მამუკა ნაცვალაძე
(19.06.2022)

ერეკლე მეორის შესახებ სამეცნიერო მონოგრაფიაზე მუშაობისას უცნაურ ტენდენციას წავაწყდით. ცალსახად გამოიკვეთა, რომ იმ ორგანულ პროცესებს, რომელიც განსაზღვრავდა მეთვრამეტე საუკუნისა და შემდგომი პერიოდის პოლიტიკის ხასიათსა და ტენდენციებს, მეცნიერები ფაქტობრივად არ ეხებოდნენ. 

ერეკლეს ეპოქის კვლევისას საბჭოურ და პოსტაბჭოთა ისტორიოგრაფიას საქართველოსთან მიმართებაში არ გახსენებია:

1. შვიდწლიანი ომი, რომელმაც ახალ მსოფლიო ისტორიულ პროცესს დაუდო სათავე,

2. ევროპის გადანაწილებისა და ოსმალეთის განეიტრალების რუსულ-ავსტრიული პროექტი, რომელიც „ბერძნული პროექტის“ სახელითაა ცნობილი,

3. ოსმალეთ-რუსეთ-ირანის პოლიტიკურ სამკუთხედს იქით კიდევ რომ  არსებობს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი სამყარო,

4. ის, რომ კავკასია მსოფლიო ისტორიული არეალის ნაწილია და არა რუსულ პოლიტიკური ორბიტის შემადგენელი.

აშკარად ჩანს, რომ საკითხის ობიექტური კვლევის პროცესს სისტემური იდეოლოგიური ბარიერი ეღობებოდა.

ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია რა იყო ეს იდეოლოგიური ბარიერი. აღმოჩნდა, რომ ამ საკითხების იგნორირება სათავეს მარქსიზმის კლასიკოსთა დაპირისპირებიდან იღებდა. რუსული იმპერიული პოლიტიკის კვლევა მკაცრ იდეოლოგიურ ჩარჩოში მოექცა, შესაბამისად, სხვა თემებთან ერთად ტაბუ დაედო ერეკლე მეორის ეპოქის ობიექტურ კვლევას. 

როგორ ჩააგდო ბოლშევიკმა ადორადცკიმ განხეთქილების ვაშლი სტალინსა და ენგელსს შორის

ჟურნალ „ბოლშევიკის“ 1941 წლის მაისის ნომერში დაიბეჭდა სტალინის წერილი „ენგელსის სტატიის „რუსეთის ცარიზმის საგარეო პოლიტიკის შესახებ.“ ამაში თითქოს არაფერი იყო უჩვეულო, 1941 წლის 22 ივნისამდე სულ ცოტა დრო რჩება, იდეოლოგიური ბრძოლა მასშტაბურ დატვირთვას იძენდა და იდეოლოგები იშველიებენ მარქსიზმის კლასიკოსებს, მათ შორის ენგელსს, თუმცა, საცნაური იყო ის, რომ ამ წერილით სტალინი იდეოლოგიური პოზიციის გამყარებას კი არ ცდილობდა, არამედ მწვავედ აკრიტიკებდა ენგელსს. 

საგულისხმოა ის, რომ სტალინის ეს წერილი შვიდი წლით ადრე, 1934 წელს დაიწერა. შვიდი წლის განმავლობაში ორჭოფობდა ბელადი გამოეტანა თუ არა სააშკარაოზე ენგელსთან იდეოლოგიური უთანხმოება. ის ფაქტი, რომ ომის წინ გადაწყვიტა ენგელსის კრიტიკა, თავისთავად მიანიშნებდა რა დიდი მნიშვნელობა გააჩნდა ამ ნაბიჯს საბჭოთა იდეოლოგიისათვის. 

ეს ინტრიგა უწყინარ სიტუაციაში ჩაისახა. პირველი მსოფლიო ომის დაწყების 20 წლის თავზე, 1934 წელს ბოლშევიკმა ადორადსკიმ გადაწყვიტა გამოექვეყნებინა ენგელსის სტატიის „რუსეთის ცარიზმის საგარეო პოლიტიკის“  სრული ვარიანტი, რაც საბჭოთა იდეოლოგიისათვის ფაქტობრივად თვითლუსტრაცია გახლდათ. ვითარებას განსაკუთრებით ართულებდა ის, რომ ამ კრიტიკის ავტორი იყო არა შემთხვევითი პიროვნება, არამედ  მარქსიზმის კლასიკოსი.

სიტუაცია ჩიხში იყო შესული, საკითხის გრანდიოზული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სტალინმა თავის თავზე აიღო ვითარების განმუხტვა და 1934 წლის 19 ივლისს გაზეთ „ბოლშევიკში“ გააგზავნა წერილი „ენგელსის სტატიის „რუსეთის ცარიზმის საგარეო პოლიტკის“ შესახებ“, რომელიც გახლდათ პოლიტბიუროს წევრებისადმი მიმართვა და არ იყო გათვალისწინებული დასაბეჭდად. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ამ წერილში მოცემული დასკვნები, მიუხედავად წერილის არაოფიციალური ხასიათისა, უნდა ყოფილიყო მთავარი გზავნილი როგორც საბჭოთა პროპაგანდისტების, ასევე მეცნიერებისათვის.

უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ ეს 1934 წელია, სახასიათო ეტაპი საბჭოთა იდეოლოგიისათვის - მზადდება დასავლეთ უკრაინისა და ბალტიისპირეთის ოკუპაცია, იგეგმება ფინეთის დაპყრობა. ასეთ აგრესიულ პოლიტიკას, რომელსაც თავის მხრივ იმ პერიოდის მთელი მსოფლიო უპირისპირდება, ბუნებრივია, კიდევ უფრო გაამძაფრებდა მარქსიზმის კლასიკოსის ენგელსის ნაშრომის დაბეჭდვა, რამდენადაც თავდაყირა დგებოდა საბჭოთა იდეოლოგიური პოსტულატები. ამიტომაც თვლიდა საჭიროდ სტალინი, ჟურნალ „ბოლშევიკის“ რიგითი მკითხველის რანგში მიეწოდებინა დირექტივები ჟურნალის რედაქციისათვის. 

როგორ შეუქმნა საფრთხე ენგელსმა რუსულ საბჭოთა იმპერიალიზმს

ამ ფონზე ერთიორად გამძაფრებულია ენგელსის სტატიისადმი ინტერესი. მაინც რამ გააღიზიანა სტალინი? რით უქმნიდა დისკომფორტს ამ ამბიდან თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, 1895 წელს გარდაცვლილი ენგელსი საბჭოთა იდეოლოგიას?

სტალინის შეურიგებელ პოზიციას განაპირობებდა ის რეალობა, რომ ენგელსმა ნიღაბი ჩამოხსნა რუსეთის იმპერიის განმათავისუფლებელისა და ქრისტიანთა ქომაგის როლს. ენგელსი ცალსახად მიანიშნებს, რომ ეს სწორედ ის ტაქტიკა გახლდათ, რითაც რუსეთს მსოფლიოზე გავლენის მოპოვება უნდოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ენგელსი წერდა: „რუსეთს სურდა ბერძენი ქრისტიანების მუსულმანური ჩაგვრისგან გათავისუფლების მოტივით თავად დაეკავებინა მუსულმანების ადგილი...“ 

მარქსიზმის კლასიკოსის ნაშრომში განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული კონსტანტინოპოლზე. ენგელსი მიანიშნებს, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკური იდეოლოგია კონსტანტინოპოლს ცალსახად მარტო რუსულ ქალაქად კი არა, რუსეთის იმპერიის მესამე დედაქალაქად თვლის. ენგელსი გადმოგვცემს რუსეთის იმპერიაში არსებულ საყოველთაო განწყობას, რომლითაც კონსტანტინოპოლის დაპყრობა სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი მიზანი იყო. ენგელსი განმარტავს იმასაც, რა უპირატესობას ჩაიგდებდა ხელში რუსეთი კონსტანტინოპოლის დაპყრობის შედეგად. აი რას წერს ის: „ცარგრადი, მოსკოვსა და პეტერბურგთან ერთად, როგორც მესამე დედაქალაქი, იქნებოდა არა მარტო მორალური ბატონობის სიმბოლო აღმოსავლეთ საქრისტიანოსათვის, არამედ იქნებოდა გადამწყვეტი ეტაპი ევროპაზე გაბატონებისათვის.  ეს იქნებოდა შავ ზღვაზე, მცირე აზიასა და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე განუყოფელი ბატონობის დასტური.  ეს იმის ნიშანი იქნებოდა, რომ შავი ზღვა ცარის პირველივე  სურვილით დაიკეტებოდა რუსულის გარდა ყველა სავაჭრო და სამხედრო ფლოტისთვის და გადაიქცეოდა რუსულ სამხედრო ყურედ...“ 

სახასიათო ნიუანსია ისიც, რომ ენგელსი რუსეთის ლტოლვას კონსტანტინოპოლისადმი განიხილავს მსოფლიო ომის წინაპირობების მთავარ სამ ფაქტორთაგან მეორე ნომრად. 

ენგელსის ნაშრომი 1890 წელსაა დაწერილი, შესაბამისად აქ XIX  ს-ის 90-იანი წლების განწყობებია ასახული, მეფის რუსეთის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებაც ამ პრიზმიდან, ლოგიკურია. მაგრამ საკითხავია, რატომ აღიზიანებს ენგელსის მიერ მეფის რუსეთის იმპერიული პოლიტიკის მხილება სტალინს? 1934 წელი ხომ თვისებრივად სულ სხვა პერიოდია, საბჭოთა კავშირი ახალ ეტაპს ქმნის მსოფლიო პოლიტიკაში, სწორედ ამიტომაც ჩნდება კითხვა - რატომ იყო სტალინისათვის მიუღებელი მარქსიზმის კლასიკოსის ნაშრომი, სადაც სწორედ იმ რუსეთის კრიტიკა გახლდათ, რომელსაც თავად სტალინის მეთაურობით საბჭოთა წყობა ებრძოდა უსასტიკესი მეთოდებით? 

რუსეთის საგარეო პოლიტიკის შეფასების სტალინური დირექტივები

თეორიულად თითქოს ყველაფერი გარკვეულია, საბჭოთა კავშირი თვისებრივად განსახვავებული, სოციალურ თანასწორობაზე ორიენტირებული სახელმწიფოა, თუმცა, პრაქტიკულად ბევრი რამ სხვაგვარადაა, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრისას. ფაქტია, რომ სტალინის პერიოდის საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკის მიმართულებები პედანტურად ემთხვევა და იმეორებს ცარიზმის პოლიტიკის აგრესიულ ფორმებს, ამიტომ ცარიზმის კრიტიკას სტალინი საკუთარი საგარეო პოლიტიკის კრიტიკად აღიქვავს.

სწორედ ეს ტენდენცია იკვეთება სტალინის წერილში, სადაც კრიტიკულად აფასებს ენგელსის პოზიციას. აი რას წერს სტალინი: „რუსული ცარიზმის აგრესიულ პოლიტიკის აღწერისას და ამ პოლიტიკის მხილებისას, ენგელსი განმარტავს მას არა იმდენად რუსეთის სამხედრო-ფეოდალურ-სავაჭრო ელიტის „საჭიროებით“,  ზღვაზე გასასვლელის მოპოვებით... საგარეო ვაჭრობის გაფართოებით და სტრატეგიული პუნქტების დაკავებით, არამედ იმით, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკის სათავეში იყვნენ უცხოელი ავანტიურისტები - ვითომ ყოვლისშემძლე და ნიჭიერი ბანდა, რომელთაც რატომღაც გაუმართლა და მოახერხა ყველა დაბრკოლების გადალახვა,  რომელთაც მოატყუეს ყველა ევროპელი მმართველი და მიაღწიეს იმას, რომ საბოლოოდ რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით ძლიერ სახელმწიფოდ იქცა.“

„დაპყრობის პოლიტიკა, თავისი სისაძაგლეებითა და სიბინძურეებით, სულაც არ წარმოადგენდა რუსი მეფეების მონოპოლიას. ყველამ იცის, რომ დაპყრობის პოლიტიკა ასევე მეტად თუ არა, არანაკლებ დამახასიათებელი იყო ყველა ევროპული ქვეყნის მეფეებისა და დიპლომატებისთვის.“ 

სოფისტური არგუმენტების შემდეგ სტალინი აჯამებს სათქმელს და წარმოგვიდგენს იმ სამ მიზეზს, რომლის გამოც მისი აზრით არ არის გასაზიარებელი ენგელსის პოზიცია.

 „ა) მსოფლიო ომის გაჩაღებაში რუსეთის მიერ კონსტანტინოპოლისკენ სწრაფვა გადაჭარბებულადაა შეფასებული. მართალია, თავდაპირველად ენგელსი ომის ფაქტორად პირველ რიგში აყენებს გერმანიის მიერ ელზას-ლოთარინგიის ანექსიას, მაგრამ შემდეგ ეს მომენტი უკანა პლანზე გადააქვს და ხაზს უსვამს რუსული ცარიზმის აგრესიულ მისწრაფებებს და ამტკიცებს, რომ „მსოფლიოს მთელი ეს საფრთხე. ომი გაქრება იმ დღეს, როდესაც რუსეთში მოვლენები ისე განვითარდება, რომ რუსი ხალხი შეძლებს ბოლო მოუღოს ტრადიციულ დაპყრობით პოლიტიკას. ”

ბ) რუსეთში ბურჟუაზიული რევოლუციის როლი გადაჭარბებითაა შეფასებული... ენგელსი ამტკიცებს, რომ რუსული ცარიზმის დაცემა ერთადერთი საშუალებაა მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად. ეს აშკარა გაზვიადებაა.

გ) ცარისტული ხელისუფლების, როგორც „სრულიად ევროპული რეაქციის უკანასკნელი დასაყრდენის“ როლი გადაჭარბებითაა შეფასებული. ეჭვგარეშეა, რომ ცარისტული ძალა რუსეთში იყო ევროპული (ისევე როგორც აზიური) რეაქციის მძლავრი დასაყრდენი. მაგრამ ის რომ ამ რეაქციის ბოლო დასაყრდენი უნდა იყოს - ამაში ეჭვის შეტანა დასაშვებია.“

სტალინის ეს წერილი ცალსახა გზავნილია არა მარტო პოლიტიკოსებისთვის, არამედ მეცნიერებისთვის. ამ წერილის მიხედვით აშკარად გამოიკვეთა ის საბჭოური დოგმატური დაუწერელი ნორმები, რომლითაც ნებისმიერ მეცნიერს უნდა ეხელმძღვანელა. კერძოდ: 

1. დაუშვებელია რუსეთის საგარეო პოლიტიკის კრიტიკა.

2. რუსეთის საგარეო პოლიტიკა არ უნდა განიხილებოდეს აგრესიის კონტექსტში.

3. კონსტანტინოპოლისადმი რუსეთის სწრაფვა უნდა შეფასდეს არა როგორც უცხო ქვეყნის დაპყრობის, არამედ სავაჭრო ბაზრის გაფართოების სურვილი.

4. არ უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ცარისტული რუსეთი საბჭოთა პერიოდის რუსეთისაგან. შესაბამისად მეფის რუსეთის კრიტიკა აღქმულ უნდა იყოს საერთო რუსული პოლიტიკის კრიტიკად.

აშკარად იკვეთება კონიუნქტურული დაკვეთა - მეფის რუსეთის იმპერიული პოლიტიკისადმი ადვოკატური მიდგომის საჭიროება. სტალინის წერილის ქვეტექსტის შესაბამისად საბჭოთა პროპაგანდამ ჩამოაყალიბა დაუწერელი დოგმები, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელათ საბჭოთა ისტორიკოსებს. სტალინის შენიშვნებიდან აშკარაა, რომ აკრძალულ თემებს განეკუთვნება რუსეთის იმპერიაზე, როგორც დამპყრობლზე, მსჯელობა. შესაბამისად, მეცნიერება უნდა დაბრუნებოდა იმ ერთმორწმუნეობისა და კულტურული უპირატესობის იდეოლოგიურ შაბლონს, რომელსაც მეფის რუსეთი იყენებდა დამპყრობლური პოლიტიკის გამართლებისთვის და რომელიც სააშკარაოზე გამოიტანა ენგელსმა.

ასე აღმოჩნდა ერთმორწმუნეობა მთავარი პარადიგმა ერეკლე მეორის საგარეო პოლიტიკის მკვლევართათვის. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე