ელზა პაპოშვილი
(14.06.2019)

 სუციდის კიდევ ერთი მცდელობა -14 წლის გოგონა უკვე რამდენიმე დღეა კლინიკაში მძიმე მედგომარეობაში მკურნალობს. ის შესაძლოა „ლურჯი ვეშაპის“ კიდევ ერთი სავარაუდო დაზარალებული იყოს. ამის შესახებ ეჭვებს ოჯახის წევრები „რეზონანსთან“ საუბარში გამოთქვამენ. გოგონას თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა, რადგანაც მან ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერება მიიღო, რის შემდეგაც კომაში იმყოფება. 

ოჯახის წევრების განცხადებით, მოზარდი უკვე 2 კვირაზე მეტია უცნაურად იქცეოდა, ჰქონდა შიშები და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცდილობდა ფიზიკური დაზიანებების მიყენებას საკუთარი თავისთვის. შემთხვევის დღეს მოზარდს ხელზე აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ჭრილობები, რაც მშობლებს ეჭვს უჩენდა, რომ მას ამის გაკეთებას ვიღაც აიძულებდა.  

14 წლის გოგონას ოჯახი საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს. ირკვევა, რომ პოლიციამ დაზარალებულის მობილური ტელეფონი ამოიღო, თუმცა მასში ყველა ზარი და შეტყობინება უკვე წაშლილი იყო. ამიტომ პოლიციას ჩანაწერების აღდგენა და იმ პირის ან პირების დადგენა მოუწევს, ვინც შესაძლაო გოგონას აშანტაჟებდა და გარკვეული სახის დავალებებს აძლევდა. 

გოგონას ოჯახი უკმაყოფილებას გამოთქვამს როგორც პოლიციის,  ასევე იმ სამედიცინო დაწესებულების მიმართ, სადაც გოგონა მკურანლობს. მათი თქმით, სანამ მედია არ დაინტერესდა კონკრეტული ფაქტით, მანამდე გამომძიებელმა ექსპერტიზას ტელეფონი არ გადასცა, ხოლო კლინიკა აქამდე არ ცდილობდა დაედგინა რა სახის ნივთიერება აქვს გოგონას მიღებული. თუმცა, ოჯახის პროტესტის შემდეგ, ექსპერტიზამ დაიწყო გამოკვლევა, თუ რა სახის ნივთიერება აქვს გოგონას მიღებული. 

14 წლის მოზარდის დედა ინგა ბურდული „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ბოლო დროს გოგონა დეპრესიული იყო და უცნაურად იქცეოდა. მან შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე დედას უთხრა, რომ მას ჰქონდა სიკვდილის შიში და საფრთხე ემუქრებოდა. უთხრა, რომ დეპრესიაში იყო და ფსიქოლოგი სჭირდებოდა. დედა დაჰპირდა, რომ მას ორშაბათს ექიმთან წაიყვანდა, თუმცა ვეღარ მოასწრო, რადგანაც გოგონამ კვირას, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა. 

ბურდული იხსენებს, რომ ბავშვი ბოლო დროს მუდმივად ტელეფონზე მესიჯობდა და ვიღაცას ესაუბრებოდა, მშობლების კითხაზე, ვის ელაპარაკებოდა ასეთი ინტენსიურად, გოგონა არ პასუხობდა და მესიჯებს შლიდა.  

„როდესაც საავადმყოფოში შევიყვანეთ, ექიმებმაც და მშობლებმაც ვნახეთ, რომ მას ფიზიკურად გარკვეული დაზიანებების ნიშნები აქვს. ექიმებმაც გვკითხეს, რა იყო და რატომ ჰქონდა ეს დაზიანებები.  

„რა თქმა უნდა, ვამჩნევდი, რომ დეპრესიაში იყო. მომენტში ამბობდა, რომ ვერ მხედავდა და სიკვდილის შიში ჰქონდა. მეკითხებოდა, დედიკო შენ ან მე ხომ არ მოვკვდებითო. ბოლო 3 დღე ფანჯრებს კეტავდა - მეშინიაო

„ყველა მიმოწერა და ესემესი წაშლილია. როდესც ვეკითხებოდი ვის წერდა, ხმას არ მცემდა. არ ვიცი... ვიღაცის დავალებებს ასრულებდა, ასეთი ეჭვი გვაქვს. მინდა პოლიციას ვთხოვო, რომ დროულად გამოიძიოს და დადგინდეს ბავშვს ვინ შეიძლება აშანტაჟებდეს“, - აცხადებს ინგა ბურდული „რეზონანსთან“.

არასრულწლოვნის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მას სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევა დროულად არ ჩაუტარდა. მიზეზის დადგენას კი ისინი ჯანდაცვის სამინისტროსგან ცდილობენ. განაცხადი უწყებაში უკვე შეტანილია და მათგან დროულ რეაგირებას ელიან. 

ბავშვთა „პრივატ კლინიკაში“ კი „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ, სავარაუდოდ, სახეზეა მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია, თუმცა ნივთიერების შემცველობა უცნობია, სინჯები უკვე ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი და პასუხს ელიან. 

შსს-ში კი აცხადებენ, რომ მოზარდის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ შეტყობინება მათ 9 ივნისს მიიღეს და ამ დრომდე გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა.

მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ საქმეში ახალი გარემოება გამოიკვეთა. როგორც ირკვევა, უბედურ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე, გამთენიისას 6 საათზე 14 წლის ბავშვი მეზობელმა სახლის წინ ეზოში შენიშნა, იგი ტელეფონით საუბრობდა. გამოძიება ახლა ამ პირის ვინაობის დადგენას ცდილობს.

ჩაწერა სახელი