ია აბულაშვილი
(13.06.2018)

 ისტორიული შეხვედრა - ასე შეფასდა სინგაპურში, კუნძულ სენტოსზე, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთი კორეის ლიდერ კიმ ჩენ-ინის შეხვედრა, პირველი შემთხვევა, როცა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჩრდილოეთი კორეის ლიდერს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრა 50 წუთს გაგრძელდა და მას მხოლოდ თარჯიმნები ესწრებოდნენ.

ორი ქვეყნის ლიდერის პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართა მოლაპარაკება, რომელსაც ესწრებოდნენ ამერიკის მხრიდან სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჯონ კელი და ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი; ჩრდილოეთი კორეის მხრიდან: საგარეო საქმეთა მინისტრი, სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი და სხვა ოფიციალური პირები, მათ შორის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი რი იონ ჰო, რომელიც აშშ-სთან გასული საუკუნის 90-იან წლებში მართავდა მოლაპარაკებას.

როგორც უცხოური პრესა წერს, მოლაპარაკებისას ხელმოწერილი დოკუმენტის დეტალები უცნობია, თუმცა მთავარი პუნქტები ცნობილი გახდა: აშშ და ჩრდილოეთი კორეა მხარს უჭერენ ახალი ურთიერთობის დაფუძნებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა და კეთილდღეობა და ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ხანგრძლივი და სტაბილური სიმშვიდე იყოს.

კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა კი კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღების მხარდაჭერას გამოხატავს 2018 წლის 27 აპრილის პანმოჯომის დეკლარაციაზე დაყრდნობით.

ასევე, ორივე ქვეყანა "ახალი ურთიერთობის" ფარგლებში განაგრძობს თანამშრომლობას და აშშ ჩრდილოეთი კორეის "უსაფრთხოების გარანტიას" უზრუნველყოფს. ამ შეთანხმებას ტრამპმა "პატიოსანი, პირდაპირი და პროდუქტიული" უწოდა.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთი კორეის ლიდერ კიმ ჩენ-ინის შეხვედრასთან დაკავშირებით პირველი შეფესებები უკვე გამოჩნდა. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები მიიჩნევენ, რომ შეხვედრის მთავარი მიზანი ჩრდილოეთი კორეის ბირთვული განიარაღების მიღწევაა, რაც, სავარაუდოდ, ადვილი არ იქნება, თუმცა იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკების პირველი რაუნდი პროგრესით დასრულდა.

ამ მოსაზრებას არ იზიარებს ოფიციალური მოსკოვი. როგორც სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიდკოვი აცხადებს, დღევანდელი საწყისი პოზიცია საკმაოდ არასასურველია შეხვედრებისთვის.

"ჩვენ მივესალმებით, მაგრამ მოლაპარაკების მხოლოდ ერთი რაუნდი, ერთი სამიტი არ მიგვიყვანს სერიოზულ შედეგებამდე. ამერიკის ათასობით კონტინგენტი იმყოფება სამხრეთ კორეაში, რაც არ ემსახურება მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში, ისევე როგორც სხვა პროვოკაციული ქმედებები ჩატარებული წვრთნების დროს, რაც იწვევს საპასუხო რეაგირებას ჩრდილოეთი კორეის მხრიდან" - ამბობს იური შვიდკოვი.

რას უნდა ელოდოს ცივილიზებლი სამყარო ამ შეხვედრის შემდეგ, ამის შესახებ "რეზონანსი" ქართველ პოლიტოლოგებს ესაუბრა.

კახა გოგოლაშვილის თქმით, ამ შეხვედრით საფუძველი ჩაეყარა დიალოგს და ხელი მოეწერა პირველად განზრახვას ორ ქვეყანას შორის.

"ჯერ გახსნილი არ არის დოკუმენტის ტექსტი, რომელსაც ხელი მოეწერა ამ შეხვედრაზე და ძნელია შეფასება. ჩემი აზრით, ხელი მოეწერა პირველად განზრახვას, ორ ქვეყანას შორის გაგრძელდეს კონსულტაციები მომავალი თანამშრომლობისთვის.

"ამ შეხვედრამ საფუძველი ჩაუყარა დიალოგს და, სავარაუდოდ, დაიწყება მუშაობა ბირთვული განიარაღების მიზნით, იმედია, რომ კარგი პროცესები დაიწყება, რათა უზრუნველყოს მშვიდობა რეგიონში. ამაზე მიანიშნებს ამ ორი ქვეყნის ლიდერების განცხადებები შეხვედრის შემდეგ.

"შეხვედრაზე ალბათ საუბარი შეეხო სანქციებსაც. მართალია, ტრამპი ჯერჯერობით არ აპირებს სანქციების გაუქმებას, მაგრამ ალბათ შემცირდება. იცით, რომ ჩრდილოეთ კორეას დიდი სანქციები აქვს დაკისრებული, დაახლოებით 300 პუნქტი. მართალია, ეს გაეროს მიერ დაკისრებული სანქციებია, მაგრამ ალბათ საუბარი იქნებოდა, რომ გაერომ მოხსნას ეს სანქციები" - განაცხადა "რეზონანსთან" კახა გოგოლაშვილმა.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში პროგრესი რეალურია და მხოლოდ კეთილ ნებასა და ნაკისრ ვალდებულებათა პატიოსნად შესრულებაზეა დამოკიდებული, განთავისუფლდება თუ არა რეგიონი და მთელი ცივილიზებული მსოფლიო ფხენიანის "დამოკლეს მახვილისგან".

"დღეს ჩვენ მხოლოდ ფაქტის მნიშვნელობაზე შეიძლება ვისაუბროთ. რაც შეეხება გაფორმებულ დოკუმენტს, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტის გამოვლინებას რამდენიმე თვე დასჭირდება. ყველაფერი დამოკიდებულია ნდობის ფაქტორზე - ერთია ხელშეკრულების გაფორმება და სულ სხვა სფეროა მისი პატიოსნად შესრულება;

"და კიდევ ერთი აქილევსის ქუსლი - გარდა განიარაღებაზე ან ბირთვული შეიარაღების შეზღუდვაზე ხელშეკრულებისა, ესაა შესრულების კონტროლის პრობლემა.

"კიმ ჩენ-ინმა თითქოს უკვე გაანადგურა ერთი პოლიგონი, მაგრამ პრესაში გამოჩნდა პესიმისტური სტატიები, რომელთა ავტორებს, რბილად რომ ვთქვათ, ეჭვი ეპარებათ, მართლა განადგურდა თუ არა ეს პოლიგონი, თუ ჩრდილოეთკორეელებმა რაღაც იეშმაკეს.

"ბუნებრივია, კიმ ჩენ-ინს სრული საფუძველი აქვს, იამაყოს - მან მიაღწია იმას, რაც მანამდე ფხენიანის ვერც ერთმა ლიდერმა ვერ შეძლო, კერძოდ, მან აიძულა თუ დაარწმუნა აშშ-ის პრეზიდენტი, პირდაპირი მოლარაკება დაეწყო მასთან.

"ისიც ბუნებრივია, რომ ფხენიანი გარკვეულ დივიდენდებს ელოდება. რამდენად რეალურია ჩრდილოეთი კორეის ლიდერის მოლოდინი ამ მხრივ, ესეც დრომ უნდა გვიჩვენოს. ასე რომ, კითხვები უამრავია; თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში პროგრესი რეალურია.

"მხოლოდ მხარეთა კეთილ ნებასა და ნაკისრ ვალდებულებათა პატიოსან შესრულებაზეა დამოკიდებული, განთავისუფლდება თუ არა რეგიონი და შეიძლება მთელი ცივილიზებული მსოფლიო ფხენიანის "დამოკლეს მახვილისგან", - განაცხადა "რეზონანსთან" სოსო ცინცაძემ.

ჩაწერა სახელი