თამთა ჩაჩანიძე
(01.04.2020)

იმის გამო, რომ შვედეთმა კორონავირუსთან ბრძოლაში კარანტინის მკაცრ ზომებზე უარი თქვა, მეცნიერები ქვეყნის მოსახლეობის ორი მესამედის დაინფიცირებას პროგნოზირებენ, რაც 6 მილიონზე მეტია. პროგნოზი სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მათემატიკური სტატისტიკის პროფესორმა ტომ ბრიტონმა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში გააკეთა.

„აპრილის ბოლოს შვედეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი დაინფიცირდება, ხოლო მაისის ბოლოს-ორი მესამედი," - განაცხადა მეცნიერმა.

ის ვარაუდობს, რომ ამ დროისთვის რეალურად ნახევარი მილიონიდან მილიონამდე შვედი უკვე ინფიცირებულია. (ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 4 500-მდე ადამიანია ამ სკანდინავიურ ქვეყანაში დაინფიცირებული და 180 გარდაცვლილი.)

მანვე შვედ მოსახლეობას მოუწოდა, რომ აპრილის თვეში მაინც სახლში დარჩნენ, რათა ეს სცენარი თავიდან იქნეს აცილებული, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პროგნოზი მთლად 100%-ით ზუსტი არაა.

შვედეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც კორონავირუსული პანდემიის ფონზე საკარანტინო რეჟიმი არ არსებობს,სასწავლო დაწესებულებები, ბარები, რესტორნები და მაღაზიები ფუნქციონირებას ისევ განაგრძობენ.

შვედეთის პრემიერ-მინისტრი სტეფან ლევენი ამ ვითარებას იმით განმარტავს, რომ შვედი ხალხი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამოირჩევა და ზომებს თავად დაარეგულირებენ.

კოვიდ-19 შვედეთში პირველად 31 იანვარს დაფიქსირდა, ინფექცია ქვეყნის სამხრეთში მცხოვრებ ქალს დაუდასტურდა, რომელიც მანამდე ჩინეთის ხუბეის პროვინციას სტუმრობდა.

აშშ-ის ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, მსოფლიოში 861.3 ათასი ინფიცირებულია. 42.3 ათასზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, 178.7 ათასმა კი ინფექცია დაამარცხა.

ჩაწერა სახელი