ნინო ქეთელაური
(20.03.2017)

მეტრო "მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების დახლები აიღეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც გარემოვაჭრეებს უნებართვო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მისცეს.

გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისინი არავის გაუფრთხილებია. მათივე თქმით, ისინი უკიდურესად მძიმე სოციალურ პირობებში არიან და წასასვლელი არსად აქვთ.

ისინი თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას გეგმავენ. ასევე, არ გამორიცხავენ, რომ "ბავშვთა სამყაროს" დაწვის შედეგად დაზარალებულთა პროტესტს შეურთდნენ.

უნდა აიკრძალოს თუ არა ცენტრალურ უბნებში გარე ვაჭრობა? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 თემურ ნანეიშვილი ფიზიოლოგი): "ალბათ უნდა აიკრძალოს, მაგრამ იმ ხალხსაც უნდა მისცენ ამ მცირე ბიზნესის განხორციელების უფლება და რაიმე ალტერნატივა შესთავაზონ."

 

 

 

 

 

 ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი): "მე თუ მკითხავთ, აუცილებლად უნდა აიკრძალოს, მაგრამ ეს ხალხი შიმშილით ხომ არ უნდა დაიხოცოს?! რაღაც ალტერნატივა უნდა შესთავაზონ მათ."

 

 

 

 

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): "ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში ეს არის უკიდურესი გაჭირვების გამოხატულება. გარემოვაჭრეები იტალიაშიც არიან, საფრანგეთშიც და ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, მაგრამ სუვენირების, წიგნების და მსგავსი ნივთების გაყიდვით არიან დაკავებულები. ყოველ შემთხვევაში, ისეთ გაუსაძლის პირობებში, როგორიც ჩვენთან აქვთ გარემოვაჭრეებს, ისინი არ არიან.

"რა თქმა უნდა, გარემოვაჭრეობა ასეთი მასშტაბით არ უნდა იყოს და განსაკუთრებით ეს ეხება საკვები პროდუქტების გაყიდვას. არანაირი სანიტარიული ნორმები არ არის დაცული და ქალაქშიც ანტისანიტარიას ქმნის. მაგრამ სახელმწიფომ რაღაც ალტერნატივა უნდა შესთავაზოს ამ ხალხს. თორემ ერთი ხელის მოსმით ქალაქი გაალამაზო და ეს ადამიანები სასიკვდილოდ გაწირო, არ იქნება სწორი."

 მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): "მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ფონი ძალიან მძიმეა და მოსახლეობას ლუკმაპურის შოვნაც კი უჭირს, მე მაინც წინააღმდეგი ვარ ასეთი სტიქიური ფორმით გარე ვაჭრობის. დედაქალაქში წესრიგის დამყარებას მივესალმები."

ჩაწერა სახელი