
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვაშინგტონური ვიზიტი აქტიურ ფაზაში შედის - მხარეებმა უსაფრთხოების გამოწვევებიდან ეკონომიკურ თანამშრომლობამდე საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. ხელისუფლება ახალ სტრატეგიულ შეთანხმებაზე მუშაობის მზადყოფნას აცხადებს, თუმცა რამდენად სწრაფად გადაიქცევა ეს დიპლომატიური დიალოგი კონკრეტულ შედეგებად, ჯერჯერობით ღია კითხვად რჩება.
საპარლამენტო დელეგაციას ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს, დელეგაციის შემადგენლობაში კი არიან დეპუტატები მარიამ ლაშხი, ლიკა შარტავა და ეკა სეფაშვილი.
მათ უკვე ჰქონდათ შეხვედრები როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დელეგაცია ასევე მონაწილეობას მიიღებს სუვერენული ქვეყნების ალიანსის კონფერენციაში, სადაც საერთაშორისო უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილება.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ევროპულ და ევრაზიულ საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელ ბრენდან ჰანრაჰანთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა რომ. შეხვედრაზე, სხვა თემებთან ერთად, განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ახალი შეთანხმება, რომელიც ორმხრივი სარგებლისკენ იქნება მიმართული.
სამხარაძის შეფასებით, „ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია" ჰქონდათ და ამ საკითხებზე მსჯელობას მომავალშიც აქტიურად განაგრძობენ.
- ნიკოლოზ სამხარაძე: „რაც მთავარია, საუბარი გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობის ახალი შეთანხმების შესახებ. ჩვენ დავუდასტურეთ მზაობა, რომ მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა ახალ შეთანხმებაზე".
„ვისაუბრეთ საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე. ყურადღება გავამახვილეთ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და რა გავლენა აქვს ამ მოვლენებს საქართველოს უსაფრთხოებაზე. გვქონდა საუბარი შუა დერეფნის განვითარების საკითხებზე, მათ შორის, ტრამპის მარშრუტის საკითხზე და აღვნიშნეთ, რომ ჩვენ მივესალმებით ტრამპის მარშრუტის განხორციელებას, რადგან მივიჩნევთ, რომ ეს არ არის ალტერნატივა შუა დერეფნისთვის და საქართველოს მარშრუტისთვის - პირიქით, ეს არის შემავსებელი ფაქტორი.
„ასევე, გვქონდა საუბარი ამერიკული კომპანიების მიერ საქართველოში ინვესტიციების დაბანდებაზე და რაც მთავარია, საუბარი გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობის ახალი შეთანხმების შესახებ. ჩვენ დავუდასტურეთ მზაობა, რომ მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა ახალ შეთანხმებაზე, რომელიც იქნება მიმართული ორმხრივი სარგებლის მიღებისკენ და გამოვყავით მრავალი თემა, რომელიც ამ პარტნიორობას კიდევ უფრო ძლიერს გახდის. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა და ამ საკითხებზე მსჯელობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ", - აღნიშნა სამხარაძემ.
ვიზიტის მნიშვნელობა
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ეს შეხვედრები მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად, საქართველოს დელეგაციას საშუალება მიეცა შეხვედროდა აშშ-ის საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე პირებს.
„პარლამენტის წარმომადგენლობას, საშუალება მიეცა შეხვედროდა აშშ-ში, შესაძლოა უმაღლესი რანგის არა, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე პირებს და მიეტანა მათთან ალტერნატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ხდება საქართველოში, როგორია „ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკა, რაზე შეიძლება, ვთქვათ, „ოცნება" წავიდეს იმის გამო, რომ აშშ-სთან ურთიერთობა გადაიტვირთოს.
- ზაალ ანჯაფარიძე: „პარლამენტის წარმომადგენლობას საშუალება მიეცა შეხვედროდა აშშ-ში საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე პირებს და მიეტანა მათთან ალტერნატიული ინფორმაცია, თუ რაზე შეიძლება, ვთქვათ, „ოცნება" წავიდეს იმისთვის, რომ აშშ-სთან ურთიერთობა გადაიტვირთოს."
„ვფიქრობ, ამ კუთხით ვიზიტი ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო. რა შედეგებს გამოიღებს - ამას, ალბათ, უახლოეს მომავალში ვნახავთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ორმხრივ ურთიერთობებში და რა რეაქციები იქნება ვაშინგტონიდან", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ ამ ვიზიტს შემდეგ „ოცნებამ" გარკვეული კომპრომისული ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს.
„ქართული ოცნებისთვის" ამ ვიზიტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა როგორც პროპაგანდისტული, ისე რეალური თვალსაზრისით. ისინი ყველაფერს აკეთებენ და, ყოველ შემთხვევაში, ეცდებიან, რომ აღადგინონ ურთიერთობა აშშ-სთან.
- ვახტანგ ძაბირაძე: „ოცნებამ" უნდა დაიწყოს სვლა დემოკრატიისაკენ. ბევრი რამ გააფუჭეს, მაგრამ ნელ-ნელა თუ დაიწყებენ გამოსოწრებას, მაშინ შესაძლოა დაიწყოს ფიქრი იმაზე, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს".
„რეალურად რა იქნება, ცოტა რთული სათქმელია. თუ „ოცნების" პოლიტიკა იგივე დარჩა, არ მგონია მათ მიმართ ამერიკის დამოკიდებულება შეიცვალოს. მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ არსებულ რეალობაში „ოცნებამ" ნელ-ნელა რაღაც ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს. ეს ძალიან მალე გამოჩნდება. კომპრომისულ ნაბიჯებზე ვლაპარაკობ, იმიტომ, რომ სხვაგვარად მეეჭვება „ოცნებამ" რაიმე სერიოზული ურთიერთობის დამყარება შეძლოს შტატებთან, ან ამ მიმართულებით გარღვევა მოახდინოს", - განაცხადა ძაბირაძემ.
სტრატეგიული პარტნიორობა
კითხვაზე რამდენად რეალისტურია სტრატეგიულ პარტნიორობაზე ახალი შეთანხმების დადება, ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ამაზე საუბარი ახლა ნაადრევია.
„ამ ეტაპზე, ვფიქრობ, გამორიცხულია, სანამ რაღაც კომპრომისები, რეალური კომპრომისები არ წავა. ამ ეტაპზე კომპრომისებში ვგულისხმობ სინდისის პატიმრების გათავისუფლებას და რიგი კანონმდებლობის გასწორებას. „ოცნებამ" უნდა დაიწყოს სვლა დემოკრატიისაკენ. ბევრი რამ გააფუჭეს, მაგრამ ნელ-ნელა თუ დაიწყებენ გამოსოწრებას, მაშინ შესაძლოა დაიწყოს ფიქრი იმაზე, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს", - განაცხადა ძაბირაძემ.
ზაალ ანჯაფარიძე კი გვპასუხობს, დიდი მნიშვნელობა აქვს გეოპოლიტიკურ ვითარებასთნ ერთად აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების დინამიკის გათვალისწინებას.
„სტრატეგიული პარტნიორობის ის შეთანხმება, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმდა 2009 წელს და შემდეგ აშშ-მა ცალმხრივად შეაჩერა, ძირითადად აგებული იყო მაშინდელი გეოპოლიტიკური მოცემულობოების საფუძველზე და დღეს გეოპოლიტიკური მოცემულობა აბსოლუტურად განსხვავებულია - თავდაყირაა დაყენებული.
„რა თქმა უნდა, ეს დოკუმენტი, ჩემი აზრით, ახალი გამოწვევების ფონზე და აშშ-საქართველოს ორმხირვი ურთიერთობების დინამიკის გათვალსიწინებით, საჭიროებს გარკვეულ კორექტივებს, გადახედვას, რომ მისადაგებული იყოს იმ ახალ რეალობებთან, რაც არის დამდგარი მსოფლიოში და მათ შორის, აშშ-საქართველოს ურთიერთობებშიც", - განუცხადა ანჯაფარიძემ „რეზონანსს".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



