თეონა ვეშაგური
(07.01.2022)

ყაზახეთში შეტაკებები გრძელდება. ქუჩებში სროლის ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. ავიარეისები კვლავ შეჩერებულია და იქ მყოფებს ინტერნეტი კვლავ შეფერხებით მიეწოდებათ.

ყაზახეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის ყველა რეგიონში კონსტიტუციური წესრიგი ძირითადად, აღდგენილია. კონტრტერორისტული შტაბის სხდომაზე გაკეთდა განცხადება, სადაც აღინიშნა, რომ ტერორისტები ისევ იყენებენ იარაღს და ზიანს აყენებენ მოქალაქეთა ქონებას.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა გასული ღამის ოპერაცია შეაჯამა. მისივე თქმით, ქვეყანაში კონტრტერორისტული ოპერაცია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე თითოეული თავდამსხმელი არ განადგურდება.

"ანტიტერორისტული ოპერაცია დაწყებულია. სამართალდამცავები ინტენსიურად მუშაობენ. კონსტიტუციური წესრიგი ძირითადად ქვეყნის ყველა რეგიონში აღდგა. ადგილობრივი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს. მაგრამ ტერორისტები აგრძელებენ იარაღის გამოყენებას და მოქალაქეების ქონების დაზიანებას. ამიტომ, კონტრტერორისტული მოქმედებები უნდა გაგრძელდეს მებრძოლების სრულ განადგურებამდე", - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

როგორც „რეზონანსთან" ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, ყაზახეთში მიმდინარე პროცესები საკმაოდ ბუნდოვანია. მრავალწლიანი კლანური მმართველობებისა და ქვეყანაში არ არსებული დემოკრატიული პროცესების ფონზე ვითარების სტაბილიზაცის გზები არსად ჩანს.

„შესაძლოა ეს მოვლენები მაიცდამაინც ამ ფორმით არ მზადდებოდა მაგრამ, საზოგადოებაში, არსებობდა უკმაყოფილება. ყაზახეთში იყო ორხელისუფლებიანობა, ნაზარბაევის ძველი და თოყაევის ახალი ხელისუფლება.

„ქართველებისთვის ძნელი წარმოსადგენია მაგრამ, იქ არის ძალიან ძლიერი კლანური მმართველობა, ასე მოდის ისტორიულად, კლანები, გვარები მართავენ ვითარებას, როგორც ეს აჭარაში ასლან აბაშიძის დროს იყო მაგრამ, იქ ანეგდოტური სიტუაცია იყო, ყაზახეთში კი სერიოზულია. სიტუაციას აქამდეც მთლიანად ნაზარბაევის კლანი მართავდა ხოლო თოყაევი ითვლებოდა მეორე ხარისხოვანი კლანის წარმომადგენლად. ქვეყანა დემოკრატიასთან ახლოსაც კი არ არის, საქათველოში რაღაც მაინც არის დემოკრატიის მაგრამ, იქ დემოკრატიის არაფერია.

„ამ სიტუაციაში ნაზარბაევი მოხუცია თუმცა, მისი კლანია ძლიერი. სწორედ მათი ხალხი გამოვიდა ქუჩაში და ისინი არბევდნენ ყველაფერს რათა შეექმნათ განცდა, რომ არაფერს დაუთმობდნენ დღევანდელ პრეზიდენტს. ამიტომ საეჭვოა თოყაევის განცხადება, თითქოს ყველაფერი წესრიგშია. ის ხალხი ვინც ამდენხანს ემზადებოდა რაღაცისთვის და ეს რაღაც განახორციელეს ასე იოლად არ დანებდება. მგონია, რომ შიდა დაპირისპირება კვლავ გაგრძელდება.

„ვინც სისხლისღვრაში მონაწილეობდა და დაფიქსირდა მას დასჯიან, იქ არ არის დასავლური ცივილიზაცია, მე მგონია, რომ რაღაც გასკდა და „ჭურჭლიდან" გადმოვიდა მისი უკან დაბრუნება კი შეუძლებელია. დაპირისპირება გაგრძელდება უკვე ამ ორ და შეიძლება სხვა კლანებს შორისაც, ამას ემატება რელიგიური კომპონენტიც რადგან, ისლამი ძლიერდება. ეს ყველაფერი კი მაძლევს საშუალებას ვთქვა, რომ სიტუაცია არ დაწყნარდება და ყაზახეთში მუდმივად იქნება რაღაც დაპირისპირება", -განაცხადა მან.

ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა რუსეთის არმიის ყაზახეთში შესვლის საკითხზეც ისაუბრა. იგი ფიქრობს, რომ აღნიშნული ქმედებით რუსეთი ვერ გაძლიერდება და პირიქით, უფრო მეტად გამძაფრდება ანტირუსული დამოკიდებულება.

„რაც შეეხება რუსეთის ჯარების ყაზახეთში შესვლას, მე არ მგონია, რომ ეს ქმედება რუსეთს გააძლიერებს პირიქით, ყაზახეთში არის საკმაოდ სერიოზული ანტირუსული განწყობა. ამიტომ ყაზახები სხვანაირად უდგებიან რუსეთს. საქმე ძალიან სერიოზულადაა. ეს არ არის უბრალო მიტინგი ან შიმშილობა. რუსებს წარმოდგენაც არ აქვთ სად შეყვეს თავი. ნებისმიერი მკვლელობა რომელიც ყაზახეთში განხორციელდება, მაგალითად ყაზახმა სამხედრომ რომ ყაზახი მომიტინგე მოკლას რუსებს დაბრალდებათ. ამიტომ, გაიზრდება ანტირუსული განწყობები და საკმაოდ მოწესრიგებული, წესიერი, ნორმალური სახელმწიფო დაემსგავსება „დენთის კასრს".

„აღსანიშნავია ისიც, რომ ყაზახეთში ძალიან დიდი დასავლური ინვესტიციებია, იქ ჩინური და რუსული საერთოდ არ არის, არის მხოლოდ ჰოლანდიური, ბრიტანული და ამერიკული „ინვესტიციები. თუ ყაზახეთი „აფეთქების" დონეზე მივიდა ეს ინვესტიციები იქიდან წამოვა და კიდევ უფრო დაამძიმებს ყაზახეთის ეკონომიკურ მდგომარეობას. რუსეთი კი ნამდვილად ვერ მოახერხებს ინვესტიციების ჩანაცვლებას, შესაძლოა ეს ჩინეთმა მოახერხოს. ასე რომ საკმაოდ ბუნდოვანი და საინტერესო ვითარება აქვს ყაზახეთს გარედან საყურებლად და შესასწავლად მაგრამ, ვინც ყაზახია და იქ იმყოფება მის მომავალზე დღეს საუბარი ძნელია", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ 4 იანვარს თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად საპროტესტო აქციები ქვეყანაში კვლავ გაგრძელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე