გვანცა წულაია
(21.03.2017)

პრეზიდენტს კიდევ ერთი უფლებამოსილება ჩამოერთმევა. საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურებს პრეზიდენტის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს.

როგორც საკონსტიტუციოს წევრები აცხადებენ, აღნიშნული ცვლილებებით მათ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინეს.

კომისიამ არ გაიზიარა იმ წევრთა აზრი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ პრეზიდენტს ეს ფუნქცია არ უნდა ჩამორთმეოდა, არამედ უნდა დამატებოდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მოსამართლეთა ორწვეროვანი დანიშვნა სამწვეროვანი გამხდარიყო, რაც პრეზიდენტის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პარლამენტის ერთობლივ ჩართულობას გულისხმობს.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინა წარმომადგენელი მინდია უგრეხელიძე აცხადებს, რომ კომისიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ეს დემოკრატიის განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

"მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, ამ საკითხზე სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, მე მეშინია, არ იფიქრონ, რომ ეს დაკავშირებულია პრეზიდენტისადმი უარყოფით დამოკიდებულებასთან.

პირადად მე მასთან და მის ოჯახთანაც ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ აქ საკითხი საქართველოს იურიდიული ინსტიტუტის განვითარებას შეეხება და ამ თვალსაზრისით სჯობს, ეს გაკეთდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ", - განაცხადა მინდია უგრეხელიძემ.

რამდენად მისაღებია პრეზიდენტის უფლების მორიგი შეზღუდვა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

 გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი):  დაახლოებით ვიცი, რომ ამ ორ ძალას შორის ქიშპია. სასამართლოს ამბები როგორ უნდა იყოს და როგორ ჯობია, ზუსტად არ ვიცი. პრეზიდენტის უფლებები მაინც არ არის ჩვეულებრივი რიგითი ადამიანის უფლებები.

პრეზიდენტი მაინც გამორჩეული ადამიანი და სხვა დონეა. სჯობს, ისეთი უფლებები ჰქონდეს, როგორც ქვეყანას აწყობს. ასეთი დაპირისპირებები ქვეყნისთვის კარგი არ არის.

ვხედავ, არსებობს ბრძოლა, რომ იყოს ორხელისუფლებიანობა, რაც მიზანშეწონილი არაა. რა ეტაპზეც ვართ, იოლი არ არის, რთულია. ასეთი შიდა ბრძოლა უფრო მეტად ნეგატივის მომტანი და არაპოლიტიკიური იქნება, ვიდრე გადაწყვეტილებების მიღება ერთი ცენტრის ხელში იყოს და თუ საჭიროა, პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება. იქნებ დემოკრატიისთვის ჯობია, განაწილებული იყოს, მაგრამ ჩვენ ამ ეტაპზე არ ვართ.

 ირმა სოხაძე (მომღერალი):  ამ კონკრეტულ შემთხვევაში კომპეტენტური არ ვარ. დააკლდება თუ არა რამე საკონსტიტუციო სასამართლოს და გახდება თუ არა უფრო არასამართლიანი, ვერ გეტყვით.

რა შედეგებს მოიტანს და რამდენად მიუღებელია, არ ვიცი. ზოგადად, პრეზიდენტს უფლება-მოვალეობები ისედაც შეზღუდული აქვს. არ მომწონს, ამ თემის ირგვლივ ამდენი ნერვიულობა რომ გვიწევს. ეს ყველაფერი მაშფოთებს და მაღელვებს.

როგორც მოქალაქემ, კონკრეტული მუხლები ვისი უფლებები და პრეროგატივა უნდა იყოს, არ ვიცი და სულ არ მაღელვებს.

 

 იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): აბა, ვინ უნდა წარადგინოს? პრეზიდენტმა? იუსტიციის საბჭოში, რომელიც გვყავს არჩეული, თუ არ ვცდები, შედიან პრეზიდენტის კანდიდატურა, პარლამენტიდანაც, საზოგადოებრივი ორგანიზაციიდანაც წევრები, ბალანსი დაცულია, სწორედ მათი იდეოლოგიაა, წარადგინონ უზენაესი სასამრთლოს კანდიდატურები. ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, პრეზიდენტი არის ოპოზიციის პრეზიდენტი. მე მას არ მივიჩნევ საქართველოს პრეზიდენტად. ამოწურა თავისი ყველა ფუნქცია და დარჩა ოპოზიციაში, მალე სათავეში ჩაუგდება ოპოზიციას, სადაც "ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოს" და სხვა პარტიების წარმომადგენლები შევლენ. ჩემთვის პრეზიდენტის არც ერთი გადაწყვეტილება მისაღები არ არის, რადგან საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს.

 დიმა ჯაიანი  (მსახიობი):  არამგონია, ეს შეზღუდვა, კონსტიტუციური არ იყოს, რადგან კონსტიტუციის მაღლა არაფერი არ დგას. სამართალმცოდნე არ ვარ, მსახიობი კაცი ვარ, მაგრამ მაინც მგონია, რომ პრეზიდენტის აპარატს შეცდომა აქვს დაშვებლი.როდესაც მომავალი პრეზიდენტის არჩევის წესს განიხილავენ, პარლამეტმა არიჩიოს თუ საზოგადოებამ, მსოფლიო პარლამენტის ისტორიას გადახედონ. ევროპას გადახედონ.

უცნაური და ემოციური ხალხი ვართ. არ შეიძლება შეთანხმება შედგეს? აქცენტი პრეზიდენტზე მაქვს, რომელიც იძახის ხალხის არჩეული ვარო. ხომ იცით ვისი არჩეულია? ერთი კაცის.

როგორც კონსტიტუციაში წერია, ისე უნდა მოიქცეს პარლამენტი და კომისია, რომელსაც კონსტიტუციის დადგენა ავალია. პრეზიდენტმა ე.წ მოსმენების კანონპროექტს ვეტო დაადო. ვერ გავიგე რა სურს. სად არის ის მარგველაშვილი აქუბარდიასთან, რომ იჯდა? გაქრა?

არასდროს არ გეცოდინებათ ვინ არის გერმანიის პრეზიდენტი, რადგან ყურს არ ხვდება, სამაგიეროდ იცით ვინ არის მერკელი. აი ზუსტად ჩემი პასუხი. პრეზიდენტის თავის ადგილი აქვს. აქ მთავარი პრემიერ მინისტრი და პარლამენტის თავჯდომარეა. ასეთი ქვეყანა გვინდა ავაშენოთ, ამიტომ, პრეზიდენტისთვის რაღაც უფლება მოსილებებს, ვერ მოვიგონებთ.

ჩაწერა სახელი