გვანცა წულაია
(14.03.2017)

ბათუმში 11 მარტს გამართულ აქციას დემონსტრანტთა მხრიდან მანქანების დაწვა, პოლიციისთვის ქვების სროლა და მიმდებარე ტერიტორიის დარბევა მოჰყვა. სამართალდამცავებმა დემონსტრანტთა საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

საბოლოოდ, აქცია გამთენიისას სპეციალური დანიშნულების რაზმმა დაშალა და როგორც შშს-ის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, 40-მდე პირია დაკავებული.ბათუმში მომხდარ მოვლენებს საკანონმდებლო ორგანოში დაპირისპირება მოჰყვა. ოპოციზია ხელისუფლებისგან დროულ გამოძიებას ითხოვს და მომხდარში ხელისუფლების დაინტერესებას ხედავს.

მმართველი გუნდის წევრი ეკა ბესელია მომხდარში "ნაციონალური მოძრაობის" კვალს ხედავს.

"ვინც ამ ადამიანებს და "ნაციონალურ მოძრაობას" სოლიდარობას უცხადებდა, ისინი პარალელურ აქციებს აწყობდნენ თბილისში, ემზადებოდნენ სხვადასხვა აქციისთვის და ფართომასშტაბიანი გეგმა დასახეს, რომ ასეთი აქციები მათ უნდა მოეწყოთ სხვა ქალაქებში."პირდაპირ გამოხატული იყო მათი მხარდაჭერა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, ამიტომ თუ ვის ინტერესებში იყო, ამ კითხვის ადრესატი ჩანს. დანარჩენი კონკრეტული პირები ვინ არიან ჩართულნი, როგორც ორგანიზატორები, ეს უკვე გამოძიებამ უნდა გვითხრას", - განაცხადა ეკა ბესელიამ.ბათუმში მომხდარი მოვლენები სოციალური პროტესტი იყო თუ გარე ძალებისგან მართული? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

 ქეთი ბექაური (იურისტი): სოციალური პროტესტი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ყველა ქალაქში აქვს. ეს განვითარებადი ქვეყნისთვის დამახასიათებელია და საქართველო ამ მხივ გამონაკლისი არ არის.არ ვთვლი, რომ ეს სოციალური პრობლემატიკით გამოწვეული აქცია იყო. გარკვეული ძალებისაგან ინსპირირებული მასობრივი არეულობის მცდელობა უფრო იკვეთება, რაც ვერ იქნა მიღწეული. ასეთი მოვლენები მასობრივი არეულობისათვის დამახასიათებელია.

ვფიქრობ, რომ არ გამოუვიდათ, მაგრამ ქალაქს და საზოგადოებას ზიანი მიაყენეს. მათ თავად დაარღვიეს ადამიანის უფლებები. დაზარალებული პოლიციელებისადმი სოლიდარული ვარ. ნამდვილად მაღალპროფესიონალურად მოიქცნენ.

კარგია, ხელისუფლება და პოლიცია ძალადობრივი მეთოდებით რომ არ ჩაერია. სასწრაფოდ და ობიექტურად უნდა იქნეს გამოძიებული. პირები, ვისი ორგანიზებითაც მოხდა ქვების მიტანა, უნდა დადგინდნენ.

წინასწარ დასკვნების გამოტანა არ შემიძლია და ვერ ვიტყვი, რომ ვინმე უმკაცრესად დაისაჯოს. ყველაფერი ობიექტურად და კანონის ფარგლებში უნდა გამოიძიონ. გარე ძალებში ვინ იგულისხმება, გამოძიებამ უნდა დაადგნოს.შეიძლება ადგილობრივი მოსახლეობა სულაც არ იყო. წინასწარ ვინმეს დადანაშაულება გაუმართლებლად მიმაჩნია.

 მიხეილ ცაგარელი(ასტროლოგი):  პირველი ფაქტორი, რამაც აგრესიის გამოვლენას ხელი შეუწყო, რომელიც გადავიდა განუკითხაობაში, არის კოსმიური მოვლენა, რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველში შევიდა, რომელიც ყოველთვის აგრესიის გაღვივებასთანაა დაკავშირებული.

რგოლების ინტელექტის მართული პლანეტა ყველაზე აგრესიულ და ემოციურ ვერძის ზოდიაქოში შევიდა. ამან აგრესიის ესკალაცია გამოიწვია. ადამიანი ამ დროს ადვილად ფეთქდება და უკონტროლო ემოციების მატარებელი ხდება.რაც შეეხება პოლიტიკურ ქვეტექსტს, ხელს ვერავის ვერ დავადებ და 100% ვისი გაკეთებულია, ვერ გეტყვით. ჩვენ "ნაციონალური მოძრაობის" ყველანაირი ხრიკი და განვითარების ეტაპები გამოვცადეთ. ვიცით, რომ მათ სიტუაციის აღრევა ძალიან კარგად ეხერხებათ, მით უმეტეს ამ აღრეულ სიტუაციაში თევზის დაჭერის დიდოსტატები არიან.არ გამოვრიცხავ, რომ მათი მხრიდან პროვოკაციაა. ისინი იტყვიან, რომ ასე არ არის. ყოველთვის ცდილობდნენ სიტუაციის აღრევას და შეიძლება ეს მოვლენა მათ დაუკავშირდეს. რაც უნდა იყოს,

 გივი სიხარულიძე  (მსახიობი): გარედან მართული და სოციალურიც იყო. ნათქვამია, შენი ვაჟკაცობა ჩემი სიმხდალის ბრალიაო. რაც მოხდა, მაინც მთავრობის ბრალია, რადგან მთავრობამ რაც საჭირო იყო, ვერ უზრუნველყო. ხალხის სიყვარული ვერ დაიმსახურა და როცა ეს არ გაქვს, მაშინ ასეთ რამეს უნდა ელოდო. გარე ძალებში ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობას" ვგულისხმობ.როდესაც უმრავლესობა ხარ, სახელმწიფოში საქმე ისე დაწყობილი უნდა გქონდეს და ხალხი ისეთი კმაყოფილი გყავდეს, რომ ვერც ერთმა შენმა ოპონენტმა ხალხი გარეთ ვერ გამოიყვანოს.

 

 მიხეილ ღანიშაშვილი პოეტი) მგონია, რომ თავდაპირველ ეტაპზე მართლაც სოციალური პროტესტი იყო. მაგრამ შემდგომში, როგორც ჩანს, რაღაც გარე ძალები ჩაერია. ცდილობდნენ, სასურველი მიმართულება მიეცათ და, როგორც ჩანს, ასეც მოხდა, რადგან მთავრობა ისეთ პოზიციაში აღმოჩნდა, რომ გადაბრალება დაიწყო.

ხელისუფლებამ პოლიტიკური ოპენენტებისთვის გადასაბრალებლად ვანდალური აქტების ორგანიზება და განხორციელება შესანიშნავად გამოიყენა.

 

 ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): დაწვრილებით ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა აშკარად გარე ძალები იკვეთება. ვინ იგულისხმება გარე ძალებში, ყველას გაკეთებულ განცხადებაში მჟღავნდება.

ჩაწერა სახელი