ელზა პაპოშვილი
(12.05.2020)

განზრახ მკვლელობა თუ აუცილებელი მოგერიება - 16 თებერვალს გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმის ირგვლივ ახალი ვიდეო მტკიცებულებები საჯაროვდება. ამის შემდეგ კვლავ ისმის კითხვები - არის თუ არა ყოფილი სამხედრო და 2008 წლის ომის მონაწილე მერაბ კობიაშვილი დამნაშავე 28 წლის თამაზ გომართაშვილის  განზრახ მკვლელობაში, თუ იგი უბრალოდ თავს იცავდა. 

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ მათ მიერ მოპოვებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ კობიაშვილს ჰქონდა დრო იმისთვის, რათა დაპირისპირების შემდეგ, როცა ის 6 პირმა გუდაურში სასტუმროსთან სცემა, დახმარებისთვის პოლიცია გამოეძახა. თუმცა ის ასე არ მოიქცა და შურისძიების მიზნით მანქანიდან იარაღი ამოიღო და თავდამსხმელების მოსაკლავად ისევ სასტუმროსკენ გაემართა.

 კობიაშვილის ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ ყოფილ სახმედროს სხვა გზა არ ჰქონდა და იმის გამო, რომ მას თავს ექვსი პირი რამდენჯერმე დაესხა და სასტიკად სცემა, თავი უნდა დაეცვა. მას არავის მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა და ამის მტკიცებულება ისიც არის, რომ პირველი გასროლა ფეხებში განახორციელა, რა დროსაც ერთი პირი ფეხის თითში დაიჭრა. 

თამაზ გორთამაშვილის ადვოკატმა და ოჯახის წევრებმა კი მედიასთან ახალი კადრები წარმოადგინეს, სადაც ამტკიცებენ, რომ კობიაშვილი განზრახ მოქმედებს და მას შურისძიების მოტივი ამოძრავებდა.

გორთამაშვილის ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე „რეზონანსთან“ ამტკიცებს, რომ კობიაშვილი შემთხვევის ადგილზე გრძელი გზით ბრუნდება და სამართალდამცავებს არ ურეკავს, რაც იმის დასტურია, რომ მას მკვლელობა ჰქონდა განზრახული. მისი მტკიცებით, დაცვის მხარე ცალმხრივ ინფორმაციას ავრცელებს, რის შედეგადაც არასწორი ინტერპრეტაცია კეთდება.

„მერაბ კობიაშვილი აუცილებელ მოგერიებაში არ იმყოფებოდა, რადგან კონფლიქტი დამთავრებული იყო, როცა მიზანმიმართულად, შურისძიების მოტივით 5 გასროლა განახორციელა. ჩნდება კითხვა - თუკი ბრალდებული კობიაშვილი ჩხუბში მონაწილე პირებისგან საფრთხეს გრძნობდა, რატომ არ შეატყობინა სამართალდამცავებს, როცა იარაღის ასაღებად წავიდა?

„კობიაშვილს თაზო გორთამაშვილი კონფლიქტიდან რამდენჯერმე განარიდეს, მაგრამ კობიაშვილი ისევ ბრუნდება და კონფლიქტის ისევ ხელახლა დაწყებას ცდილობს. ტყუილია დაცვის მხარის ინფორმაცია, რომ თითქოს პირიქით, კობიაშვილი მიდიოდა და მას არ უშვებდნენ. კობიაშვილი სასტუმროს მისამართით გადაადგილდება, მას არავინ მისდევს და არავინ ახორციელებს მასზე ძალადობას. ამის მიუხედავად ის იარაღს იღებს, სასტუმროში ხალხს ესალმება და თავისი ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად მიდის“, - ამბობს ადვოკატი „რეზონანსთან“. 

ტყეშელაშვილი ამბობს, რომ როდესაც ადამიანი კონფლიქტის დსრულების შემდეგ იარაღს იღებს, მას შურისძიება ამოძრავებს. ის სახლის მიმართულებით წასვლის ნაცვლად, სხვა მიმართულებით მიდის. კონფლიქტის დასრულების შემდეგ ერთადერთი მოძალადე მერაბ კობიაშვილი იყო, რომელსაც ხელში იარაღი ეჭირა. იქით მხარეს არის გარდაცვლილი თაზო გორთამაშვილი და დაზარალებული დავით სეთურიძე, რომელიც კონფლიქტში საერთოდ არ მონაწილეობდა და კობიაშვილმა ის ფეხის არეში დაჭრა. 

პროკურატურამ მერაბ კობიაშვილს ასევე ბრალი დაუმძიმა და მას 19 წლის ახალგაზრდის ცემასაც ედავება. საქმის მასალების მიხედვით, სწორედ ეს ფაქტი გახდა შემდგომი კონფლიქტის გაამომწვევი მიზეზი - კობიაშვილის მიერ ნაცემმა ახალგაზრდამ დახმარება მეგობრებს სთხოვა, გამოძიების მტკიცებით, კობიაშვილს  მხოლოდ სამი ადამიანი სცემდა, სამი კი მათ გაშველებას ცდილობდა. პროკურატურამ აღნიშნულ 6 პირს კობიაშვილზე ჯგუფური თავდასხმის გამო ბრალი წაუყენა, ხოლო მოსამართლემ ისინი დარბაზიდან 2000 ლარიანი გირაოს მეშვებით გაათავისუფლა. 

მერაბ კობიაშვილის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ უცნაურია, რომ არ აჩვენეს მთავარი კადრები, სადაც ჩანს ის მომენტი, როცა რეალურად გარდაცვლილისადმი ხორციელდება მომაკვდინებელი გასროლა. ანუ არ აჩვენეს უმნიშვნელოვანესი კადრი, რაც საზოგადოებას გააგებინებდა სიმართლეს.

მისი თქმით, ამ კადრებში ძირს დაგდებული მერაბ კობიაშვილი ჩანს, რომელსაც რამდენიმე ადამიანი სასტიკად უსწორდება და იარაღს ართმევს.

„წარმოიდგინეთ მერაბ კობიაშვილის მდგომარეობა ამ მომენტში - ის გახლავთ სასტიკად ნაცემი, დაჭრილი და ზემოდან აზის რამდენიმე ადამიანი, რომელიც მის საცხოვრებელ სახლამდე მიყვა მას და გამეტებით ურტყამს. ვსვამ კითხვას - ამაზე მეტი აუცილებელი მოგერიება შეიძლება არსებობდეს?“, - ამბობს ადვოკატი „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, კობიაშვილს ბრალი 19 წლის ახალგაზრდის ჩვენების გამო დაუმძიმეს, რომელიც ჩვენებებში ურთიერთ გამომრიცხავ ამბავს ყვება. ადვოკატი ამბობს, რომ 19 წლის ახალგაზრდა ჯერ ყვებოდა, რომ ის კობიაშვილმა მკვლელობამდე ორი კვირით ადრე სცემა და ფული წაართვა. თუმცა მოგვიანებით ჩვენება შეცვალა და ამბობდა, რომ არავის უცემია და მოიტყუა. მესამე ჩვენებაში კი ამბობს, რომ მხოლოდ ცემა და ფული არ წაურთმევია. 

კაკაბაძე აცხადებს, რომ პროკურატურას არა აქვს ამ ფაქტის დამამტკიცებელი არც ვიდეო ჩანაწერები აქვს და არც მოწმე ჰყავს, ვინც ამ ფაქტს დაადასტურებს. ამიტომაც ადვოკატი ფიქრობს, რომ ეს ბრალდება პროკურატურას სასამართლოში უბრალოდ ჩამოეშლება. 

„პროკურატურას საქმეზე არანაირი უტყუარი მტკიცებულებები არ აქვს. საქმე ძირითადად 19 წლის ახალგაზრდას ჩვენებას ეყრდნობა, რომელიც ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს. ის არის ე.წ. დაზარალებული, რომელიც ჯერ ამბობს, რომ ვითომ კობიაშვილმა მკვლელობის დღემდე ორი კვირით ადრე სცემა და ფული წაართვა, შემდეგ მეორე ჩვენებაში იძახის, რომ არავის უცემია და არც ფული წაურთმევია, მოვიტყუეო და ცრუ ჩვენება მოვეციო. მესამე ჩვენებაში ამბობს ახლა, რომ არა - მცემა და ფული არ წაურთმევიაო. 

„აი, ასეთ მოწმეს ეყრდნობა გამოძიება და კაცს, რომელიც თავს იცავდა, ბრალს უმძიმებს. ნორმალურ ქვეყანაში ეს სასამართლოს შეუარცხყოფა იქნებოდა. 

„რაც შეეხება ჩვენს არგუმენტებს. ყველამ კარგად ნახა უტყუარი ვიდეო მტკიცებულებები, სადაც ჩანს 6 ადამიანი კობიაშვილს თავს როგორ ესხმის და მიუხედავად იმისა, რომ ის გაცლას ცდილობს, უმოწყალოდ სცემენ. ასევე, კადრებში კარგად ჩანს, რომ კობიაშვილი იარაღს გაფრთხილების მიზნით ისვრის. ამის შემდეგ კი მისთვის იარაღის წართმევას ცდილობენ, რის შემდეგაც იარაღი ვარდება და ეს ტრაგიკული ამბავი ხდება. ამიტომაც სასამართლოზე გამოძიებას კობიაშვილისთვის წაყენებული ყველა ბრალდება თავზე ჩამოეშლება და ის გამართლდება“, - ამბობს ადვოკატი „რეზონანსთან“.

ჩაწერა სახელი