სამშაბათს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა დაიწყო და პირველი სხდომიდან გამომდინარე, ანალიტიკოსთა შეფასებით, უკვე შეიძლება გარკვეული ვარაუდების გამოთქმა. თავად პრეზიდენტი პროცესს არ ესწრება, რაც სასამართლოს მხრიდან უარყოფითად შეფასდა. განხილვა კი ოთხშაბათს, 11 საათიდან განახლდება.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა მის მიმართ საკონსტიტუციო სარჩელის აღძვრით დაიწყო, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს. სხდომაზე მათ ინტერესებს 4 პარლამენტარი წარმოადგენს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით. ხოლო პრეზიდენტის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი არიან.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა 9-კაციანმა კოლეგიამ უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია, როდესაც ის მთავრობის ნებართვის გარეშე ევროპულ ტურნეში გაემგზავრა. ხოლო თუ მათი გადაწყვეტილებით დარღვევა ოფიციალურად დადასტურდა, საკითხის განხილვა პარლამენტში გაგრძელდება, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტს უყრიან კენჭს.
მხარეები სამშაბათის სხდომაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მოსამართლეებს საკუთარი არგუმენტების სისწორეში არწმუნებდნენ. პროცესზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, სადაც ჩუგოშვილსა და კობახიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება იყო ასევე პრეზიდენტის სასამართლოზე დასწრება-არდასწრების საკითხთან დაკავშირებითაც. პროცესზე სალომე ზურაბიშვილის არყოფნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ უარყოფითად შეაფასა და განაცხადა, რომ „პრეზიდენტს გადაადგილება არ უჭირს, რომ მოსულიყო“.
მხარეთა არგუმენტები
პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში პირდაპირ თქვა, რომ პრეზიდენტის მიერ უცხოელ პოლიტიკოსებთან თბილისში გამართული შეხვედრები საქართველოს მთავრობის მხრიდან არასდროს აღქმულა კონსტიტუციის დარღვევად. შესაბამისად, ჩუგოშვილი დაინტერესდა, რატომ აპელირებს მოსარჩელე მხარე გეოგრაფიაზე და პრეზიდენტის მიერ ევროპული ტურნეს დაგეგმვაზე.
ჩუგოშვილის განცხადებით, პრეზიდენტს ქვეყნის შიგნით სხვა სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობების პირებთან და კოლეგებთან შეხვედრებისთვის არასდროს დასჭირვებია მთავრობის თანხმობა, რაც, საბოლოოდ, ხელისუფლების წარმომადგენელმაც აღიარა.
მეტიც, ჩუგოშვილმა კონკრეტული ფაქტიც მოიყვანა. მისი თქმით, 2023 წლის 9 აგვისტოს მთავრობამ პრეზიდენტს უარი უთხრა, 27-29 სექტემბერს სოფიაში შეხვედროდა ბულგარეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. თუმცა, მოგვიანებით, პრეზიდენტის მიერ თბილისში იგივე თანამდებობის პირს შეხვდა და „მთავრობას არცერთ ეტაპზე ეს შეხვედრა არ განუხილავს, როგორც კონსტიტუციის დარღვევა. არავის არ უთქვამს და არ დაუყენებია ეს, არც მთავრობას, კითხვის ნიშნის ქვეშ“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.
მანვე განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვერავინ აუკრძალავს ესაუბროს უმაღლესი თანამდებობის პირებს იმაზე, რაც არის საქართველოს გაცხადებული მიზანი.
მისი მთავარი ოპონენტი, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი სპრეზიდენტის სტატუსსა და მის უფლება-მოვალეობებს შორის არსებულ სხვაობაზე აკეთებდა აქცენტს. მისივე თქმით, მთავრობა მდუმარე თანხმობას იძლევა ქვეყნის შიგნით შეხვედრებზე, უცხოეთში გამგზავრებაზე ზურაბიშვილმა ვერ მიიღო თანხმობა და მაინც წავიდა.
„რა განსხვავებაა სტატუსსა და უფლებამოსილებას შორის - ისინი პასუხს არ იძლევიან. პასუხს ვერ იძლევიან იმიტომ, რომ არ აწყობთ პასუხის გაცემა. როგორც კი ერთმანეთისგან გამიჯნავ სტატუსსა და უფლებამოსილებას, უკვე თავზე გენგრევა ყველა ე.წ. არგუმენტი“, - თქვა კობახიძემ.
რა დასკვნის გამოტანა შეიძლება სხდომიდან
თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი, იურისტი მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილი სხდომაზე აშკარად უხერხულად გრძნობდა თავს, რასაც რიგითი მაყურებელიც შეამჩნევდა.
„სასამართლოს თუ მივადევნებთ თვალს და დავაკვირდებით, მივხვდებით რა მდგომარეობაში ჰყავთ მოსამართლეები ჩაყენებული. სხეულის ენაც ხომ არსებობს. ჩემი დაკვირვებით, ზოგიერთი მოსამართლე ძალიან უკმაყოფილოდ ზის და რაღაც პროტესტი აქვთ. ზოგს კი საერთოდ ისეთი სახე აქვს, რომ, იქ რატომ ზის, თავადაც არ იცის. კითხვების დინამიკითაც ძალიან კარგად მივხვდება ადამიანი, რა სიტუაციაში არიან.
„სასამართლოს დაწყებისთანავე ვნახეთ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან დაკავშირებით მოსამართლე მერაბ ტურავას რა დამოკიდებულება ჰქონდა და რაზე დაკარგა საერთოდ 40 წუთი. მერე ვნახეთ, რომ მათ კითხვები არ ჰქონდათ ირაკლი კობახიძესთან და ძირითადი კითხვები მხოლოდ პრეზიდენტის წარმომადგენლების მისამართით ისმოდა. პრეზიდენტი ამ პროცესზე არის მოპასუხე, ანუ მხარე, ხოლო მხარეს უფლება აქვს, არა აქვს მნიშვნელობა ეს საკონსტიტუციო სასამართლოა თუ სამოქალაქო სასამართლო, სხდომას არ დაესწროს“, - ამბობს მწარიაშვილი.
მისივე თქმით, ის მუხლი, რომლის დარღვეასაც პრეზიდენტს ედავებიან, ბუნდოვანია და სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
„ძალიან კარგი არგუმენტები ჰქონდათ პრეზიდენტის წარმომადგენლებს. მთელი ეს ამბავი მიმდინარეობს იმის გარშემო, რომ პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციით საგარეო პოლიტიკის განხორციელების უფლებამოსილებები და ეს როგორ უნდა განახორციელოს, ამაზე ედავება „ოცნება“. ის მუხლი, რომელზეც ახალ დავა მიდის, 52-ე მუხლი მაქვს მხედველობაში, ეს მუხლი კატეგორიული არ არის - როდის უნდა დაემორჩილოს, ან არ უნდა დაემორჩილოს პრეზიდენტი პრემიერს. მაშინ ასეთი განმარტება უნდა იყოს მოცემული, რომ საგარეო პოლიტიკაში პრეზიდენტი მონაწილეობს მხოლოდ მთავრობის ნებართვით და მორჩა. თუმცა, ამ მუხლის ფორმულირება ასეთი არ არის. ამ მუხლის მიხედვით, პრეზიდენტი ახორციელებს უფლებამოსილებებს მთავრობის თანხმობით და ჩამოთვლილია პროცედურები.
„ნებისმიერი მუხლი ლოგიკურად უნდა განიმარტოს და სისტემურად გაიმართოს. ამიტომ ეს მხული არ ამბობს კატეგორიულად, რომ ის რაც საგარეო ურთიერთობებს უკავშირდება, მხოლოდ მთავრობის ნებართვით უნდა მოხდეს. ამ მუხლში კონკრეტული პირობებია ჩამოთვლილი, რასაც პრეზიდენტი ითვალისიწნებს“, - ამბობს მწარიაშვილი.
„ოცნებას“ პრეზიდენტისთვის მხოლოდ კონსტიტუციის დამრღვევის იარლიყის მიწებება უნდა“
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეს კი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მთავარია პრეზიიდენტს კონსტიტუციის დამრღვევის იარლიყი მიაწებოს, რითაც შეეხდება მის პოლიტიკურ ნეიტრალიზებას, რადგან მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილს უკვე პოლიტიკურ კონკურენტად აღიქვამს.
„პრეზიდენტ ზურაბიშვილს არ დაურღვევია კონსტიტუცია, რადგან ის იყო კერძო სახის შეხვედრებზე და არ უსაუბრია სახელმწიფოს სახელით. ანუ არ გამოუყენებია ბიუჯეტის თანხები და არც სახელმწიფოს პოზიცია არ დაუფიქსირებია ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დროს. არც რაიმეზე ხელი არ მოუწერია. ამიტომ საუაბრი იმაზე, რომ ის ყველაფერში მთავრობას უნდა ემორჩილებოდეს, თუნდაც ფიროსმანის გამოფენაზე წასასვლელად, ტყუილია და ეს კანონში არ წერია.
„რაც შეეხება ამ სანახაობის პოლიტიკურ მიზანს, აქ „ოცნება“ ცდილობს, რომ ზურაბიშვილს კონსტიტუციის დამრღვევის იარლიყი მიაწებოს. მათთვის ახლა მთავარია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა დაადგინოს. ამას ხელისუფლება მის გასაშავებლად გამოიყენებს.
„მე ვფიქრობ, ამას შეძლებს, რადგან მერაბ ტურავას და სხვა მოსამართლეების კითხვებიც უკვე ამის თქმის საფუძველს იძლევა. მათი დამოკიდებულება პრეზიდენტის მიმართ უკვე ნათელია. რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, არ მგონი ამაზე ბოლომდე წავიდნენ. თუ „ოცნებამ“ დაინახა, რომ ოპოზიციის რომელიმე წევრი ხმის მიცემას აპირებს, ხმას თავად არ მისცემენ. ამას გააკეთებენ იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება ამ შემთხვევაში უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ამიტომ ეს არის თამაში იმისთვის, რომ ზურაბიშვილის დისკრედიტაცია მოხდეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. მას „ოცნება“ უკვე კონკურენტად აღიქვამს. ზურაბიშვილი მათთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს - დასავლეთში ნდობით სარგებლობს, ხოლო ქვეყნის შიგნით, შესაძლოა ოპოზიციის ლიდერადაც კი მოგვევლინოს. ამიტომ მის პოლიტიკურ განეიტრალებას ცდილობენ“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე