ნატალია ჯვარიძე
(19.05.2025)

დღეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს, არ გვინდა, რომ მათ ომში ჩავერთოთ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა ომამდეც კი დანგრეული ქვეყანა იყო და ომის დროს კიდევ უფრო განადგურდა.

„მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ფეხზე დგომა, მათ ფული სჭირდებათ, სხვისი ფული. სწორედ ამიტომ სურთ ევროკავშირში ნებისმიერ ფასად და დაუყოვნებლივ შესვლა", - აღნიშნა ორბანმა.

მისი თქმით, უნგრეთს არ სურს, მისი ხალხის ფული ბრიუსელის გავლით უკრაინელებთან მივიდეს.

„მათ არ აინტერესებთ ის, რომ ომს შემოიტანენ. არ აინტერესებთ, რომ ფერმერები ნადგურდებიან. არ აინტერესებთ, რომ ჩვენ უკრაინული მაფიის მსხვერპლი გავხდებით. მაგრამ ჩვენ, უნგრელებს, გვაინტერესებს. არ გვინდა, რომ მათ ომში ჩავერთოთ. არ გვინდა, რომ მათ ჩვენი ფერმერები გაანადგურონ, არ გვინდა, რომ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მაფიის ბუდედ აქციონ და არ გვინდა, რომ უნგრელი ხალხის ფული ბრიუსელის გავლით მათთან მივიდეს. არა, არა და არა", - აღნიშნა ორბანმა.

საგარეო ანალიტიკოსი, გია აბაშიძე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს და აცხადებს, რომ შესაძლოა კულუარებში უნგრეთის გარდა ევროკავშირის სხვა წამყვანი ქვეყნებიც ეწინააღმდეგებიან.

„ვიქტორ ორბანის მთავრობის დამოკიდებულება უკრაინის ევროინტეგრაციაზე უკვე დიდი ხანია ცნობილია და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს პოზიცია კიდევ უფრო გამძაფრდა. მათ მიაჩნიათ, რომ უკრაინის წევრობის შემთხვევაში, ის ევრობლოკის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას შეაფერხებს და ძალიან ბევრი მიმართულებით უკუსვლა იქნება.

ამ შემთხვევაში ორბანი ლაპარაკობს არა მხოლოდ უნგრელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მთლიანად ევროკავშირის საზოგადოების. ეს კიდეც გამოჩნდა ამ ომის დროს, როდესაც უკრაინის აგროპროდუქციას ევრობაზარზე სასტიკად ეწინააღმდეგებიდნენ აღმოსავლეთ ევროპის ფერმერები და ასევე, თუნდაც დასავლეთ ევროპაში, როდესაც უმწვავესი პროტესტები იყო - ავტომაგისტრალების ბლოკირება, ტრაქტორების პროტესტები და ა.შ.

შესაბამისად, არსებული პროცესებიდან გამომდინარე, როდესაც ევრობლიკიდან ერთი წევრიც ეწინააღმდეგება გაწევრიანებას, იბლოკება. თუმცაღა აქ სიტუაცია კიდევ უფრო დრამატული ხდება, როდესაც ბუდაპეშტი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩასაშლელად აქტიურად მოქმედებენ კიევის სადაზვერვო ძალები.

რასაკვირველია, ამ ჯაშუშური ოპერაციების დამტკიცება შეუძლებელია, მაგრამ უნგრეთი ამას დაჟინებით ამტკიცებს. ორბანის ამ განწყობას რა თქმა უნდა, მისი ახლო მოკავშირე სლოვაკეთიც იზიარებს. შესაბამისად, როცა ნებისმიერ ქვეყანაში იქმნება სოციალურ-ეკონომიკური შფოთვა, ვგულისხმობ ფერმერების პროტესტს, რა თქმა უნდა, პოპულისტური ძალები ამით სარგებლობენ.

ბუნებრივია, აქ შეიძლება დომინოს პრინციპი იყოს და საჯაროდ თუ არა, კულუარულად უკრაინის ევროინტეგრაციას შეეწინააღმდეგოს თუნდაც იტალია, ნიდერლანდები ან ევროკავშირის სხვა წამყვანი ქვეყნები. ასე რომ, ასეთ დისონანსის შემთხევავაში ბრიუსელის მაღალჩინოსნებს მოუწევთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ცვლილებები განახორციელონ.

თუმცაღა ამ ყველაფერთან ერთად არავის ავიწყდება ის, თუ როგორი შედეგით დასრულდება უკრაინაში ომი. ცხადია, ყველა ომი დასრულებადია, მაგრამ მთავარია საბოლოოდ რას წარიტაცებს კრემლი და რას დაუტოვებს უკრაინელ ხალხს.

პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ახლა უნდა ფიქრობდნენ, როგორ უნდა დაეხმარონ უკრაინას შემდეგ მშვიდობის პირობებში. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ძვირი იქნება და რასაკვირველია, ამას ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასახადების გადამხდელები შეეწინააღმდეგებიან, რომლებისთვისაც საკუთარი პრობლემებია უფრო მნიშვნელოვანი", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე