დღევანდელი მეთოდებით ევროპაში ჩასვლა და სამუშაოს მოძებნა თითქმის შეუძლებელი გახდა
თეო გუდავაძე
(24.01.2019)

 ევროპიდან დეპორტით უკან გამობრუნებული ქართველების რაოდენობა ყოველდღე მატულობს. სამშობლოში ჩამოსული ადამიანები თავიანთ პრობლემებზე დაუფარავად საუბრობენ. ფაქტია, რომ შენგენის ზონაში ჩასვლა და იქ არალეგალურად დასაქმება თანდათან შეუძლებელი ხდება. საფრთხე შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციის პროცესსაც დაემუქროს.

ამის გამო შესაძლებელია, უვიზო მიმოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, მიგრანტთა დიდი რაოდენობაა. ნინა ლომაია ერთ-ერთი მათგანია, ვინც შენგენში თავშესაფარს ეძებდა და ავსტრიის ლტოლვილთა ბანაკში ერთწლიანი ცხოვრების შემდეგ ოჯახთან ერთად უკან გამოაგზავნეს:

"ავსტრიაში ჯერ მარტო წავედი და მერე ჩემი ოჯახიც ჩამოვიდა. ერთი წელი ლტოლვილთა ბანაკში ვცხვოვრობდით, მაგრამ ახლახან "გამოგვადეპორტეს" და მომიწია ჩამოსვლა საქართველოში, სადაც საშუალო ხელფასით ცხოვრება შეუძლებელია. მესმის, რომ ევროპაში უამრავი მიგრანტია, მათი უმრავლესობა ძალიან ცუდად იქცევა და საფრთხეს წარმოადგენს იმ ქვეყნისათვის, სადაც არის, მაგრამ დეპორტი ჩემი ოჯახისათვის განაჩენივით იყო", - უთხრა ნინა ლომაიამ "რეზონანსს".

ლალი მოსიაშვილი უკვე ხუთი თვეა, იტალიიდან გამოაძევეს და ამიტომაც მოუწია ევროპის დატოვება:

"ერთი წელი ვიცხოვრე და ვიმუშავე იტალიაში არალეგალად და ასე ამოვიყვანე ჩემი ოჯახი ვალებიდან, მაგრამ "გამომადეპორტეს" და მომიწია საქართველოში დაბრუნება ისე, რომ უკან ჩასვლის შანსიც აღარ დამრჩა", - აღნიშნა მან.

უკან იძულებით გამობრუნებული ქართველების რაოდენობა დღითი დღე იმატებს და სოციალურ ქსელშიც ხშირად წერენ ეს ადამინები თავიანთ პრობლემებზე.

საქართველოში ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის ელჩები კი საუბრობენ, რომ დეპორტაციის მიზეზი თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი რაოდენობა და ქართველი მიგრანტების მიერ დანაშაულის მატებაა.

გერმანიის შემდეგ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხეზე უკვე საფრანგეთიც ალაპარაკდა. ამ ქვეყანაში თუ უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე წელიწადში 2000 ადამიანი ითხოვდა თავშესაფარს, დღეს მათი რიცხვი 6000-ს აღწევს. საქართველოში საფრანგეთის ელჩი ამ სტატისტიკას ადასტურებს. კითხვაზე - არსებობს თუ არა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე, პასკალ მონიე პასუხობს, რომ თეორიულად ამის შანსი არის, თუმცა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს პოლიტიკურად ამის გაკეთება არ სურთ. მთავარ პრობლემად დიპლომატი კრიმინალს ასახელებს და ამბობს, რომ საზღვარგარეთ ჩასული ქართველების ნაწილი კრიმინალურ დაჯგუფებებში ხვდება.

"ვიზალიბერალიზაციის შემდეგ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი პროგრესულად იზრდება და 2017 წელს მან 6000-ს მიაღწია, დეკემბერში კი მხოლოდ ერთ თვეში 1000 იყო. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ გვინდა, თავშესაფარი მათ მივანიჭოთ, ვინც მართლა იტანჯება. მაგალითად, სირიიდან, ავღანეთიდან და საქართველოდანაც თუკი მართლა იდევნება, მაგრამ აქედან უფრო მეტად არა პოლიტიკური დევნილები, არამედ ეკონომიკური მიგრაციაა, რაც არალეგალურია. ამიტომ ისინი თვითმფრინავით უკან იგზავნებიან საქართველოში მათივე ხარჯით.

ჩვენ არ გვინდა, რომ ეს პროცესი დაუსრულებლად გრძელდებოდეს, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებასთან დამატებით ზომებზე ვიმსჯელებთ, როგორ ვებრძოლოთ ამას. თეორიულად მართლაც არსებობს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობა, რადგან გაზრდილი დონე აძლევს შენგენის წევრ სახელმწიფოებს უფლებას, აამუშაოს შეჩერების მექანიზმი, მაგრამ პოლიტიკურად ამის გაკეთება არ გვსურს. არ გვინდა, მათ გამო, ვინც ცუდად იქცევა, ისინი დაისაჯონ, ვინც კარგად იქცევიან.

რაც შევამჩნიეთ, ეს ხალხი დაკავშირებულია ორგანიზებულ დანაშაულთან. ვფიქრობ, რამე ქსელი ხელმძღვანელობს მათ. ისინი ფიქრობენ, რომ სამუშაოს იშოვიან, მაგრამ რადგანაც ვერ პოულობენ, იოლად იწყებენ ქურდობას მაღაზიებში და ხდებიან კრიმინალები", - ამბობს ელჩი.

ქართველი მიგრანტები რომ შენგენისათვის პრობლემად იქცა, ადასტურებს შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომიც. დადგენილია, რომ შვედეთში სახლების ქურდობის შემთხვევების ნახევარი უცხო ქვეყნების მოქალაქეებისაგან, მათ შორის ქართველებისაგან შემდგარი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერაა ჩადენილი. პრობლემას წარმოადგენს მაღაზიის დახლებიდან ნივთების მოპარვაც.

"მიუხედავად იმისა, რომ იკვეთება აღნიშნული პრობლემის უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენებასთან კავშირი, ნამდვილად არ მივიჩნევთ, რომ თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს ყველა მოქალაქე ჩართულია დანაშაულებრივ საქმიანობაში. შვედეთის პოლიციამ გააძლიერა ძალისხმევა ორგანიზებული ქურდული ჯგუფების შესაჩერებლად და აღნიშნულ ღონისძიებებს თვალსაჩინო შედეგი აქვს", - აცხადებს ურლიკ ტიდესრომი.

ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმება მოსალოდნელი ნამდვილად არ არის. სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე აღნიშნავს, რომ ამაზე პერიოდულად საუბარი იწყება სხვადასხვა ოფიციალური პირის მხრიდან, თუმცა ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

"პირველი ვიზიტის დროს ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერს შეხვდა და მან დაადასტურა, რომ უვიზო მიმოსვლის არანაირი საფრთხე არ არსებობს. ორი წლის წინათ, როდესაც ახალი მინიჭებული ჰქონდა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია, მაშინ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებდა ცნობებს, სადაც გაზრდილილი იყო საფრთხე. იუნკერმა ისიც კი თქვა, რომ რამე ტიპის შეჩერების მექანიზმიც კი არ არის ამ ეტაპზე ნავარაუდები ევროპელების მხრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუძლია, წამსვლელების მონიტორინგი გაამკაცროს, მოახდინოს მათი ფინანსური მდგომარეობის შესწავლა, სხვადასხვა ინფორმაცია შეაგროვოს, ძალიან რთულია, აუკრძალო ადამიანს წასვლა. თუნდაც პიროვნებას არ გააჩნდეს შემოსავალი ან თანხა არ ჰქონდეს ანგარიშზე, ამგვარი ინფორმაციაც კი არ იძლევა იმის უფლებას, რომ ობიექტს შეუზღუდო გადაადგილების თავისუფლება. ეს არის დღევანდელი რეალობის ობიექტური შეფასება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ვალერიან გორგილაძემ.

ჩაწერა სახელი