
ჩინეთის ქალაქ უსიში, ძიანგსუს პროვინციაში, კომპანია UtmoLight-ის ინჟინრები ახალ თაობის მზის ენერგიის ტექნოლოგიაზე მუშაობენ, რომელსაც სპეციალისტები უკვე მწვანე ენერგიის მომავალს უწოდებენ. საუბარია არა ტრადიციულ სილიციუმის მზის პანელებზე, არამედ პეროვსკიტის ტექნოლოგიაზე, რომელიც ელექტროენერგიის წარმოებას უფრო იაფს, ეფექტიანსა და შენობებში მარტივად ინტეგრირებადს ხდის.
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, პეროვსკიტის საფუძველზე დამზადებული მზის მოდულების წარმოების ღირებულება ტრადიციულ პანელებთან შედარებით დაახლოებით 50 პროცენტით ნაკლებია. ამასთან, ტექნოლოგია ნაკლებ ენერგიას მოიხმარს წარმოების პროცესში და მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას.
ახალი ტექნოლოგიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი მრავალფუნქციურობაა. ენერგიის გამომუშავება შესაძლებელია არა მხოლოდ სახურავებზე განთავსებული პანელებით, არამედ შენობების ფასადებით, ფანჯრებით, გადახურვის ფილებითა და სხვა კონსტრუქციული ელემენტებით. პრაქტიკულად, ნებისმიერი შენობა შეიძლება ელექტროენერგიის მწარმოებლად გადაიქცეს.
სპეციალისტების შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილებები განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს საქართველოსთვის, სადაც ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერება და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება სახელმწიფო პრიორიტეტად რჩება. პეროვსკიტის ტექნოლოგია შესაძლოა გამოყენებულ იქნას სკოლებში, საავადმყოფოებში, მუნიციპალურ შენობებში, საცხოვრებელ კორპუსებსა და სასათბურე მეურნეობებში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



