რეზონანსი
(30.03.2020)

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში Covid-19-ის ეპიდემიას ებრძვიან, სახელმწიფოები საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად ძალებს არ იშურებენ.  ადამიანები  სამშობლოში დაბრუნებას ცდილობენ, სადაც,  ბუნებრივია, რომ მათ წინაშე  სამშობლოს მეტი პასუხისმგებლობა და მოვალეობები არსებობს. ნებისმიერი სახელმწიფოს ხელისუფლება იაზრებს ამ ადამიანების შიშს, დაბრუნების და გადარჩენის სურვილს. ნებისმიერი, ალბათ გარდა ერთისა და ეს რუსეთია. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობილმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ამ თემას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე შემდეგნაირი პოზიციონირება გაუკეთა-დიპლომატმა დაწერა, რომ ახლახან მას „ძალიან მდიდარმა ადამიანებმა“ დაურეკეს და უთხრეს, რომ ვაჟის ჩამოსაყვანად ლონდონიდან კერძო თვთმფრინავის გაშვება სურდათ, რადგან ინგლისში სამედიცინო დაზღვევები გაანულეს და იქ არ არსებობს არანაირი ვალდებულებები. ზახაროვა წერს, რომ მას მერე, რაც საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს ხისტად მიუთითეს კარისკენ, ამ ადამიანებს გაახსენდათ, რომ პასპორტით რუსეთის მოქალაქეები არიან. „მაშინ კეთილი ინებეთ და დაიწყეთ საფუძვლებიდან-სამშობლოს და მისი ხალხის მიმართ პატივისცემიდან“-დასძინა ბრძენმა დიპლომატმა. ფაქტიურად, მან ეპიდემიის პიკში მყოფი ქვეყანაც გააკრიტიკა, ის „ახალი რუსებიც“, რომლებიც წლებია, ევროპულ ქვეყნებში ისევ და ისევ კრემლის ხელდასმით მკვიდრდებოდნენ და თან საშოვარზე გაქცეულ უბრალო რუს ემიგრანტებსაც იმედი გადაუწურა. 

დღეის მდგომარეობით, Covid-19-თან დაკავშირებულ ოფიციალურ რუსულ ვებგვერდზე, ოპერატიული მონაცმემებით-1534 დაინფიცირებულია, 24 საათში 270 ადამიანი დაავადდა, ხოლო გარდაცლილი-9 ადამიანია.  არადა სულ რაღაც ერთი კვირის წინ, რუსეთის ხელისუფლების მთავარი საზრუნავი  ვლადიმერ პუტინის საპრეზიდენტო ვადების განულება იყო. ამისთვის კი   საყოველთაო რეფერენდუმის გამართვის მეშვეობით საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლა იყო საჭირო. მთელი სახელმწიფო მანქანა 22 აპრილისთვის ემზადებოდა. შესაბამისად, ოფიციალური მედია რუპორები, ისეთი როგორც „რია ნოვოსტი“ კორონავირუსთან დაკავშირებულ სიახლეებში, კარგა ხანს იყენებდა მანიპულაციურ ხერხებს, მსოფლიოში მიმდინარე ინფორმაციას მაქსიმალურად აშუქებდა, ხოლო რუსეთში ინფიცირებულთა რაოდენობაზე ძირითადად მიახლოებულ ციფრებს წერდა. მაგალითად როგორც კი ოფიციალურ ინფიცირებულთა რიცხვი  50-ს გადასცდა, წერდნენ ასე-„დღეის მდგომარეობით კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა დაახლოებით 50-ია“. კიდევ მრავალი ასეთი ტრიუკიც ჰქონდათ, ათას დეზინფორმაციასაც ავრცელებდნენ, თუმცა, ვინაიდან ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ და არა ჩერნობილის აფეთქების წლებში, რუსეთშიც არიან შეუპოვარი ექიმები, სპეციალისტები, არსებობს უშიშარი სამოქალაქო საზოგადოება და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანებიც ჩანან. შესაბამისად, სიმართლე ისე ვერ დაიმალა, როგორც ეს ჩერნობილის კატასტროფის დროს მოხდა და როგორც ეს „განულებით“ დაკავებულ პრეზიდენტს სურდა. არადა, სწორედ ამ მიზნით, მართვადი სტატისტიკა დანერგეს და მაქსიმალურად შეეცადნენ დროის გაწელვას-კორონავირუსისგან ავადობა და მით უმეტეს გარდაცვალება არ ფიქსირდებოდა, იყო სიკვდილიანობა თანმდევი დაავადებებისგან, მაგალითად პნევმონიიისგან და თრომბოემბოლიისგან.  კორონავირუსი არ იყო, მაგრამ მოსკოვში ყბა-სახის ჰოსპიტალი, სამშობიარო სახლები და 10 კლინიკა უკვე გადააკეთეს „პნევმონიასთან“ ბრძოლის ცენტრებად. ამისთვის კი „ძველი“ პაციენტების უსწრაფესად გაწერა მოხდა.

ახლა კი,  როცა რუსეთში სიტუაცია  უკვე ხელიდან გაიქცა, მოსკოვში, სადაც ყველაზე მეტი დაინფიცირებულია, სამუშაო არდადაგები გამოაცხადეს. არა კარანტინი, არა საგანგებო მდგომარეობა-არამედ დასვენების დღეები.

შორეულ „გლუბინკებში“ და ცენტრალური რუსეთის ტერიტორიაზე, სრული ქაოსი და პანიკაა, რადგან უკვე თავად ექიმები, პერსონალი, სასწრაფო დახმარების ბრიგადები არა თუ ვერ აუდიან გამოძახებებს, არამედ მასობრივად და ღიად საუბრობენ უზარმაზარ პრობლემებზე. ადამიანებს არ სურთ მუშაობა ელემენტარული თავდაცვის გარეშე, ამიტომაც აკეთებენ ვიდეო მიმართვებს ყველა იმ სოციალურ ქსელში,  სადაც ხელი მიუწვდებათ. მაგალითად ეკატერინბურგის ექიმების ალიანსის განცხადებით, 14-ე საქალაქო საავადმყოფოს მედიკოსების ინფორმაციით, ქალაქში პნევმონიისგან ლეტალურობა გაზრდილია-ეს ეხება 70 ადამიანს, თუმცა გარდაცვალების მიზეზში არაფერია ნათქვამი კორონავირუსზე. ამას გარდა, რუსეთის ტერიტორიაზე გაფანტულ ათიათასობით დიდ თუ პატარა საავადმყოფოში არ გააჩნიათ თავდაცვის ელემენტარული საშუალებები.

ერთ-ერთი ექიმი წერს: „სოლნეჩნოგორსკის ტუბდისპანსერში მოიყვანეს პაციენტი Covid-19-ით, სხვა ცენტრებმა არ მიიღეს-მას შიდსი და ტუპერკულოზი აქვს. მედიკოსები, რომლებსაც მასთან კონტაქტი ჰქონდათ, უბრალოდ სახლში წავიდნენ. მთავარმა ექიმმა მათ თვითიზოლაცია დაავალა. ასევე, მოსკოვის 2-ე ინფექციურ საავადმყოფოში ნიღბებს მეორედ ასტერილებენ, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში. თავდაცვის საშუალებები არ არსებობს. სამაგიეროდ, 14,8 მილიარდი დახარჯეს კონსტიტუცის ცვლილებების შესატან ხმისცემის ჩატარებაზე. სიგიჟეა“

ასეთი მანიფესტები და  მიმართვები რუსეთის ყველა რეგიონიდან ისმის. მათ შორის, კრასნოდარის ექიმების ალიანსიც მედიკოსებისთვის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყოფას ითხოვს. ეს ის ოლქია, რომლის დიდი იმედიც ჰქონდათ დე ფაქტო აფხაზეთშიც.

 კიდევ ერთი რაიონული საავადმყოფოს შესახებ ინფორმაციაც კი უკვე გასაგებს ხდის მთელს სურათს:-„კალაჩევსკის ცენტრალურ საავადმყოფოში, ვოლგოგრადის მახლობლად  ფილტვების ვენტილაციის სულ 2 აპარატია. აქედან ერთი დაზიანებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ კი დაავადდება 10 ადამიანი, აქედან მხოლოდ 2  გადარჩება. არ არსებობს დეზინფექციის საშუალებები, არ არის რეაქტივები ლაბოროტორიებში. ასევე, ერთ-ერთი მოსკოვის კლინიკის რეანიმაციის განყოფილებაში მომუშავე მედდა აცხადებს, რომ უბრძანეს, 8 საათის განმავლობაში იმუშავონ პამპერსებში, არანაირი დოკუმენტების შევსება, არანაირი თავდაცვის საშუალებები. კითხვაზე ანაზღაურებასთან დაკავშირებით, პასუხი-ჯერ იქამდე იცოცხლეთ.“  

და იმ დროს, როცა საავადმყოფოებს არა აქვთ სამედიცინო რესურსები, მედიკოსების დეფიციტია, ნიღბებს მარლისგან თავადვე კერავენ  და მერე რეცხავენ, კრემლი იტალიაში სამხედრო ექიმების და ვირუსოლოგების გუნდს აგზავნის. იტალია ან რომელიმე სხვა ქვეყანა ხომ კეთილი რუსეთის გარეშე ვერ გადარჩება! ასევე, მამაცი პრეზიდენტი თავად მიდის ერთ-ერთ ინფექციურ საავადმყოფოში, უსაფრთხო ამერიკულ სპეცკოსტუმში იმოსება და ვითარებას ადგილზე ეცნობა. მერე რა, რომ იმ პაციენტს, რომელსაც ის ესაუბრა მეორე დღეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. პრეზიდენტი-ჩეკისტი ხომ მაინც არ შეუშინდა რისკს! განა ასე ვინმე სხვას შეუძლია?

 ეპოქაში, როცა ყველას აქვს რესურსი ფოტო, ვიდეო გადაიღოს, მილიონობით ადამიანებს ხმა მიაწვდინოს, რამდენიც არ უნდა დამალოს ახლა კრემლმა ეს სიტუაცია, აზრი არა აქვს. არც მასშტაბურ ტყუილებს აქვს აზრი.  გამოთქმა „Пипл хавает“ აღარ მუშაობს. თანაც ხომ უკვე ყველამ დაიზუთხა ჩერნობილის გაკვეთილი, შარშანდელი სევეროდვისნკის გაკვეთილი, როცა ასევე  საფრთხის შემცველი ინფორმაცია ჰაერში გაფრქვეული რადიაციის თაობაზე დამალეს;  უკვე ხომ ყველამ გაიგო, რომ რუსეთში 1 მილიონი ადამიანი არის შიდსით დაინფიცირებული, დღეში ამის გამო საშუალოდ 100 ადამიანი იღუპება, ალკოჰოლიზმი წარმოუდგენელ სიმაღლეზეა ასული და სახელმწიფომ ეს ადამიანები განსაცდელში მიატოვა. ასევე, ხომ ყველამ კარგად დაისწავლა გაიგო კრემლის სტრატეგია-თუ რამე ხდება, ეს თავად ხალხის ან გარე მტრების ბრალია. ამან ძალიან კარგად იმუშავა სტალინის ეპოქაში, თუმცა დღეს, გლობალური ინტერნეტის ეპოქაში-„Пипл уже не хавает“...

გვანცა  ჯინორია

ჩაწერა სახელი