მარიამ ვეკუა
(12.05.2025)

მსოფლიო ისტორიული შეხვედრის მოლოდინშია - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, დათანხმდეს კრემლის ლიდერის შეთავაზებას ხუთშაბათს თურქეთში სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვის შესახებ. შეთნხმდებიან თუ არა მხარეები და რაზე, ეს საკვანძო კითხვად რჩება.

შაბათს კიევში შეხვედრის შემდეგ, უკრაინის მთავარმა ევროპელმა მოკავშირეებმა რუსეთს ულტიმატუმი წაუყენეს: ორშაბათიდან დათანხმდეს უკრაინაში უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი „მასობრივი" სანქციები დაეკისრება. ტრამპმა ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა, - განაცხადა გერმანიის ახალმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.

გვიან საღამოს, პუტინმა ულტიმატუმი არ აღიარა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზება დააიგნორა, შემდეგ კი კონტრშეთავაზება გააჟღერა - უკრაინასთან „პირდაპირი მოლაპარაკებების" გამართვის შესახებ.

უკრაინის მოკავშირეებმა კვირა დღეს ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სანამ პუტინი უპირობოდ ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება, შემდგომი მოლაპარაკებები არ შეიძლება გაიმართოს. თუმცა ტრამპმა უკრაინას მოუწოდა, „დაუყოვნებლივ" დათანხმდეს ხუთშაბათს რუს ოფიციალურ პირებთან შეხვედრას.

„შეხვედრა ახლავე!!!" - დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში Truth Social.

ერთ საათში ზელენსკიმ უპასუხა, რომ მზადაა, დათანხმდეს შეხვედრას, რომელიც იქნება რიგით პირველი 2022 წლის რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

„ხუთშაბათს პუტინს თურქეთში დაველოდები - პირადად მე. იმედი მაქვს, რომ ამჯერად რუსები საბაბს არ მოძებნიან", - თქვა ზელენსკიმ. მას არ დაუკონკრეტებია, იქნება თუ არა ცეცხლის შეწყვეტა ამ შეხვედრის წინაპირობა.

აღსანიშნავია, რომ პუტინის ამ შეთავაზებამ მნიშვნელოვნად შეამცირა წნეხი ოფიციალურ მოსკოვზე, - წერენ დასავლური გამოცემები. ჯერ უცნობია, დაასანქცირებენ თუ არა ევროპელი ლიდერები რუსეთის ფედერაციის ლიდერს.

საინტერესოა, რომ გერმანიის ახალმა კანცლერმა მერცმა განაცხადა - მოლაპარაკებები „ვერ დაიწყება მანამ, სანამ იარაღი არ გაჩერდება". პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მსოფლიო კვლავ ელოდება რუსეთის „ერთმნიშვნელოვან გადაწყვეტილებას დაუყოვნებელი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ".

კიტ კელოგმა, ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, რომლის გავლენაც იანვრიდან მნიშვნელოვნად შემცირდა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებამდე ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოხდეს და არა პირიქით.

ფარსი თუ რეალური ნაბიჯი მშვიდობისკენ

პუტინის შეთავაზება პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც კვირას, ადგილობრივი დროით დილის 1 საათზე სატელევიზიო მიმართვაში გაკეთდა, იყო მცდელობა, ყურადღება გადაეტანა იმ ფაქტიდან, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ორშაბათს ცეცხლის შეწყვეტის ვადას დაარღვევს, აცხადებენ ანალიტიკოსები, რომელთაც "რეზონანსი" ესაუბრა.

ეს პროგნოზი ნაწილობრივ გამართლდა, პუტინის გამოსვლის პარალელურად, რუსეთის ლიდერის მიერ გამოცხადებული სამდღიანი საბრძოლო პაუზა დასრულდა - უკრაინამ ღამით 100-ზე მეტი დრონით თავდასხმა დააფიქსირა. ორივე მხარემ ერთმანეთი დაადანაშაულა ზავის დარღვევაში, რომელიც პუტინმა მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების დღის აღსანიშნავად გამოაცხადა.

როგორც დასავლურ გამოცემას ჯონს ჰოპკინსის საერთაშორისო კვლევების სკოლის პროფესორმა სერგეი რადჩენკომ უთხრა, შეთავაზებამ ზელენსკი „უზარმაზარი ზეწოლის" ქვეშ დააყენა, რათა დათანხმდეს თურქეთში მოლაპარაკებების გამართვას.

„რატომ? იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევს ტრამპთან ურთიერთობა, რომელიც ისევ იტყვის: "რატომ უთხარით არა ჩემს სამშვიდობო ინიციატივას აქ? რატომ არ შეგიძლიათ უბრალოდ საუბარი?"

რადჩენკომ თქვა, რომ პუტინის მიერ გვიან ღამით სამშვიდობო მოლაპარაკებების შეთავაზება რუსეთის მორიგი გათვლაა. „მან იცის, რომ ტრამპს პირდაპირი მოლაპარაკებები სურს", - თქვა რადჩენკომ.

„ახლა,ამბობს: „მოუსმინეთ, ჩვენ მოლაპარაკებებს ვთავაზობთ და უკრაინელები არიან ისინი, ვინც არ ეთანხმებიან. გარდა იმისა, რომ ყურადღება გადაიტანა ცეცხლის შეწყვეტის წინადადების იგნორირებისგან, შეთავაზებამ პუტინს საშუალება მისცა მშვიდობისმყოფელის როლში გამოჩენილიყო, რომელიც უკრაინას მოლაპარაკებების მაგიდასთან კეთილგანწყობით იწვევს".

საყურადღებოა, თავის მიმართვაში პუტინმა განაცხადა, რუსეთი არ გამორიცხავს, რომ „ამ მოლაპარაკებების დროს შესაძლებელი იქნება რაიმე სახის ახალი ზავის, ახალი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება", მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები კონფლიქტის „ძირეული მიზეზების" აღმოფხვრას ისახავს მიზნად.

თურქეთი მზადაა მასპინძლობისთვის

კვირას პუტინი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს ესაუბრა, რომელიც მოლაპარაკებებისთვის მზად იყო. კრემლმა განაცხადა, რომ ერდოღანი „სრულ მხარდაჭერას უცხადებს" პუტინის წინადადებას სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ და შეხვედრის ადგილად სტამბოლი შესთავაზა.

ანკარამ დაადასტურა, რომ თურქეთი მზად არის მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის, ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის უკრაინის მოკავშირეებთან ერთად თანხმდება, რომ მოლაპარაკებებამდე ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოხდეს.

„მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობა გაიხსნა. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა შექმნის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის აუცილებელ გარემოს", - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში არ არის ნათქვამი, უარს იტყვის თუ არა თურქეთი მოლაპარაკებების მასპინძლობაზე, თუ რუსეთი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე.

თეთრი სახლის ცნობით, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ოთხშაბათიდან პარასკევის ჩათვლით თურქეთს ეწვევა, სადაც დაესწრება ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას, რათა განიხილოს „რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება", რაც იმას ნიშნავს, რომ ის ქვეყანაში პუტინის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო მოლაპარაკებების დღეს იქნება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე