თეონა ვეშაგური
(24.01.2022)

აშშ-მა უკრაინაში თავისი საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებისთვის ქვეყნის დატოვების განკარგულება გასცა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო გაერთიანებულმა სამეფომ და საელჩოდან თანამშრომლების ნაწილის გაყვანა დაიწყო. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო კი მიიჩნევს, რომ ასეთი ნაბიჯი ნაადრევი და გადაჭარბებული სიფრთხილის მაგალითია.

ანალიტიკოსთა აზრით, ვითარება ყოველდღიურად მძიმდება, რუსეთი კი სულ უფრო ამკაცრებს მოქმედებებს, თუმცა, ჯერ კიდევ შესაძლებელია არსებობდეს გამოსავალი ომის თავიდან ასაცილებლად.

ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ამბობს, რომ უკრაინაში დღითი-დღე სულ უფრო იძაბება ვითარება. რუსეთი ცდილობს საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა ტერიტორიები, არამედ მთელი ევროპა, სწორედ ამიტომ იყენებს ულტიმატუმის ენას.

„უკრაინაში ყოველდღიურად იძაბება სიტუაცია, სწორედ აქედან არის გამოწვეული აშშ-ის გადაწყვეტილება საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციასთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, არსებობს გარკვეული სადაზვერვო მონაცემები, ისე არ მიიღებდნენ ასეთ გადაწყვეტილებას, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა განხორციელდეს კონფლიქტი და ესკალაცია.

„რაც შეეხება რუსეთის იმპერიის გაფართოებას, ბუნებრივია, აქ საუბარი არ არის მხოლოდ საქართველოსა და უკრაინაზე. აქ ლაპარაკია, ყოფილი საბჭოთა კავშირის აღდგენაზე, შესაძლოა, არ იყოს კომუნისტური იდეოლოგია, მაგრამ, რუსეთს სურს მთლიანად აკონტროლოს არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცე, არამედ მთელი ევროპაც. სწორედ ამის გამოხატულებაა, რომ რუსეთის ხელისუფლება ითხოვს მაქსიმუმს, ამასთან, მას სურს რუმინეთიდან და ბულგარეთიდან გავიდეს ნატოს შეიარაღება, რაც აბსოლიტურად არარეალურია.

„რუსეთი ცდილობს ისარგებლოს დღეს შექმნილი სიტუაციით და ულტიმატუმის სახით ელაპარაკოს დასავლეთს, რათა შეზღუდოს მეზობელი ქვეყნების დამოუკიდებლობა.

„ამასთან, არსებობს მოლაპარაკებების შანსი, მაგრამ, გამომდინარე იქედან, რომ ორივე მხარის პოზიციები საკმაოდ განსხვავებულია, თითქმის შეუძლებელია გამოინახოს კომპრომისული ვარიანტი", - განაცხადა კაკაჩიამ.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას. ის „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის მიერ განხორციელებული ევაკუაცია არ ნიშნავს, რომ ომის გარდაუვალია. მისივე თქმით, ჯერ კიდევ არსებობს გამოსავალი.

„მგონია, რომ საქმე ჯერჯერობით ასე არ არის. ამერიკელები კი უბრალოდ თავს იზღვევენ, ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო სხვა რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ, მათ შორის გერმანიამაც, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ომი უნდა განვითარდეს.

„უბრალოდ, რუსეთი უფრო მეტად აძლიერებს ფსიქოლოგიური და ჰიბრიდული ომის ელემენტებს. ჩემი აზრით, მისი მოქმედებები არ შეესაბამება რეალობას და ახორციელებს მხოლოდ და მხოლოდ ზეწოლას.

„ამასთან, ამერიკული მხარე აპირებს, რომ ამ კვირას რუსეთს წერილობითი პასუხები გასცეს, ამოტომ, ვფიქრობ, კიდევ არსებობს გარკვეული კომპრომისების შანსი",-განაცხადა მაისაიამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რეგიონში მზარდი საფრთხის გამო, უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებისთვის ქვეყნის დატოვების განკარგულება გასცა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გასცა ნებართვა, საელჩოს თანამშრომლების ნაწილმა უკრაინა დატოვოს და მოუწოდა უკრაინაში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს, განიხილონ ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა.

„არსებობს ცნობები, რომ რუსეთი გეგმავს მნიშვნელოვან სამხედრო მოქმედებას უკრაინის წინააღმდეგ", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მითითებებში.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ არ გაემგზავრონ უკრაინასა და რუსეთში არსებული დაძაბულობისა და აშშ-ის მოქალაქეების შევიწროების საფრთხის გამო.

აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების ორი პარტია ჩავიდა.

ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო გაერთიანებულმა სამეფომ და უკრაინაში ბრიტანეთის საელჩოდან თანამშრომლების ნაწილის გაყვანა დაიწყო.

ევროკავშირი კი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი გეგმა არ აქვთ და მათი პერსონალი ადგილზე დარჩება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახების უკრაინიდან გაყვანის შესახებ ნაადრევია.

„მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემთ უცხო ქვეყნების უფლებას, უზრუნველყონ თავიანთი დიპლომატიური მისიების უსაფრთხოება და დაცულობა, მიგვაჩნია, რომ ასეთი ნაბიჯი ნაადრევია და გადაჭარბებული სიფრთხილის მაგალითია," - წერს ნიკოლენკო „ტვიტერში".

მოვლენათა პარალელურად, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იაპ დე ჰოოპ სხეფერი აკეთებს განცხადებას და ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოწოდებები ნატო-ს მიმართ, უარი თქვას 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაცემულ დაპირებაზე, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება, ყალბი საბაბი იყო რუსეთის პრეზიდენტის „რევანშისტური კამპანიისთვის".

მისივე თქმით, პუტინს გაცილებით მეტი სურს, ვიდრე უკრაინა, საქართველო, ბელარუსი, მოლდოვა და სომხეთი - მას თავისი იმპერიის დაბრუნება სურს.

„ის არის ადამიანი, რომლის სამყაროც 1989 წელს დაინგრა. ნატო რასაც არ უნდა დათანხმებოდა, პუტინი ისევ ისეთივე პუტინი იქნებოდა. ახლა უკრაინის საკითხზე დათმობა არასწორი გზაა, რადგან ვერავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ პუტინის მადა არ გაიზრდება. პუტინს გაცილებით მეტი სურს, ვიდრე უკრაინა და საქართველო, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი, მას უნდა თავისი იმპერიის დაბრუნება", - განაცხადა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე