პავლიკოვსკის ფილმი 2018 წლის საუკეთესო ევროპულ ფილმად აღიარეს
ვასო კაპანაძე
(17.01.2019)

 თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ნაჩვენებმა ფილმმა "ცივი ომი" საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

გასული საუკუნის 40/60-იანი წლების დაუნდობელი პოლიტიკისა და მსოფლიოს ორ ბანაკად დაყოფის პირობებში აღმოცენებული სიყვარულის ისტორიის ამსახველი ფილმი არაერთი პრიზით დაჯილდოვდა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე და ევროპის კინოაკადემიის მიერ, რომელმაც პოლონელი პაველ პავლიკოვსკის "ცივი ომი" 2018 წლის საუკეთესო ევროპულ ფილმად დაასახელა.

დიდ ბრიტანეთში გაზრდილ პოლონელ კინორეჟისორ პაველ პავლიკოვსკის პოლონური კინოს მდიდარი ტრადიციების ღირსეულ მემკვიდრედ იცნობენ.

ფილმით "ცივი ომი" (2018 წ. პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) 60 წლის კინოხელოვანი ისტორიაში შევიდა, როგორც ევროპული კინოს საყოველთაოდ აღიარებული მოღვაწე.

მოქმედება ფილმში მსოფლიოს ორ განსხვავებულ ბანაკად და ინტერესების სფეროდ დაყოფის ფონზე ვითარდება. ომისშემდგომ პოლონეთში ახალგაზრდა მუსიკოსი ვიქტორი ფოლკლორულ ანსამბლ "მაზურკასათვის" ნიჭიერ მომღერლებს არჩევს.

მათ შორის აღმოჩნდება ზულა, გოგონა, რომელმაც ისე შეასრულა რუსული სიმღერა "გულო, შენ არ გსურს მოსვენება", რომ ვიქტორის აღტაცება და მოწონება დაიმსახურა, რაც შემდგომში უკვე დიდ გრძნობებში გადაიზარდა.

ვიქტორისა და ზულას სიყვარულს წინ სერიოზული წინაღობები ხვდება საზღვრების, წლების, იდეოლოგიური განსხვავებების, გარემოებების სახით და ეს ამაღელვებელი ისტორია შეადგენს ფილმის სიუჟეტს, რომელიც იპყრობს მაყურებელთა გულებსა და ემოციებს.

ფილმს 4 გმირი ჰყავს - მთავარი როლების შემსრულებლები: ტომაშ კოტი და იოანა კულიგი, მუსიკა და დრო, რომელიც უზადოდაა ფილმში წარმოჩენილი. მაყურებლის წინაშე გაიელვებს იმდროინდელი ვარშავის, ბერლინის, პარიზის თუ სერბეთის პეიზაჟები.

მრავალფეროვანი მუსიკა - მაღალ პროფესიულ თუ სამოყვარულო დონეზე შესრულებული პოლონური ეროვნული სიმღერების, ფრანგულად თუ რუსულად გაჟღერებული და ჯაზისათვის არანჟირებული ნაწარმოებების ჩათვლით - ფილმის ნამდვილ მშვენებად იქცა.

პარტიული ფუნქციონერების დიქტატი წარმოჩენილია კარიკატურებისა და განსაკუთრებული სიმძაფრის გარეშე - როგორც ადამიანთა შორის მაშინდელი ურთიერთობების დამახასიათებელი ნიშანი.

"მოსკოვის ხელი" საბჭოთა ეპოქის პოლონეთსა და სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში ასევე ასახულია მკაფიოდ გამოხატული რისხვისა და მუქ ფერებში ჩვენების გარეშე - რუსული სიმღერის ფონზე "მხიარული ბიჭებიდან", რომელიც იოანა კულიგმა პოლონური აქცენტით შეასრულა და ალექსანდროვის საგუნდო მუსიკალური ნაწარმოების - "კანტატა სტალინის შესახებ" - ფონზე.

ფილმის შეყვარებული გმირები წლების განმავლობაში შორდებიან ერთმანეთს და პერიოდულად კვლავ ხვდებიან ხოლმე ვარშავაში, ბერლინში, სერბეთსა თუ პარიზში, თუმცა ისინი ყველაზე ნაკლებად ჰგვანან მოტივტივე ნავებს დროის ორომტრიალში, რადგანაც მათ გააჩნიათ ნებისყოფა, საკუთარი რწმენა და ცრურწმენები, სისუსტეებიც და იმავდროულად - ძლიერი ხასიათებიც.

ისინი თითქმის მუდმივად არჩევანის წინაშე დგანან - სიყვარულსა და თავისუფლებას, ემიგრაციასა და ერთად ყოფნის სურვილს შორის.

ბედის ზიგზაგების რთულ, წინააღმდეგობრივ გზაზე ერთადერთი უმაღლესი ძალა - სიყვარული აიძულებს მათ, დაამსხვრიონ სტერეოტიპები, დაძლიონ ყველა დაბრკოლება და საბოლოოდ, ვერაფერს ძალუძს ორი მოსიყვარულე ადამიანის დაშორება.

თბილისში, 3/9 დეკემბერს გამართული მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ნაჩვენებმა "ცივმა ომმა" 15 დეკემბერს, ესპანეთში, ევროპის კინოაკადემიის პრემია მიიღო.

პაველ პავლიკოვსკიმ სამი ჯილდო მოიპოვა - პრიზი 2018 წლის საუკეთესო ევროპული ფილმისთვის; ასევე იგი აღიარეს, როგორც საუკეთესო სცენარისტი და რეჟისორი. პრიზი გადაეცა ასევე იულიანა კულიგს, ვინც ჟიურიმ საუკეთესო მსახიობად აღიარა.

"ცივი ომი" პირველი პოლონური ფილმია, რომელიც 1990 წლის შემდეგ კანის კინოფესტივალზე შარშან აჩვენეს, სადაც იგი საუკეთესო რეჟისორულ ნამუშევრად დასახელდა.

ჩვენების შემდეგ ფილმმა და მისმა შემქმნელებმა კანში დამსწრეთა 18-წუთიანი ოვაცია დაიმსახურეს. ფილმს ოვაციები არც თბილისური კინოჩვენების შემდეგ დაკლებია.

ჩაწერა სახელი