ელზა პაპოშვილი
(06.10.2023)

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ესპანეთის ქალაქ გრანადაში იმყოფება, ამბობს, რომ ევროპელი კოლეგებისგან კანდიდატობაზე მხარდაჭერა მიიღო და  იმედი აქვს, რომ დეკემბერში სტატუსს მივიღებთ. ის პირადად ესაუბრა ევროკავშირის პირველ პირებს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ჯოზეფ ბორელს, გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და სხვა ლიდერებს. 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ინფორმაცია მან ევროკომისიის პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენთან განიხილა. 

მისი თქმით, პარტნიორებს კიდევ ერთხელ აუხსნა, რომ სტატუსის მინიჭება პოლარიზაციას მნიშვნელოვნად შეამცირებს. ამბობს,  რომ ყველა ევროპელი ლიდერისგან მიიღო დასტური იმის თაობაზე, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას:

„მქონდა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან, მივაწოდე ინფორმაცია მიღწეულ პროგრესზე. ყველა ევროპელი ლიდერისგან მივიღე დასტური იმის თაობაზე, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მათ ასევე ვუთხარი, რომ თუ სტატუსს ქვეყანა არ მიიღებს, ეს იქნება აბსოლუტურად გაუგებარი, ეს იქნება შეურაცხყოფა ჩვენი ქართველი ხალხის, იქნება დაუმსახურებელი მორიგი მცდელობა, რომ ქვეყანა დაჩაგრონ, ან უსამართლოდ მოექცნენ და იქნება აბსოლუტურად მიუღებელი. მთავრი ბოლო მესიჯი, რაც მე მათ ვუთხარი იყო ის, რომ ეს იქნება პირდაპირი გზავნილი თუნდაც იგივე რუსეთისთვის და სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ, რომ დაახლოვდნენ ევროკავშირთან,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.   

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად საჭიროა უფრო მეტი რეფორმა, ამის შესახებ განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა. მისი თქმით, რეფორმები ევროპული სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს, პრიორიტეტულს საკითხებს შორისაა: ეკონომიკური, კორუფციასთან ბრძოლისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის რეფორმები.  

„როგორც იცით, ევროპული კომისია ნოემბერში გამოაქვეყნებს ანგარიშს გაფართოებასთან დაკავშირებით. ვაპირებთ, გაფართოების საკითხი დეკემბერში, ევროპული საბჭოს დღის წესრიგშიც შევიტანოთ. ჩვენ ლიდერების დონეზე განვიხილავთ გაფართოების ყველა საკითხს, მათ შორის საქართველოს საკითხს. ქართველ ხალხს ვეტყოდი, რომ მთავარი რეფორმებია - გაატარეთ რეფორმები თქვენს ქვეყანაში, დარწმუნდით, რომ თქვენი ქვეყანა გაუთანაბრდა ევროპულ სტანდარტებს. ეკონომიკური რეფორმები, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სასამართლოს დამოუკიდებლობა - ესენია პრიორიტეტები“,  -ამბობს მიშელი.  

საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით სტატუსზე ბოლომდე გარკვეული მაინც არაფერია.   

„თუ კანდიდატის სტატუსი მოგვცეს, ჩვენ სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე პირობა დაგვემატება. ერთი იქნება ალბათ ევროკავშირთან საგარეო პლიტიკის და უსაფრთხოების თავსებადობა. თუ არ მივიღებთ, ეს უკვე ძალიან სამწუხარო იქნება და ალბათ ევროპაშიც კარგად უნდა ათვიცნობიერებდნენ, რომ ეს საქართველოსთვის სერიოზული რისკების მატარებელია, როგორც საგარეო  ასევე ქვეყნის შიგნით არსებულ სიტუაციაზე - რა პროცესები შეიძლება განვითარდეს, იგივე სტაბილურობის თვალსაზრისით. ბოლო სამი თვის განმავლობაში ბრიუსელში ვიყავი და არა ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა, როგორც ანალიტიკურ ასევე პოლიტიკურ წრეებში. არის  რამდენიმე სცენარი, რომელსაც საქართველოსთან მიმართებაში განიხილავენ. ერთ-ერთია ე.წ. ბოსნიის სცენარი, სადაც ჩაიწერა, რომ კანდიდატის სტატუსი მიეცა ხალხს და არა ხელისუფლებას. ამის რისკი არსებობს და შესაძლოა  სწორედ ასეთი რამ ჩვენთანაც მოხდეს. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებას ასეთი სცენარი არაფერში აწყობს, რადგან ეს პროევროპულ ამომრჩეველთან დააშორებს და საპარლამენტო არჩევნების წინ მის იმიჯზე  ძალიან ცუდად იმოქმედებს. ამიტომ ევროპელ კოლეგებზე „ოცნება“ ცდილობს ზეწოლა მოახდინოს, რომ ასეთი შუალედური დასკვნა არ იყოს მიღებული და ის არ იყოს კანდიდატის სტატუსის მიღების დამსახურებიდან ამოღებული. თავად ევროკავშირის სტრუქტურების გადაწყვეტილების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია  წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება დეკემბერში. ამიტომ ევროპის დედაქალაქებში საქართველოსთან დაკავშირებით სერიოზული დისკუსია მიდის. თუ რომელიმე მათგანმა  უარი თქვა, ამან შეიძლება ეს იმედები უკვე დაასამაროს“, - ამბობს კაკაჩია. 

მისი თქმით, სამწუხაროდ „ოცნებამ“ მოახერხა და ჩვენი ტრადიციული მოკავშირე ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი, რომლებიც ტრადიციულად საქართველოს მხარდამჭერები იყვნენ, სწორედ ისინი არიან სკეპტიკურად განწყობილი. თუმცა  საინტერესო ის ფაქტია, რომ ის ქვეყნები, რომლებიც პირიქით სკეპტიკურად იყვნენ ჩვენს მიმართ განწყობილი - მათ შორის გერმანია და საფრანგეთი - ახლა მხარს უფრო გვიჭერენ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე