ვახტანგ გორგასლის მუზარადს წინ მგელი ეხატა, უკან - ლომი, რაც მტერს შიშის ზარს სცემდა
ია აბულაშვილი
(12.10.2017)

 ქართულმა ისტორიოგრაფიამ არაერთი უნიკალური მასალა შემოგვინახა ძველი ქართული საბრძოლო იარაღისა და სამოსის შესახებ. რა თქმა უნდა, ყველა იარაღზე ერთ სტატიაში ვერ ვისაუბრებთ, თუმცა რამდენიმე მათგანის შექმნის ისტორიაზე შევაჩერებთ მკითხველის ყურადღებას.

როგორც ისტორიკოსები ამბობენ, საქართველოში იარაღის წარმოება სათავეს ბრინჯაოს ხანიდან იღებს. პირველი უნიკალური ნიმუში, რომელიც შემორჩენილია, არის ბრინჯაოსგან ჩამოსხმული პატარა ზომის კოლხური ცული, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს.

ქართველებს ასევე ჰქონდათ უძველესი იარაღი, რომელსაც ტაბარი ერქვა. სულხან-საბას მიხედვით, ის იყო ნაჯახი, ცალპირიც და ორპირიც, ცხენზე დასაკრავი; ჰქონდათ მათრახი, რომელიც უბრალოდ მათრახი არ იყო, მებრძოლის ხელში ის უსასტიკესი იარაღი იყო, მოქნევისას მისი ტკაცუნის ხმა გასროლის ხმას ჰგავდა თურმე.

საქართველოში ხმლების, შუბების, ფარების დამზადებასაც დიდი ხნის ისტორია აქვს. ყველაზე მეტად გავრცელებული იყო ხმალი, კერძოდ, დავითფერული ცალპირა გრძელი ხმალი, რომელიც იყო დრეკადი და სამღარიანი. თუშებს ჰქონიათ ორლესული გრძელი სწორი ხმალი. ასევე, გავრცელებული იყო უნიკალური ქართული გორდა ხმალი.

ქართული ფარი

ფარის ორი სახეობა ყოფილა, რომელთაც მოხმარების ორმაგი ფუნქცია ჰქონდათ - საბღუჯი-ხელით სახმარი და მკერდზე სატარებელი. საბღუჯის გარდა, ფარს გარშემო ჰქონდა 8 სამაგრი თასმებისთვის, ზედა ორი კისერზე საკიდი, მარჯვენა და მარცხენა.

ოქროს ფონდში დაცულია ვახტანგ გორგასლის ტყავის ფარი, რომელიც "ვიგრის" ტყავისაა.

აყველაზე მეტად ხევსურული ფარის დამზადების წესია ჩვენში შემორჩენილი. ის არამარტო თავდაცვისთვის, არამედ თადასხმისთვისაც გამოიყენებოდა. ფარის ბასრი კედლები დიდ ზიანს აყენებდა მოწინააღმდეგეს;

ხევსურული ფარის დასამზადებლად ძირითადად გამოიყენებოდა ხარის ქედის ტყავი. მას საგანგებოდ ამუშავებდნენ. მრგვალი ფორმის გამოჭრილ ტყავს ჟღინთავდნენ მურით და ხარშავდნენ მურთან ერთად. დღე-ღამის განმავლობაში ტოვებდნენ და მერე აშრობდნენ. შემდეგ ფარს ფარავდნენ ლითონის ნაჭრებით. ფარს შუაში ჰქონდა ასევე რკინის მრგვალი გუმბათი, რომელიც ხელს დარტყმისგან იცავდა. ხევსურულ ფარზე ჯვრის გარდა არც ერთი ორნამენტი არ იყო გამოსახული.

ქართული ჯაჭვის პერანგი - აბჯარი

საქართველოში საბრძოლო ირაღებთან ერთად ფართოდ გამოიყენებოდა სხვადასხვა სახის დამცავი საშუალებები, მაგალითად, ჯაჭვის პერანგი, სამკლავურები, წვივსაკრავები, სამუხლეები, გულ-მკერდის დამატებითი ფოლადის ფირფიტები, მუზარადი, ჩაჩქანი და სხვა.

სულხან-საბას მიხედვით, ჯაჭვის პერანგის ხუთი სახეობა ყოფილა საქართველოში გავრცელებული. "აბჯარი ესე ზოგადი სახელი არს ყოველთა საჭურველთა და უფროსად საცვამად ჯაჭვთა". "ჯავშან არს აბჯარი რკინისა ტანსაცვაში ჯაჭვი, ხოლო ამა ჯავშანთა გვარნი არიან ხუთ: სამანქანი, ზიადლი, სოსროანი, ქირიფქა და ჯაბალა".

ეს ხუთი სახეობა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა სხვადასხვა ნიშნით - "ფარეშოვანი და უფარეშო, ნიკარტოვანი, გადაგრეხით ძნელად გადასატეხი. მგვრალ და ბრტყელთვალიანი, ბასრთვალიანი"

ჯაჭვის პერანგი წვრილი რგოლებით იყო მოქსოვილი, რომელიც ისარს არ ატარებდა. მისი მოქსოვა ძალიან ძნელი იყო, ამიტომ მხოლოდ მეფეები და დიდებულები ატარებდნენ. პერანგი კისრამდე ფარავდა მებრძოლს. ჯაჭვის პერანგის ხარისხზე იყო დამოკიდებული მებრძოლის სიცოცხლე.

სულხან-საბასგან ვიგებთ, როგორი უნდა ყოფილიყო კარგი ხარისხის აბჯარი: "გრძელი და ფართო, ჯაჭვის თველი რაზმად და რაზმად დაწყობილი იყოს. ფარეშ მშვენიერი და ძნელად გასახსნელი, ნოტიობაში ძნელად დაგესლდეს, ყრილი არ ჰქონდეს. კალთიდან შედევნებით უსხო და უსხოსი იყოს მკერდა, ბეჭთა და ღლითა უზრქელესი და მიყრელი იყოს".

ჯაჭვის პერანგი ბევრად უფრო მოქნილი და მსუბუქი იყო, ვიდრე მთლიანი ფირფიტებისგან შემდგარი აბჯარი - თორანი. ისტორიულ წყაროებში თორანი მოხსენიებულია ასე: "თორანი-არს მთელი რკინა პოლიტიკი (რკინის ფიცარი) ტანს ჩასაცმელი".

მუზარადი

ქართველი მეომარი ჯაჭვის პერანგთან ერთად ბრძოლისას ასევე იყენებდა თავსაბურავს. სულხან-საბა თავსაბურავის სახელად იხსენიებს ზუჩს და მასში რამდენიმე სახეობას აერთიანებს "ზუჩნიცა არიან ხუთგვარნი, რომელსა თავზე რკინა აქვს, რომელსა კვერცხსა სახელდებენ და ზარადი წინა და უკანით გრძლად.

იგი არს ზუჩი, რომელმე მუზარადად უხმობენ არს მსგავსი ზუჩის. თავს დასარქმელი, საცხვირე და პირსა, არრარა, იგი არ ჩაჩქანი და სხვა არს, რომელსა პოლოტიკი არა აქვს, თავსახურაი ლიტონი ჯაჭვია, იგი არს ჩაბალახი".

ჩაჩქანი ხევსურეთში ფართოდ იყო გავრცელებული, რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა, ჩაჩქანის ჯამი და ჯამიდან ჩამოშვებული ბადე, რომელსაც ხევსურები ზარდს უწოდებდნენ. იგი მთლიანად ფარავდა მებრძოლის სახეს და მას სათვალურები ჰქონდა, საიდანაც მებრძოლი იხედებოდა; ყველა სახის თავსაბურავის ქვეშ მეომარი იხურავდა ნაბდის ქუდს ან ჩაიფენდა საფენს, რათა დატყმის დროს თავი არ სტკენოდა.

ვახტანგ გორგასლის მუზარადს წინ მგელი ეხატა, უკან ლომი. სპარსელებს გორგასლის მუზარადის დანახვა შიშის ზარს სცემდა და გაჰყვიროდნენ "დურ აზ გორგასალ"-მგლის თავს მოერიდეთო.

სამკლავეები

მეომარს ასევე დაცული ჰქონდა კიდურებიც. სამკლავე ეწოდებოდა ჯავშანის ნაწილს, რომელიც თავიდან მაჯამდე ფარავდა მკლავს. სამკლავე შედგებოდა ორი ნაწილისაგან - სამკლავე და სამაჯური.

ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული იყო "ჭიკუთი"-პატარა რგოლებით. სამკლავს ჰქონდა ღვედები, რითაც იგი მაგრდებოდა მკლავზე. საფახური ხელის მტევნის დასაფარი ჯაჭვის თათმანი იყო. საბრძოლო ხელთათმანის გარეთა მხარე დაფარული იყო ჯაჭვით, შიდაზე კი ქსოვილი იყო გამოკრული.

სამუხლე და საბარკული-სხეულის ქვედა ნაწილის დასაფარად გამოიყენებოდა. სულხან-საბა მას საყირმუბას უწოდებს. ხევსურულ აბჯარს საჩერნე ერქვა. საჩერნე მეომარს წვივს უფარავდა, მოდიოდა თეძოდან და კოჭებამდე გრძელდებოდა. საჩერნეც ჯაჭვისგან იყო მოქსოვილი.

ერეკლე მეფის თოფხანის მსახურნი

პლატონ იოსელიანის გადმოცემით, ერეკლე მეორის დროს თოფხანის მსახურნი ყოფილან: "განმგე ჯაბახანისა მეფის ძე იოანე. ზედამხედველი თავადი გურამიშვილი, ხუმრობით კნიაზად წოდებული. მსროლელნი ზურაბ ხიდისთაველი.

ზურაბ ხაჩიშვილი, ბოდბისხევიდან, ამას მოხუცსა მეც მოვესწარი. თოფის წამლის გამკეთებლები ზედამხედველი ერასტი სოროლაშვილი, ნალეკარი, ხერთვისიდამ ტყვედ მოყვანილი 1770 წელსა და მისი თანაშემწე პეტრე ხიზაბარელი და 20 სხვა.

წამლის კეთება არავის ჰქონდა აღკვეთილი, ყოველ სოფელში აკეთებდნენ თავისთვის სახმარსა და ჰყიდდენცა თავისუფლად".

ჩაწერა სახელი
ვასო (12.10.2017)
ფოტოზე, მგონი. ადიღეელები არიან გამოსახული.