თამთა ჩაჩანიძე
(01.11.2019)

 კატალონიაში პროტესტი არ ცხრება, ორ კვირაზე მეტია ბარსელონას ქუჩები აქციებმა მოიცვა, ასობით კატალონიელი ავტონომიის სხვადასხვა ქალაქების სასამართლოებში გაემგზავრა, რათა „დანაშაული აღიარონ" სეპარატისტთა ლიდერებისთვის სოლიდარობის ნიშნად, რომლებიც რეფერენდუმის ჩატარების გამო სასჯელს იხდიან.

კატალონიის დიდ ქალაქებში, ჟირონაში, ტარაგონაში, ლეიდესა და, ცხადია, ბარსელონაში სასამართლოების წინ სეპარატისთა ლიდერთა მხარდამჭერების გრძელი რიგები იდგა, აქტივისტებს სურდათ დანაშაული იმავე მუხლით ეღიარებინათ, რა მუხლითაც სეპარატისთა ლიდერები გაასამართლეს.

აქციას სოლიდარობა კატალონიის პარლამენტის პრეზიდენტმა კიმ ტორამ გამოუცხადა, რომელიც რეგიონში დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის.

ტორამ განცხადება პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძალადეებად წარმოჩენა არასწორია.

შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილი მთავრობის წევრებს 2017 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში და რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადებაში როლისათვის 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.

ესპანეთის უზენაესი სასამართლოს მიერ კატალონიის ყოფილი ლიდერებისათვის პატიმრობის შეფარდებას საპროტესტო აქციები მოჰყვა.

შემდეგ ესპანეთმა პუჩდემონის სახელზე, რომელიც ბელგიაში იმალებოდა, საერთაშორისო და ევროპული დაკავების ორდერი გამოსცა.

2017 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმი ესპანეთმა არაკონსტიტუციურად, მისი შედეგები კი არალეგიტიმურად სცნო. რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა.

ცენტრალურმა მთავრობამ რეფერენდუმის ჩატარების ხელის შეშლა სცადა, მათ შორის ძალის გამოყენებითაც, შედეგადაც 893 ადამიანი დაშავდა, მადრიდმა რეფერენდუმის შედეგები არ სცნო.

ჩაწერა სახელი