თამთა ჩაჩანიძე
(03.10.2019)

 ლიბიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" 35 მდე მებრძოლი ავიადარტყმას ემსხვერპლა, რომლებიც მთავრობის წინააღმდეგ ხალიფა ხაფტარის მხარეს იბრძოდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა „მედუზამ" გაავრცელა. მათი ცნობით, სპეციალური ავიარეისებით დაღუპულთა სამშობლოში გადმოსვენება ოთხშაბათს დაიწყო.

„სვერდლოვსკის ოლქიდან 15 ჯარისკაცი ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით კი 35 ჯარისკაცი", - განუცხადა „მედუზას" ეკატერინბურგის მცხოვრებმა, რომელიც რამოდენიმე მსხვერპლის ახლობელია.

ასევე „დონბასის მოხალისეთა კავშირის" ურალის ფილიალის ხელმძღვანელმა „მედუზას" ორი დაღუპულის ვინაობაც დაუსახელა - არტიომ მევიანცევი (მეტსახელად „ჰალკი") და იგნატ ბორიჩევი („ბენია") და დაამატა, რომ დაღუპულთა რაოდენობა მეტად დიდია.

პირველი ცნობები რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" შესახებ 2014 წელს ყირიმის ანექსიი დროს გაჩნდა. კომპანიაში გაერთიანებული არიან საბრძოლო გამოცდილების მქონე ვეტერანები - ძირითადად რუსეთის არმიის სპეცდანიშნულების ნაწილების გადამდგარი ოფიცრები. ექსპერტთა შეფასებით, ამ შენაერთებს ოფიციალური მოსკოვი თავისი ინტერესების გასატარებლად იყენებს ისეთ კონფლიქტებში და მსოფლიოს ისეთ რეგიონებში, სადაც რუსული არმიის ღიად ჩართვა კრემლს მძიმე პოლიტიკურ შედეგებს მოუტანდა.

ლიბიისა და უკრაინის გარდა, „ვაგნერის" ჯარისკაცები მოქმედებენ სირიაშიც. ასევე არსებობს ცნობები მათი ვენესუელაში ყოფნის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში რუსეთში შეიქმნა კიდევ ერთი კერძო სამხედრო კომპანია „თურანი", რომელიც მუსლიმი პროფესიონალი მეომრებით, ძირითადად ჩრდილოკავკასიელებითა და შუააზიელებით არის დაკომპლექტებული და მათ აქტიურად იყენებენ სირიაში.

რაც შეეხება ლიბიას, რუსული საინფრომაციო გამოცემები საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ლიბიაში გენერალ ხაფტარის დასახმარებლად „ვაგნერელების" ერთი ასეულია გადასროლილი. შესაბამისად, ერთი იერიშის შედეგად 100-დან 35 მებრძოლის დაღუპვა საკმაოდ მძიმე დანაკარგია.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ „ვაგნერის" გარდაცვლილი ჯარისკაცები რუსეთისთვის დანაკლისს არ წარმოადგენს, რადგან ისინი არაკანონიერ დაჯგუფებად ითვლება და რუსეთის სამხედრო დანაკარგების ოფიციალურ სტატისტიკაში არ შედიან.

„დაქირავებული მებრძოლების „ვაგნერის" ჯგუფი ფაქტიურად რუსეთის არაკანონიერი დაჯგუფებაა და დაქირავებული მებრძოლებზე რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად პასუხისმებლობას არ იღებს. ამიტომ მათთვის ეს ჯარისკაცები დანაკარგებში ნამდვილად არ შედიან, ეს რუსეთისთვის არაფერს არ წარმოადგენს და სამხედრო დანაკარგების ოფიციალურ სტატისტიკაში ისინი არ შედიან.

„ესენი არიან ისეთივე დაქირავებული მებრძოლები, როგრიც სხვები, რომლებიც ოპერაციებს ახორციელებენ სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეების კომპანიებისა და კორპორაციების მეშვეობით. ასეთი დაქირავებული ჯგუფები არსებობს ბრიტანეთშიც და ამერიკაშიც, რომლებსაც ქირაობენ და ცხელ წერტილებში სხვადასხვა დავალებებს ასრულებენ, ანუ რუსებიც ამ შემთხვევაში გამონაკლისი არ არიან.

„მისი ხელმძღვანელი არის ევგენი პრიგოჟინი - ოლიგარქი, რომელიც პუტინთან დაახლოებული პიროვნებაა, რომელმაც შექმნა კერძო დაქირავებული მებრძოლების კომპანია. იგი ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს ქირაობს და უშვებს კონტრაქტის მეშვეობით სხვადასხვა წერტილებში.

„რა თქმა უნდა, პრიგოჟინი ასრულებს რუსეთის ოფიციოზის დავალებებს. ეს შესაძლოა უფრო იყოს არაფორმალური დავალებები და ის, რომ ხალიფა ხაფტარის მხარეზე რუსული დაქირავებულები გამოჩდნენ, ნიშნავს, რომ პუტინი და მისი ამალა მხარს უჭერს ხაფტარს ლიბიაში ხელისუფლებაში მოსვლისთვის.

„ეს გამოიხატება იმაში, რომ ოფიციალური კრემლი ხაფტარს შეიარაღებას აწვდის ოფიციალურად, რომელიც რუსული იარაღის იმპორტიორ სუბიექტს წარმოადგენს", -აცხადებს მაისაია.

მისივე თქმით, პუტინის მხრიდან ხაფტარის მხარდაჭერის მიზეზი ისაა, რომ ლიბიაში რუსეთის ენერგოგეოპოლიტიკური ინტერესები იკვეთება.

„ლიბია რუსეთისთვის იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მუამარ კადაფის მმართველობის პერიოდში გაფორმდა ნავთობისა და გაზის რამოდნიმე მნიშვნელოვანი კონტრაქტები. იქ მუშაობდა „როსნეფტი", „ლუკოილი", „გაზპრომი". ბუნებრივია, რომ ამ კონტრაქტების შესანარჩუნებლად რუსეთს ჭირდება შესაბამისი პოლიტიკური ხელისუფლება, რომელიც ამ კონტრაქტების რუსეთის სასარგებლოდ გააგრძელებს. აქ არის ენერგოგეოპოლიტიკური ინტერესები

„მეორე ვარიანტი ისაა, რომ ლიბიის ტერიტორიაზე იყო გარდამავალი რუსული საბჭოთა ბაზა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი მომენტია. ასევე ლიბია წარმოადგენს მაღრიბის მნიშვნელოვან ღერძ სახელმწიფოს და ამიტომ შესაბამისად, ლიბიაზე რუსეთის კონტროლი თუ დაწესდა, ფაქტიურად ხმელთაშუაზღვისპირეთში რუსული გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება.

„ხალიფა ხაფტარს დღეს გააჩნია საკმაო ძალაუფლება. ის აკონტროლებს ლიბიის ერთ-ერთ ქალაქს და ქვეყნის ტერიტორიის 40%-ს, ახლა ბრძოლა მიდის ტრიპოლისათვის. ახალი ცივი ომის ცხელი წერტილი ლიბიაა, სადაც რუსული და ამერიკული ინტერესები ერთმანეთს დაუპირისპირდა.

„ლიბიაში ამ ეტაპზე კლასიკური სამოქალაქო ომია. ხაფტარის დაჯგუფებამ ტრიპოლის რამდენიმე რაიონი აიღო, მაგრამ წინ მაინც ვერ იწევს. იქ მიდის პოზიციური ბრძოლები. ეს პროცესი გაჭიანურდა, ამ ეტაპზე ხაფტარს არ გააჩნია რაიმე ხელშემხები უპირატესობა", -აცხადებს მაისაია.

ჩაწერა სახელი
tatoo (03.10.2019)
ასი იმდენი ყავთ. თუ დაიღუპნენენ ტავიანთი უთავობით