ელზა პაპოშვილი
(30.10.2023)

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ვივამედის“ პალატიდან პოლიტიკურ გზავნილებს აკეთებს და სასამართლოს სხდომაზე ჩართვისას  ქვეყანში არსებულ სიტუაციაზე საუბრობს, პოლიტიკურად კიდევ უფრო  გააქტიურებას აანონსებს და ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს. 

სააკაშვილი ელექტრონული წესით არჩევნებსაც ეხება და აცხადებს, რომ „ოცნების“ ხელისუფლება უკვე გაყალბებისთვის ემზადება. კანდიდატის სტატუსზე ამბობს, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქია, ქვეყანა ყარს, ხოლო  ევროკავშირს პრაქტიკულად  ცხვირზე ხელის მოჭერა უხდება, რათა ამ სიმყრალის  შემჩნევა არ მოხდეს და სტატუსი ასე მოგვცენ. სააკაშვილი ასევე გამოეხმაურა ხელისუფლების ბრალდებებს, თითქოს თუ სტატუსს ქვეყანას არ მიიღებს, ეს ოპოზიციის ბრალი იქნება.

ამბობს, რომ ევროკავშირს მძიმე გადაწყვეტილების მიღება უწევს, რადგან საქართველოში კორუფციაა, ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობაა, თუმცა ევროკავშირში ქვეყნისთვის სტატუსის მიცემა გადაწყვეტილი აქვთ. 

მისი თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ სტატუსის მიუხედავად, ქვეყნისთვის უმთავრესი პრობლემები მოუგვარებელი დარჩება. 

მიხეილ სააკაშვილმა ორშაბათის სასამართლო სხდომაზე ასევე  განაცხადა, რომ დღეს ქვეყანა უნდა იყოს მობილიზებული, რადგან საფრთხის ქვეშ იმყოფება, საქართველოში შემოსულია რუსული  დივერსიული ჯგუფი, რის გამოც „სამოქალაქო თავდაცვისთვის“ ცხელი ხაზის შექმნა სურს. 

ექსპრეზიდენტს სიტყვა მოსამართლემ რამდენიმეწუთიანი მოსმენის შემდეგ შეუწყვიტა, რადგან, მისი აზრით, ის სასამართლოს პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებდა.   

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ეხება საქართველოს, იყენებს საკუთარი ინტერესებისთვის, რასაც ხელისუფლებაში დაბრუნება წარმოადგენს.

„მიხეილ სააკაშვილი არსებობს ერთადერთი ოცნებით, რომ საქართველოში როგორმე დაბრუნდეს ხელისუფლებაში და ამისთვის ყველაფერს იყენებს. ამისთვის იყენებს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფები თუ ქვეშევრდომები არიან. ამის მოწმეები ვართ უკვე ძალიან დიდი ხანია და არაფერი შეცვლილა,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.  

სააკაშვილის განცხადებებს თუ გადავხედავთ, სრულიად ნათელია, რომ ეს არის ადამიანი, ვინც აშკარად გამოხატავს სურვილს, ზრახვას, რომ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია, – თქვა უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა.

 „სააკაშვილმა უნდა გასცეს პასუხი მთავარ კითხვას: რა მიზანს ემსახურებოდა ქვეყანაში იმ ფორმით შემოსვლა? მისი მიზანი იყო, არეულობა და დესტაბილიზაცია მოეწყო, უფრო მეტიც, ქართველი ხალხის სისხლისღვრა. მათი მთავარი ამოცანაა, ნებისმიერ ფასად ხელში ჩაიგდონ ხელისუფლება. ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის საშუალებას არავის მივცემთ. ქვეყანას არეულობა და დაპირისპირება არ სჭირდება, სჭირდება სტაბილურობა და მშვიდობა. თუ ფიქრობენ, რომ თავიანთი განცხადებებით თავს გადაიზღვევენ, ვერავინ დააღწევს თავს იმ მძიმე პასუხისმგებლობას, რასაც ქვეყანაში არეულობის მოწყობა ჰქვია. სააკაშვილი და მისი ბანდა დაინტერესებული არიან, რომ ქვეყანაში არეულობა და სისხლისღვრა იყოს. ეს ადამიანები ჩვენი გმირი პოლიციელების მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას და მათ ცოცხლად დაწვას ამართლებდნენ. ესენი არიან ამის წამახალისებელები“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, საქართველო სამართლიანად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ამიტომ არის მცდელობა, „პროცესი გააუბრალოონ“. რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, რომ ელექტრონული სისტემა და, ზოგადად, საარჩევნო სისტემა გაყალბებაზეა აგებული, პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ  სააკაშვილს ცესკო რომ არ მოსწონს გასაგებია, რადგან მასაც ჰყოლია თავის ცესკო და იცის, ცესკოს რაც შეუძლია. 

„ზოგადად, არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილს ცესკო მოსწონდეს, იქიდან გამომდინარე, რომ მასაც ჰყოლია თავისი ცესკო და იცის, ცესკოელებს რა შეუძლიათ პოლიტიკური მიზნებისთვის. ძალიან მეეჭვება, რომ მიხეილ სააკაშვილთან ვინმე შევიდა ისეთი, ვინც მას ზუსტად აუხსნა, რას ნიშნავს ელექტრონული სისტემა. შესაბამისად, ესეც იმ „ნარატივშია“, რომ ჩვენ ცესკო წინასწარ უნდა გვქონდეს გალანძღული, რადგან შემდეგ მაინც მოგვიწევს და ხომ ვამბობდიო, უნდა უთხრა ვიღაცას. აქედან გამომდინარე, ეს თამაში სრულიად ბუნებრივი და ლოგიკურია. ისიც ლოგიკურია, რომ „ნაცმოძრაობის“ დაშლის თავიდან ასაცილებლად „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილს საშუალება მისცა, პირდაპირი ეთერით გამოსულიყო და მიემართა, რომ ისინი არსად წავიდნენ, ერთად იყვნენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები რეალობას მოწყვეტილია, რადგან ის ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას სათანადოდ ვერ აფასებს. მიიჩნევს, რომ სააკაშვილს ისევ ოპოზიციის ლიდერობა სურს და ამიტომ მოუწოდებს გაერთიანდეს. სააკაშვილი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა და მის განცხადებებში ახალი არაფერია.   

„სააკაშვილმა „ვივამედიდან“ წინასაარჩევნო აქტიურობა დაიწყო. მას უნდა, რომ ქვეყანაში ე.წ. მესამე ძალა არ გაჩნდეს და ახალი პოლიტიკური მოთამაშეები არ გამოჩდნენ. ამიტომ იმედი აქვს, რომ თუკი ოპოზიცია გაერთიადება და ლიდერი ისევ თვითონ იქნება, ის ხელისუფლებაში დაბრუნებას შეძლებს. უნდა, რომ ხელისუფლებასთან მარტო, პირისპირ დარჩეს. მისი მიზანია ისევ ოპოზიციის გაერთიანება და ამ ერთიანი ოპოზიციის სათავეში მოქცევა. მისთვის ეს არის მნიშვნელოვანი. სასაცილო ისაა, რეომ სააკაშვილი რა გაერთიანებაზე შეიძლება ლაპარაკობდეს, როცა საკუთარ პარტიაში ვერ გაუერთიანებია და დაულაგებია სიტუაცია. საინტერესოა  როგორ აპირებს გაერთიანებული თუნდაც ოპოზიციის ლიდერობას ციხიდან, მითუმეტეს ამ ქვეყნის  მოქალაქე არ არის. ალბათ იმედი აქვს, რომ ამ განცხადებებით, თავისი ამომრჩევლის მობილიზებასაც შეძლებს“, - ამბობს ძაბირაძე. 

მისივე თქმით,  რაც შეეხება არჩევნების გაყალბებაზე საუბარს, ელექტრონული სისტემთ ხმის მიცემა ასე ადვილი გასაყალბებელი ვერ და არ იქება. ის არ იქნება მთლიან სისტემაში ჩართული და დათვლა უბნების მიხედვით დახურულად მოხდება. მეორეც თუ ხალხს უნდა, რომ „ოცნება“ ხელისუფლებიდან გაუშვას, ვერანაირი არჩევნების გაყალბება მათ ვერ შეაფერხებთ. 

„თავად  სააკაშვილმა 2012 წელს ნაკლებად გააყალბა არჩევნები? მაგრამ ივანიშვილმა მაინც  მოუგო, რადგან ხალხს მისი ხელისუფლებიდან გაშვება უნდოდა. აქაც ასე მოხდება თუ ხალხის ნება იქნა. „ოცნებას“ სააკაშვილი, კეზერაშვილი და მერაბიშვილი რომ ვერ გაუშვებენ, ეს ხომ ცხადია. ამიტომ სააკაშვილის ჩანაფიქრი მარტივია და ადვილად წასაკითხი. თუკი მესამე ძალა გამოჩნდა, პრობლემები ნაციონალებსაც ექნებათ. ისინი შიშობენ, რომ პირველ ოპოზიციური პარტიის სტატუს დაკარგავენ და ხელისუფლებაში დაბრუნების შანსები შემცირდება. ამიტომ სააკაშვილი კვლავ ცდილობს, რომ მთელი ოპოზიცია ნაციონალების ფრთების  ქვეშ შეიფაროს. რაც ხელისუფლებისთვისაც სასარგებლოა, რადგან რადიკალურ ოპოზიციად მთელი პოლიტიკური სპექტრის გასაღება ყველაზე მეტად მას აწყობს“, - ამბობს ძაბირაძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე