ტაიმ-აუტი აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირებაში და საბრძოლო შესაძლებლობების გადანაწილება
მარიამ ნებულიშვილი
(19.07.2020)

„როგორც ჩანს მხარეებმა აიღეს მცირე ტაიმ-აუტი, რათა მოახდინონ საკუთარი საბრძოლო შესაძლებლობების გადანაწილება და კიდევ უფრო მეტი მობილიზაცია", - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ შედარებით სიმშვიდეს.

ორი ქვეყნის საზღვარზე აზერბაიჯანული ტოვუზისა და სომხური ტავუშის რეგიონში სამხედრო დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო. 18 ივლისს ორივე მხარე იუწყებოდა, რომ საზღვარზე შედარებით სიმშვიდე იყო.

„სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია შედარებით მშვიდია. ჩვენი დასახლებების მიმართულებით საარტილერო ცეცხლი შეწყვეტილია, თუმცა, დაძაბულობა მაინც გრძელდება,"- წერია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

„წუხანდელიდან მოყოლებული ამ დრომდე სიტუაცია შედარებით მშვიდია,"- წერს სომხეთის თავდაცვის უწყების პრესსპიკერი, შუშან სტეპანიანი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში".

მაისაიას თქმით, ესაა ღია სახელმწიფოთაშორისი დაპირისპირება და სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ის მთიანი ყარაბაღისგან დაშორებით, მისი შეფასებით, შესაძლებელია მზარეებს შორის სამხედრო დაპირისპირება კიდევ დიდხანს გაგრძელდეს.

„ამ კონფლიქტს კიდევ ექნება გაგრძელება, როგორც ჩანს მხარეებმა აიღეს მცირე ტაიმ-აუტი, რათა მოახდინონ საკუთარი საბრძოლო შესაძლებლობების გადანაწილება და კიდევ უფრო მეტი მობილიზაცია.

„გუშინ, მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდო აზერბაიჯანული დრონი, ეს შემთხვევითი არ იყო, როგორც ჩანს აზერბაიჯანი აპირებს მთიანი ყარაბაღის მიმართულებითაც განახორციელოს საკმაოდ „ენერგიული" ზომები, რომ დაიბრუნოს ეს სეპარატისტული რეგიონები, რომლებიც მთიანი ყარაბაღის ირგვლივაა.

„ეს იყო კლასიკური დაბალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტი და ასევე, შეიძლება ითქვას, რომ მას ჰქონდა ჰიბრიდული ომის სახეც. ორივე მხარემ გამოიყენა ფსიქოლოგიური, საინფორმაციო და კიბერ ომის სრულმასშტაბიანი კომპონენტები.

„ამ კონფლიქტმა აჩვენა, რომ მთელი ამ ესკალაციის განმავლობაში პირველად კონცენტრაციის სივრცე იყო არა მთიანი ყარაბაღი, არამედ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები.

„როგორც ჩანს, ამან უკვე მიიღო სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტის სახე. ადრე ყარაბაღის გამო სომხეთი ფომრალურად ამბობდა, რომ ის არაფერ შუაში არ იყო და რეგიონში შიდა დაპირისპირება მიდიოდა მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ მთავრობასა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას შორის.

"სომხეთი ვითომ განზე იყო გამდგარი და არ მონაწილეობდა ამ კონფლიქტში. 5-დღიანი ომიც კი არ იყო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, ეს იყო მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული თავდაცის და აზერბაიჯანის სამხედრო ძალების დაპირისპირება. ახლა კი პირველად ეს იყო უშუალოდ სომხეთისა და აზერბაიჯანის დაპირისპირება", - ამბობს ვახტანგ მაისაია.

როგორც ის ამბობს, მხარეებმა ამით ერთგვარი ძალების დემონსტირება მოახდინეს. დანაკარგი კი ორივე მხარემ საკმაოდ ნახა, შესაძლებელია ამ მხრივ უპირატესობა სომხეთს ჰქონდეს, რადგანაც მათ მოახდინეს აზერბაიჯანელი საჯმხედრო მაღალჩინოსნების ლიკვიდირება.

„გარკვეულწილად, ეს იყო ძალების დემონსტრირება. მეორეს მხრივ კონფლიქტის განვითარების მოტივები, ასევე დასაწყისი, გაურკვეველია. ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებს, მაგრამ მთავარია, რომ ეს დაპირისპირება დაიწყო, დაღუპულია ადამიანები ორივე მხრიდან და განადგურდა საბრძოლო ტექნიკა. ბოლოს და ბოლოს მხარეები სერიოზულ მუქარას გამოთქვამდნენ. ეს იყო ერთგვარი დაშინების პოლიტიკა. ამ შემთხვეაში კი დიდი როლი ითამაშა მათ უკან მდგომმა სახელმწიფოებმა.

„ფაქტია ის, რომ აზერბაიჯანის დანაკარგი უფრო დიდია, სამი მაღალი სამხედრო ოფიცერი იქნა ლიკვიდირებული სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ. არც აზერბაიჯანულმა მხარემ დააკლო სომხურ მხარეს და რამდენიმე ავტოკოლონა ააფეთქა. ფაქტია, რომ აზერბაიჯანს უფრო მეტად ჰქონდა პრიორიტეტი და უპირატესობა საჰაერო სივრცეში, მაგრამ ეს კომპონენტი მალევე სომხებმაც გაათანაბრეს და მოუსპეს აზერბაიჯანულ მხარეს საჰაერო დომინანტობის ფაქტორი. სომხეთმა გამოაჩინა, რომ მათ ჰქონდათ საკმაოდ ეფექტური ოპერატრიულ-სტრატეგიული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები, რომლითაც მოახდინეს აზერბაიჯანული უპილოტო საფრენი აპარატების ბლოკირება.

„საარტილერიო სისტემების მიხედვით დაპირიპირება თანაბარი იყო, იმიტომ, რომ მეტ-ნაკლებად ერთნაირი ძალა აქვთ მათ ამ საკითხთან მიმართებაში. შესაბამისად, სხვა სახმედრო მიმართულებითაც მხარეებმა თანაბარი ძალები აჩვენეს.

"მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს გაცილებით მეტი სამხედრო პოტენციალი აქვს სომხეთთან შედარებით. იმიტომ, რომ მისი შეიარაღებული ძალები 2-3-ჯერ აღემატება სომხეთისას. შეიარაღებითაც აზერბაიჯანული არმია უფრო წონიანი ვიდრე მისი მოწინააღმდეგის. თუმცაღა, მათ შორის ეს ზღვარი თანდათან იშლება", - აღნიშნა მაისაიამ „რეზონანსთან".

სომხეთისა და აზერბაიჯანის დაპირისპირების ახალი ეტაპი დაწყებიდან უკვე ერთ კვირაზე მეტი გავიდა. გარდაიცვალა 30-ზე მეტი ადამიანი მათ შორის, სამხედრო მარალჩინოსნები. მხარეები ცეცხლის გახსნასა და სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე