თამთა ჩაჩანიძე
(04.10.2019)

 იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის აღმოსავლეთში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საკითხზე მოლაპარაკებები უედეგოდ დასრულდება, უკრაინის ხელისუფლება თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სრული ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავს.

სრული ბლოკადა კი იმაში მდგომარეობს, რომ კიევმა შესაძლოა დონეცკსა და ლუგანსკსთან ისე გაწყვიტოს კავშირი, რომ არათუ კომუნალური და პენსია-სოციალური შეღავათების გადარიცხვა შეწყვიტოს, არამედ გამყოფი კედელიც აღმართოს.

კიევი მზად არის ეტაპობრივად განახორციელოს მინსკის შეთანხმებები და დონბასის სეპარატისტული ტერიტორიების უკრაინაში რეინტეგრაცია მოახდინოს. მაგრამ იმ შემთხვევაშ თუ „ნორმანდიის ოთხეულის" ლიდერების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის აღმოსავლეთით სიტუაცია ძირეულად თუ არ შეიცვლება, კიევი მზადაა წავიდეს კონფლიქტის გრძელვადიან გაყინვაზე.

კერძოდ, ამ პერიოდის განმავლობაში კიევმა შეიძლება შეწყვიტოს დონბასის მაცხოვრებლების სოციალური შეღავათებისა და პენსიების გადახდა, გარდა ამისა, შეუწყვიტოს გათბობის, წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდებაც, ასევე დონბასისა და ლუგანსკის სადემარკაციო ხაზზე კონტროლი გამკაცრდეს, და მოხდეს ბარიერების მშენებლობა გამყოფი კედლის სახით.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოახლოებულ „ნორმანდიულ ოთხეულის" მოლაპარაკებების წინ განაცხადა, რომ პირადად სურს მოისმინოს ვლადიმირ პუტინისგან თუ რას ელოდება კიევისგან. უკრაინის პრეზიდენტი ასევე იმედოვნებს, რომ საფრანგეთის და გერმანიის ხელმძღვანელები კიევს მხარს დაუჭერენ, და აინტერესებს, რამდენად მტკიცეა მათი მხარდაჭერა.

1 ოქტომბერს უკრაინამ და დონბასის ორმა თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ ხელი მოაწერეს კონფლიქტის დარეგულირების ე.წ. „შტაინმაიერის ფორმულას". დოკუმენტი ითვალისწინებს უკრაინის შემადგენლობაში დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების განსაკუთრებული სტატუსის განსაზღვრას ამ ტერიტორიებზე ეუთოს სტანდარტების შესაბამისი დემოკრატიული და სამართლიანი, ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შემდეგ.

„შტაინმაიერის ფორმულაზე" კიევის თანხმობის შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით, 1 ოქტომბრის საღამოს გაიმართა საპროტესტო აქცია უკრაინის პრეზიდენტის სასახლის წინ. დემონსტრანტები სკანდირებდნენ „არა ოკუპაციას!"

„ნორმანდიული ოთხეული"- ეს არის საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინისა და რუსეთის დიპლომატიური ჯგუფი, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მდგომარეობის მოსაგვარებლად. 2015 წლის თებერვალში მინსკში ოთხი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტის შემოღებას და რეგიონის განსაკუთრებული სტატუსის საკანონმდებლო კონსოლიდაციას.

ჩაწერა სახელი