ელზა პაპოშვილი
(11.05.2020)

უკვე მეორე დღეა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  სოფელ ნიგვზიანში დიდი  ტრაგედია ტრიალებს - სანადირო თოფით მეზობელმა მეზობელი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მკვლელობა და თვითმკვლელობა სოფელ ნიგვზიანში დღის პირველ ნახევარში მოხდა. როგორც „რეზონანსთან“ ადგილობრივები ყვებაინ, მამაკაცი სავარაუდოდ, მეზობლის მიერ ნასროლმა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. ხოლო როდესაც გაიგო, რომ მეზობელი მოკლა, სახლში შებრუნდა და იმავე სანადირო თოფით თავი მოიკლა. 

იმ მამაკაცის, მეზობლები, რომელმაც  სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ამბობენ, რომ  ის მონადირე კარგი მსროლელი იყო. ცეცხლსასროლ იარაღს, სავარაუდოდ, ფრინველს უმიზნებდა, თუმცა ბრმა ტყვია გავარდა და  მეზობელი, რომელიც ველოსიპეტით ქუჩაში მიდიოდა, ადგილზევე მოკლა. 

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მკვლელმა თავი მანამდე მოიკლა, სანამ გაიგებდა მისმა ნასროლმა ტყვიამ ვინ იმსხვერპლა. მან მხოლოდ ის გაიგო, რომ კაცი მოკლა, ამის შემდეგ კი განაჩენი საკუთარ თავს თავად გამოუტანა.   

„სოფელში დიდი ტრაგედია ტრიალებს. ორივე ბიჭი ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ.   მათ შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. ორივე კარგი პიროვნება. ბრმა ტყვია მოხვდა ქუჩაში მიმავალს, თურმე გოჭის საყიდლად ველოსიპეტით მიდიოდა და ამ მეზობელს სანადირო თოფიდან ფრინველისთვის უსვრია. 

“როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ფრინველს უმიზნებდა. სავარაუდოდ, ტყვიამ აისხლიტა და ეს ალალმართალი კაცი ადგილზევე მოკლა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მოკლულის ცოლმა გამოიხედა  და ქმარი დაბლა დავარდნილი დაინახა. ატეხა ყვირილი, ამ ყვირილზე გამოვიდნენ მეზობლებიც. იძახდა  მოკვდაო, რადგანაც ტყვია  თავში ჰქონდა მორტყმული და ადგილზევე დაღუპულა.  

“ვინც ისროლა, იმან ხომ გაიგო, რომ კაცი მოკლა, ჯერ თოფი ისევ ხელში ჭერია.   შებრუნდა ოთახში და თავი მოიკლა. მერე მივხვდით, რომ მის ნასროლ ტყვიას შეეწირა. ორ  ოჯახში ასეთი უბედურება ტრიალებს. შესაძლოა ამ ბიჭის ადგილზე ნებისმიერი სხვა ადამიანი ყოფილიყო. ან ბავშვი, აქ ქუჩაში ხშირად თამაშობენ ხოლმე“,-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.  

გარდაცვლილები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან საცხოვრებელ სახლებში გადაასვენეს. მათ ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდათ, ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს 108-ე, განზრახ მკვლელობის, მუხლით იძიებს.  

ჩაწერა სახელი