ელზა პაპოშვილი
(27.10.2023)

ვინ  არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სტრასბურგში ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ უნდა მიენიჭოს?!  ამ საკითხზე დაპირისპირება ოპოზიციაში კვლავ გრძელდება. მას შემდეგ, რაც რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ამაზე განაცხადება გააკეთა, ამას ირაკლი კობახიძემ „დიდი აღიარება“ უწოდა. სამნიძის მსგავსად ხატია დეკანოიძემაც დაადასტურა, რომ ევროპარლამენტარებმა ამის შესახებ უამბეს. დეკანოიძე ასეთ ასეთ პარტიად „ევროპულ საქრათველოს“ ასახელებს.  

ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ასეთ საბოტაჟში „შემჩნეულები არიან“ „ლელო“, ნაციონალური მოძრაობა და ნიკა გვარამია. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ეს პარტიები პარტნიორებს დახურულ კარს მიღმა ეუბნებიან, რომ წლის ბოლოს ქვეყანას სტატუსი არ უნდა მიანიჭონ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, კობახიძე  ასევე ხათუნა სამნიძეს იცავს და ამბობს, რომ რესპუბლიკელების ლიდერი დიდი აღიარების შემდეგ ოპოზიციონერი კოლეგების ბულინგის მსხვერპლია. კობახიძის თქმით, სამნიძემ გათქვა ის, რასაც „ქართული ოცნება“ დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა.

„სამნიძე უკვე მეორედ ხდება თავისი ოპოზიციონერი კოლეგების ბულინგის მსხვერპლი. პირველად ეს იყო, როდესაც მხარი დაუჭირა ლევან იოსელიანის კანდიდატურას და მეორედ ახლა, როდესაც მან გაიმეორა ის სიმართლე, რასაც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამტკიცებდით. რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიცია ჩართული იყო იმ აგიტაციაში, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის არმინიჭებისკენ. ეს სიმართლე თქვა ხათუნა სამნიძემ და, რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია დანარჩენი ოპოზიციონერების განაწყენება. ეს ბულინგის ამის ლოგიკური გამოხატულებაა. ჩვენ ამას ვამბობდით დიდი ხნის განმავლობაში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ სხვა სუბიექტები პირდაპირ იყვნენ ჩართულები ამ ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიაში“, - აღნიშნა კობახიძემ. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი არ გამორიცხავს, რომ რიგი პოლიტიკოსები მართლაც არწმუნებდნენ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადავადებაზე.

„თუ ვინმე ამას აკეთებდა - დადიოდა ევროკავშირში და ჩვენს მეგობრებს არწმუნებდა, რომ სტატუსი არ მოგვცეთ იმიტომ, რომ ამას „ოცნება“ გამოიყენებსო, ისინი „ოცნებაზე“ გაცილებით უარესები არიან. გამოვრიცხავ ამას თუ არა? - არა, არ გამოვრიცხავ, აბსოლუტურად შესაძლებელია. ამაზე შორს ამ ეტაპზე არ წავალთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთ ადამიანებს აინტერესებთ მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი ვიწროპარტიული და ეგოისტური ინტერესი, და არა ქვეყნის ინტერესი,“ - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.  

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ოპოზიცია მიხვდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუს აძლევენ და ამიტომ ერთმანეთის დასმენა დაიწყეს. აბაშიძის აზრით, ოპოზიციას ახლა ხელიდან ეცლება კანდიდატის სტატუსი, როგორც პოლიტიკური კოზრი, შესაბამისად,  ახალ რელსებზე გადაწყობას ცდილობენ. 

„რაზეც ახლა ოპოზიციაში საუბარი დაიწყეს, ხელისუფლება ამაზე უკვე დიდი ხანია საუბრობს. ყველა ოპოზიციის წარმომადგენელი, ვინც ბრიუსელში დადიოდა, იმას ამბობდა, რომ „ოცნების“ პირობებში ამ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს. მათი  ინტერესი იყო, რომ როგორმე ქვეყანა დაეზარალებინათ და რადიკალური პროცესები ამ თემის გარშემო აეწიათ. ახლა ხედავენ, რომ ეს კოზრი წყალში უვარდებათ, ამიტომ ერთმანეთის მხილება დაიწყეს.       „(ერთმანეთს) ასწრებენ, თითქოს თავად არაფერ შუაში არიან. არადა რეალურად ხელისუფლება ამაზე ჯერ კიდევ როდის საუბრობდა. ეს ხალხი არიან „ლელო“, ნაციონალები, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“. მათ შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. ახლა თუკი ქვეყანა სტატუს მიიღებს, ისინი 2024 წლისთვის პოლიტიკურად სრულად გაბანკროტდებიან. ეს კარგად იციან, ამიტომ სხვა ნავში გადახტომას ცდილობენ. ის დღის წესრიგი, რომ „ოცნება“ პრორუსულია და ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავთ, აღარ გამოუვათ, ამიტომ თავის გადარჩენაზე ზრუნვა დაიწყეს. ეს დაპირისპირებაც და თითის ერთმანეთისკენ  გაშვერაც ამის გამო ხდება“, - ამბობს აბაშიძე. 

მისივე თქმით, მიუხედავად იმის, რომ ოპოზიციას კოზრი ხელიდან ეცლება, არც ხელისუფლება და არც ხალხი არ უნდა მოდუნდეს, ოპოზიცია ნებისმიერი თემიდან პროვოკაციის  მოწყობას შეეცდება. ამტიომ მათ ნდობა ბოლომდე არ შეიძლება.  

„არავინ არ იცის, ეს ოპოზიცია რას მოიმოქმედებს. ესენი ყველანი არიან კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელთა დღის წესრიგი მხოლოდ რადიკალური ქმედებებია. ესენი რომ არჩევნებისთვის ემზადებოდნენ, მაშინ ექნებოდათ საარჩევნო პროგრამა, ისაუბრებდნენ იმაზე, თუ ქვეყანაში არსებული პრობლემა როგორ უნდა მოაგვარონ. ამის მაგივრად კი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რევოლუციური გზით ხელისუფლება როგორ გადააყენონ. იციან, რომ არჩევნებით ვერ მობრუნდებიან, ამიტომ ნებისმიერი თემის და სიტუაციის გამოყენებას ეცდებიან, რომ ქვეყანა  შეაჯანჯღარონ“, - ამბობს აბაშიძე.      

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე