუ რამ შეცოდება გქონდა, (მეეჭვება,რომ მსგავსი რამ გქონოდა ოდესმე), დაგიმკვიდროს სასუფეველი, იქ ირაკლი და ბუხუტი გელოდება , კიდევ შენი უკეთილშობილესი მშობლები და ძმა. აქ ვერ მოგიარეთ იქ მოგხედავენ ალბათ! გვიყვარხარ მარად!", - წერს მზია ვაშალომიძე.

tia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე