ელზა პაპოშვილი
(17.01.2022)

ლაგოდეხში, ყოფილი მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულ 38 წლის კაცს ბრალი წარუდგინეს, თუმცა, ის დუმილის უფლებას იყენებს. 

გიორგი ბარბაქაძე კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის პირველადი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მას საგამოძიებო უწყება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება.

მკვლელობა ლაგოდეხში, რომელიც თავდაპირველად ადგილობრივებს უბედური შემთხვევა ეგონათ, მიზეზი ინსცენირება იყო, თითქოს 37 წლის ქალი ბუნებრივი აირით გაიგუდა. თუმცა, ექსპერტიზაზე მისი დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქალს სხეულზე ძალადობის ნიშნები ეტყობოდა. 

გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ნონა ჭაბაშვილი, რომელსაც სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, მისმა ყოფილმა ქმარმა გაგუდა, შემდეგ კი გაზის ონკანი გახსნა და ადგილიდან მიიმალა. მამაკაცი წარსულში ნასამართლევია და ამჟამადაც პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო. ქალი საწოლზე მწოლიარე უკვე გარდაცვლილი მისმა ძმამ მას შემდეგ იპოვა, რაც  სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა. 

როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან,  დავით ჭაბაშვილმა და საწოლზე სამსახურში წასასვლელად გამზადებული იპოვა. მას ჩანთაც კი ხელში ეკავა. ოჯახს მაშინვე გაუჩნდა ეჭვი, რომ ქალს თავი არ მოუკლავს. 

„ნონა ჭაბაშვილი ყოფილი მეუღლის მხრიდან მუქარისა და ძალადობის მსხვერპლი არა ერთხელ ყოფილა. გიორგი ბარბაქაძე ნარკოდამოკიდებული იყო და ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდა, თუმცა, ქალს პოლიციისთვის დასახმარებლად  როგორც  ვიცით არასდროს მიუმართავს. 

“ძალიან დიდი საშინელება მოხდა. კლასელები იყვნენ და ერთმანეთი ბავშვობიდან ძალიან უყვარდათ. ბიჭი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო და მათი კონფლიქტის მიზეზიც ეს გახდა. გოგო ქმარს ერთი წელია რაც გაშორდა. საკრებულოში მუშაობდა, თავსაც უვლიდა და შვილებსაც. ძმამ იპოვა სახლში უკვე გარდაცვლილი. თავიდან ყველას თვითმკვლელობა ეგონა. საწოლზე ჩაცმული იწვა. ფეხზე ჩექმა და ზემოდან პალტო ეცვა. ეტყობა უკვე სახლიდან გადიოდა ყოფილი ქმარი რომ მივიდა. სავარაუდოდ, გაგუდა, შემდეგ კი გაზი გაუშვა და თვითმკვლელობის ინსცენირება გაითამაშა.  3 შვილი ასე დააობლა“,-აცხადებს „რეზონანსთან“ მოკლული ქალის მეზობელი. 

ქალის ყოფილ ქმარს, 38 წლის გიორგი ბარბაქაძეს, გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ადვოკატის, ინფორმაციით მისი დაცვის ქვეშ მყოფს მომხდარის დეტალებზე საუბარი არ სურს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 38 წლის გიორგი ბარბაქაძეს, 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.         

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე