რეზონანსი
(23.09.2022)

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს, ანა ჯაბაურს მამა გარდაეცვალა. ამის შესახებ ჯაბაურმა ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა და მის ახლობლებს თანაგრძნობისთვის მადლობა გადაუხადა.

„უღრმესი მადლობა ყველას, ჩემთვის ყველაზე მძიმე პერიოდში ჩემს გვერდზე დგომასა და ჩემი ოჯახის უბედურების გაზიარებისთვის.

დიდ ბოდიშს გიხდით, რომ ცხოვრებაში პირველად, უპასუხოდ დავტოვე ბევრი თქვენგანის გზავნილები და სატელეფონო ზარები, რამეთუ სიცოცხლის გაგრძელებაც კი გამიჭირდა ადამიანის გარეშე, რომელიც მთელი ცხოვრება ჩემთვის, ჩემი შვილისა და შვილიშვილისთვის მთავარი საყრდენი, ძალა, სიყვარულის, სიამაყის და სასიცოცხლო ენერგიის მთავარი წყარო იყო. ადამიანი, რომელიც დღიდან ჩემი არსებობისა, ჰუმანურობის, ღირსების, ადამიანურობის, ვაჟკაცობის, აკადემიურობის, გონიერებისა და ლოიალობის იშვიათ მასტერკლასებს მიტარებდა ბოლო ამოსუნთქვამდე...

ყველაფერი კარგი, თუკი რამეა ჩემში, მისი დამსახურებაა, ხოლო თუ ცუდია, ისიც ისაა, რაც მას არ დავუჯერე...

მთელი ცხოვრება გული სიამაყით მევსება, როცა ჩემი გვარის გაგონებაზე დღემდე უამრავი ადამიანი მოწიწებით მეკითხება - ტარიელ ჯაბაურის შვილი ხომ არ ხართ? და იწყებენ ჩემთვის უცხო ისტორიების მოყოლას, თუ როგორ გაუმართა ხელი მათ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, რომლის შესახებაც, თავად სიტყვა არასოდეს დასცდენია ამ საოცარ, საოცარ ადამიანს...

ამხელა სიმწარის მიუხედავად, უსაშველოდ მადლიერი ვარ, შენი შვილობის პატივი და ბედნიერება რომ მარგუნა ბედმა. არასოდეს დაგემშვიდობები. ჩემთან დარჩები უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, მამა." - წერს ანა ჯაბაური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე