თამთა ჩაჩანიძე
(18.01.2022)

კუნთების თამაში თუ რეალური მზადება დიდი ომისთვის - არაოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში კანადამ სპეცდანიშნულების ძალების მცირე კონტიგენტი გაგზავნა, ბრიტანეთი ქვეყანას ტანკსაწინააღმდეგო იარაღს აწვდის, კიევში მყოფი ამერიკელი სენატორები ირწმუნებიან, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, გარდა რუსეთის მისამართით მძიმე ეკონომიკური სანქციებისა, უკრაინელ ხალხს იარაღითაც დაეხმარებიან. ამის პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთ-ბელარუსის მორიგი ერთობლივი სამხედრო წვრთნები იწყება.

გარდა ამისა, სამშაბათს ასევე გავრცელდა ინფორმაცია კიევიდან რუსეთის საელჩოს თანამშრომლების გამოყვანის დაწყების შესახებ, რაც მოგვიანებით როგორც რუსეთის, ისე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარყვეს.

აღსანიშნავია, რომ ლოკაცია, სადაც რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნები უნდა ჩატარდეს, სამხრეთით უკრაინას ესაზღვრება, ხოლო აღმოსავლეთით - ლიეტუვასა და პოლონთს

კანადური „გლობალ ნიუსის" ინფორმაციით, რუსული აგრესიის შეჩერების მიზნით, კანადამ უკრაინაში სპეციალური ძალების ოპერატორების მცირე კონტიგენტი გაგზავნა. რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი შეჭრის განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნულ ჯგუფს ასევე დაევალა დახმარება გაუწიოს კანადის დიპლომატიური პერსონალის ევაკუაციის გეგმის შემუშავებაში.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინისთვის მცირე რადიუსის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდება დაიწყო. მისი თქმით, ასევე გააგზავნიან ბრიტანელი ჯარისკაცების ჯგუფს, რომელიც უკრაინელ სამხედროებს შესაბამის ტრენინგს ჩაუტარებს.

ამერიკელი სენატორები კიევში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან, სადაც განაცხადეს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, „უკრაინელ ხალხს იარაღს მიაწვდიან", რომელთა შორის შესაძლოა იყოს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა „ჯაველინი", „სტინგერის" სარაკეტო სისტემები და სხვა სახის შეიარაღება.

„ვფიქრობ, ვლადიმირ პუტინმა თავის კარიერაში უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც სათანადოდ ვერ შეაფასა, თუ როგორ მამაცურად შეებრძოლება მას უკრაინელი ხალხი, თუ ის შეიჭრება. ჩვენ დავაწესებთ გამანადგურებელ ეკონომიკურ სანქციებს და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ უკრაინელ ხალხს მივცემთ იარაღს, ლეტალურ იარაღს, რომელიც მათ სჭირდებათ საკუთარი სიცოცხლის დასაცავად", - განაცხადა კიევში ვიზიტად მყოფმა ერთ-ერთმა სენატორმა.

თებერვლის დასაწყისში კი ბელარუსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, პრეზიდენტ ალექსანდე ლუკაშენკოს თქმით, რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გეგმავენ. მანამდე სამხედრო ანალიტიკოსები და თვად რუსული და საერთაშორისო მედიაც იმაზე წერდა, რომ რუსეთი უკრაინაში დიდი ალბათობით 2022 წლის იანვარ-თებერვალში შეიჭრებოდა.

„ჩვენ ვგეგმავთ წვრთნების დაწყებას თებერვალში. დანიშნეთ ზუსტი თარიღი და შეგვატყობინეთ, რომ არ დაგვადანაშაულონ ჯარის მოულოდნელ შეკრებაში, თითქოს ომში წასასვლელად ვემზადებით", - მიმართა ლუკაშენკომ ბელარუსის თავდაცვის მინისტრს.

ამასთან, სამშაბათს „ნიუ იორკ თაიმსმა" გაავრცელა ცნობა, რომ კრემლმა კიევიდან რუსი დიპლომატებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია დაიწყო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულს უარყოფს.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ პროცესები, რაც უკრაინასთან დაკავშირებით ვითარდება, ომის წინა პერიოდს ჰგავს, თუმცა, შესაძლოა ეს დასავლეთ-რუსეთის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის წინ ერთგვარი შანტაჟიც იყოს.

„პრინციპში, ესაა ომის წინა პერიოდი და კუნთების დემონსტრაცია. ეს რუსეთმა დაიწყო და უკრაინა მხოლოდ თავს იცავს. რუსეთ-ბელარუსის ოპრატიულ სტრატეგიული წვრთნები „კავშირის ერთობა 2022" - ესაა პირდაპირ პლაცდარმის მომზადება ინტერვენციისათვის. ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის 22-ე საარმიო კორპუსი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. უკრაინის საზღვართან გადასროლილია მერვე არმიის სრული შემადგენლობა. ასევე უკრაინის მიმართულებით მობილიზებულია 49-ე არმიაც. როგორც მე ვიცი, ჩვენთანაც 58-ე არმიაა მობილიზებული.

„მოლაპარაკებებებს იმედია აზრი ექნება. შესაძლოა ეს ყველაფერი დიალოგის მეორე რაუნდის წინ სამხედრო მუქარა იყოს, თუმცა ნათელია, რომ უკრაინაში სიტუაცია რთულია. იყო კიბერთავდასხმა, სახელმწიფო სტრუქტურებს ბელორუსმა ჰაკერებმა შეუტიეს, ჰიბრიდული ომი უკვე დაწყებულია.

„ესაა სამხედრო მუქარა. რუსეთი და ბელარუსი დასავლეთს ფაქტიურად ემუქრებიან. აქ საქართველო საერთოდ გათიშულია, მხარდაჭერას არ ავლენს უკრაინის მიმართ, რაც ძალიან ცუდია. შესაძლოა რაღაც მხრივ ეს კარგი პოზიციაა, მაგრამ იმის ფონზე, რაც აზერბაიჯანმა უკრაინის მისამართით გამოხატა - ალიევი კიევში ჩავიდა და ლამის თურქეთი, აზერბაიჯანისა და უკრაინის სამხედრო კავშირზეა საუბარი... ამის გარდა, უკრაინელები დასავლეთისგან სერიოზულ დახმარებას იღებენ - აშშ, კანადა, ბრიტანეთი... ასევე დიდ მხარდაჭერას ნატოც გამოხატავს, ჩვენ კი ამ დროს არ ვაქტიურობთ.

„რუსებმა დიალოგის შედეგები წინასწარ იცოდნენ და ალბათ იმიტომ დათანხმდნენ მოლაპარაკებებზე, რომ შემდეგ საბაბად გამოეყენებინათ, თითქოს დასავლეთი არაფერზე არ წავიდა. 2008 წელს ჩვენთანაც იგივე სტრატეგია განახორციელეს. ახლა უკრაინაში, როგორც ჩანს, პუტინს კომბინირებული ვარიანტი აქვს - ქვეყანაში პოლიტიკური სიტიუაციაც ირევა, კიბერთავდასხმას ახორციელებს და შეიარაღებული სამხედრო კონფრონტაციის საფრთხეა, იგი უკრაინას ყველენაირად უტევს", - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე