შესავალი ეპილოგის ადგილასაა.
რეზონანსი
(08.07.2021)

 დედიკოს არ აქვს ვვოტსაპი. დედიკო ვერ წაიკითხავს ამ წერილს, ნათი, სოფელში რო ჩამოხვალ, მაშინ წააკითხე რა! დედიკოს ტელეფონი ძალიან ძველია. ეს რომ მაჩუქა ძია ლევანმა, მაშინ მივეცი ჩემი გამონაცვალი. იმაში არც ვვოტსაპი ყენდება, არც მესსენგერი და არც ფეისბუკი. მხოლოდ დარეკვა და ლაპარაკი შეიძლება. შენ რატომ არ დაურეკავ და არ ეტყვიო, არ მითხრა, რა!...

მე ვერ დავურეკავ და ვერ ვეტყვი. იმიტომ ვერ ვეტყვი, რო მრცხვენია. კაცები არ ტირიანო, მამა მეუბნებოდა. მამიკო ასე მაშინ მეუბნებოდა, ცოცხალი როცა იყო. ახლა სიზმარში მოდის და სულ იცინის. ცოცხალი რო იყო, არ იცინოდა. სიზმარში სუ იცინის. ტირილი რო მომინდება, მამიკო მახსენდება და არ ვტირი.

ეს ცოტა ცრემლი რო დაეწვეთა ეკრანს, რა ტირილია?! შენ ვერც კი დაინახავ. გიო და ნინი რო მომენატრებიან და დედიკო რო მენატრება, მხოლოდ მაშინ მეტირება. მაშინაც ძალიან ცოტა მეტირება. არ მინდა ნანული დეიდამ და ძია ლევანმა დამინახონ, რო ვტირი.

გიოს და ნინის, გარეთ, ფანჯრის რაფაზე შემოდებულ ნამცხვარს ვუტოვებ. სამჯერაა შეხვეული ქაღალდში - აწერია „გიო და ნინისთვის". ნამცხვრებია და კიდო ორი კატლეტია. კატლეტები თეთრი პურის ნაჭრებს შორის ჩავდე, ამბურგერივით რო გამოსულიყო. ახლა მე ნამცხვარიც აღარ მინდა და საჭმელიც აღარ მინდა. სახლში მინდა... ძალიან ძალიან მინდა სახლში... არ მიშვებენ - იქაო იშიმშილებო. სულაც არ ვშიმშილობდი.

მერე რა, თუ ხანდახან არ გვქონდა საჭმელი... ბევრს ჩავისუნთქავდი და სუნთქვას ვაჩერებდი. მუცელი იმხელაზე მქონდა გაბერილი, შიმშილს სუ ვეღარ ვგრძნობდი. გიორგი და ნინო ტიროდნენ-ხოლმე. მერე, დედიკო რომ საჭმელს გააკეთებდა, თუ ცოტა იყო, მე არ ვჭამდი. გიო და ნინი ჭამდნენ. ისინი ხო პატარები არიან და არც მუცლის გამობერვა და სუნთქვის შეკავება არ იციან ჯერ. მაგას მერე ისწავლიან, რო გაიზრდებიან.

ის თავწითელა დეიდა რომ მოდიოდა და ჩუმად მეკითხებოდა, სახლში საჭმელი არ გაქვთო ხო? მე ვეუბნებოდი, ხანდახან არ გვაქვსო. მე რა ვიცოდი, რატომ მეკითხებოდა? რო მცოდნოდა, ვეტყოდი, საჭმელის მეტი რა გვაქვს-მეთქი. იმ დეიდამ ქნა ყველაფერი. წითელი პამადით რო ჰქონდა ტუჩები დადღაბნილი და თმები წითლად შეღებილი, იმან. თმისძირები შეუღებავი ჰქონდა - ეტყობა საღებავი არ ეყო. ხო შიმშილობ ხანდახანო? თავს ვუქნევდი. ეგრე არა, ხმამაღლა მითხარიო. კი-მეთქი, ხანდახან-მეთქი...

ახლა რო მკითხოს, კი ვიცი, რაც უნდა ვუთხრა - არ ვშიმშილობ-თქვა. ახლა მე უნდა გავიდე, ნათი. იცი როგორ... როგორ... მაინც რო მრცხვენია, ამის დედა ვატირე!... რა ადვილი მეგონა წეღან სათქმელად, მარა მაინც მრცხვენია. მამა გრიგოლი რო გვეუბნებოდა, იქ, ზევით ყველანი ერთად ვიქნებითო, იქ დაგელოდები, ზევით.

აქ, თუ გინდა, გათხოვდი, თუ გინდა თენგოს წაყევი, თუ გინდა დათას - ორივეს ძაან უყვარხარ. ჩემსავით ძაან ვერა, მარა მაინც ძაან. ოღონდ იცოდე იქ მარტო ჩემი უნდა იყო. დაგელოდები. ასი წლის მერე წამოდი კარგი? მე რომ წამეყვანე, არ კი ვიცი, სად მიმეყვანე - სახლში ის წითელპამადიანი ქალი და მისი დაქალები არ გაგვაჩერებდნენ. სხვაგან კი, არ ვიცი... გიოს და ნინის და დედიკოს უმისოდ გაჩერება ისეთია, არ ვიცი, როგორ აგიხსნა.

აი, კისერში თუ წაგიჭერია კაშნი... ძაან ძაან თუ წაგიჭერია და რო ვეღარ სუნთქავ, ზუსტად ისეთია. აწი შენც მომენატრები, ვიცი. მარა, დაგელოდები... ბევრი ბევრი წელი, სულ დაგელოდები. სახლში რო გავეშვი იმ ბოროტ ქალებს, კარგი იქნებოდა. ცოცხალი არ გამიშვეს ხო?!... ახლა მე ვიცი! მაინც ვაჯობებ მაგ ჯოჯოებს - მკვდარს ხომ მაინც მიმიყვანენ ჩემ სახლში...

დედიკოს და გიოს და ნინის უთხარი, ძალიან ძალიან მიყვარს სამივე და შენც კიდო... გარეთ ფანჯრის რაფაზე რო სამჯერ გახვეუ... შესავალი მეტროს ვაგონში ჩემს გვერდით მჯდარი კაფანდარა გოგონა, იქნებოდა ასე თხუთმეტიოდე წლის, მოულოდნელად მოურიდებლად ატირდა. - კარგად ხარ, შვილო? - მოუბრუნდა მეორე მხარეს მჯდარი ქალბატონი. - გმადლობთ, დეიდა, კარგად. - სლუკუნით უპასუხა გოგონამ.

იგი ცალი ხელით თვალებს იწმენდდა, მეორეთი კი ჯიბის ტელეფონი ეჭირა, რომლის ეკრანი, მისდა უნებურად, ჩემსკენ მოაბრუნა. უფრო სწორად, მეზობელი ქალბატონის თვალს დაუმალა. „დედიკოს არ აქვს ფეისბუკი" - მომხვდა თვალში. რამდენიმე სტრიქონს თვალი სწრაფად გადავავლე და... გული გამიჩერდა. გული გამიჩერდაო, არაა მართალი - მკერდქვეშ, სადაც გული ფეთქავს, ცივი ყინულის ბელტი ჩამიდო ვიღაცის უხილავმა ხელმა.

ვალიდოლი მაშინალურად, მექანიკურად ამოვიდე ენის ქვეშ. კაფანდარა გოგონას ნაცრემლარ თვალებს თვალებით შევეხვეწე, ბოლომდე წამაკითხე-მეთქი. გოგონამ ეკრანი ჩემკენ მოხერხებულად მოატრიალა, თვითონ კი მეორე ხელზე თავდაბჯენილი ხმადაბლა სლუკუნებდა „ახლა მივიღე... დილით გამოუგზავნია...". თექვსმეტი წლის ბიჭმა თავი მოიკლა... თექვსმეტი წლის ბიჭმა თავი მოიკლა... თექვსმეტი წლის ბიჭმა თავი მოიკლა - დილით, საინფორმაციო გამოშვებიდან მოღწეული ფრაზები გახურებული, სადგისმიდუღებული ჩაქუჩებით მიხვრეტდნენ საფეთქლებს.

 

(სოლომონ ნერგაძე, 2021 წლის 13 ივნისი)

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე