თამთა ჩაჩანიძე
(20.05.2020)

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიმართ სახელმწიფო ღალატისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღძრა, რაც რადას დეპუტატმა ანდრეი დერკაჩმა მტკიცებულებები გადასცა.

დერჩაკმა სამართალდამცავ ორგანოებს ის აუდიოჩანაწერები მიაწოდა, რომლებშიც სავარაუდოდ ექს-პრეზიდენტი პოროშენკო, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საუბრობენ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ჩანაწერში ბაიდენი და პოროშენკო უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის ვიქტორ შოკინის გადაყენებაზე საუბრობენ, რომელიც დაკავშირებულია კომპანია „ბურისმას" გახმაურებულ საქმის გამოძიებასთან, რომელმა გამოძიებამაც შოკინი ჯო ბაიდენის ვაჟის ჰანტერ ბაიდენის კვალზე გაიყვანა.

დერკაჩი ამბობს, რომ ჩანაწერში შოკინის გადაყენების სანაცვლოდ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი პოროშენკოს 1 მილიარდ დოლარის ოდენობით დახმარებას სთავაზობს. რადას დეპუტატის თქმითვე, საუბრები 2015-2016 წლებშია ჩაწერილი და მან ისინი ჟურნალისტებისგან მიიღო, რომელთა ვინაობა არ დაუკონკრეტებია.

ამავდროულად დერკაჩი მიიჩნევს, რომ ჩანაწერი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ პოროშენკო სახელმწიფოს ღალატში დასდო ბრალი, აუდიოჩანაწერი კი, გავრცელებული ინფორმაციით, თავად პოროშენკოს მიერ იყო გაკეთებული, თუმცა ექსპერტიზის მიერ ჩანაწერების აუთენტურობა ჯერ არაა დადასტურებული.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა, ზელენსკის თქმით, პეტრო პოროშენკოს გასამართლება ჯერ კიდევ წინაა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„რაც შეეხება პეტრო პოროშენკოს გამამტყუნებელ განაჩენს. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი წინაა. ჩემი აზრით, ისინი ისე მართავდნენ ქვეყანას, რომ მომავალში ძალიან ბევრი განაჩენი ელოდებათ. არ მსურს ამაზე მეტი საუბარი, ვინაიდან განაჩენების გამოტანა არა ჩემი, არამედ სასამართლოს საქმეა.ეს არაა ბოლო ჩანაწერი, რომლის შესახებაც უკრაინელებისთვის გახდება ცნობილი. ამაზე რეაგირება სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მოახდინონ," - განაცხადა ზელენსკიმ.

ჩაწერა სახელი