ელზა პაპოშვილი
(31.07.2020)

თხოვნა სისხლის პატიებაზე - ესაა პანკისში შეკრებილი მოსახლეობის სურვილი, რომ ხეობაში დაპირისპირებული ორი გვარი შეარიგოს.  თუმცა ხეობის მოსახლეობამ გვარებს შორის შერიგებას კიდევ ვერ მიაღწია. მათი მცდელობა კვლავ უშედეგოდდ დასრულდა, მუთოშვილები და ქავთარაშვილების შერიგება ვერ მოხდა. 

ორ გვარს შორის სისხლიანი დაპირისპირების საფრთხე კვლავ არსებობს და ამის მაგალითია 28 ივლისს გვიან ღამით მურად ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვა. 

31 ივლისს სოფელ ჯოყოლოში მოკლული ვისო მუთოშვილის ოჯახში შესარიგებლად პანკისის ხეობის მაცხოვრებლები მივიდნენ. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა შერიგებაზე მოლაპარაკებები იწყება, თუმცა მუთოშვილების მხარე თანახმა არაა და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. ამ დრომდე ძალაში რჩება სისხლის აღების წესიც და ადგილობრივები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ დაპირისპირების საფრთხე კვლავ არსებობს. 

ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვაზე გამოძიება დაწყებულია მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარების ბრალდებით. სამართალდამცველებს ჯერ არავინ დაუკავებიათ.  

მურად ქავთარაშვილი დაკავშირებულია 2019 წელს მომხდარ სისხლიან გარჩევასთან, რომლის დროსაც 37 წლის ვისო მუთოშვილი მოკლეს. მაშინ ქავთარაშვილი ფეხში დაიჭრა. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას,  გასული წლის დეკემბერში 1982 წელს დაბადებული ვისო მუთოშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. დაკავებულები არიან არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლების კვალიფიკაციით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

არბი ქავთარაშვილი მურად ქავთარაშვილის ძმის შვილია. მისივე ნათესავია რამაზ ხანგოშვილიც. სწორედ მურად ქავთარაშვილს ასახელებენ შეიარაღებული დაპირისპირების ორგანიზატორად და შეიარაღებული ჯგუფის ხელმძღვანელად მოკლული მუთოშვილის ახლობლები.

ეს გვარების შერიგების კიდევ ერთი  მცდელობაა  პანკისში.  აქამდე შემდგარი შერიგების რამდენიმე მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. იყო სისხლის აღების მუქარაც.

„რეზონანსთან“  სხდომის ერთ-ერთი მონაწილე ჯარაფ ხანგოშვილი ამბობს, რომ ისინი მუთოშვილებთან მხოლოდ ერთი თხოვნით მიდიან, მოხდეს სისხლის პატიება, რადგანაც სიტუაცია არ გამწვავდეს და ეს დაპირისპირება ხეობაში დასრულდეს. 

„სათხოვრად მივიდნენ იმათთან, რომ აპატიონ სისხლი. ამიტომ იკრიბება ეს ხალხი. ადრიდანვე იყო დათქმული ეს სხდომა. ვნახოთ, რა იქნება. ზუსტად არავინ არ იცის რა იქნება ოჯახის და გვარის პასუხი, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა, რომ ვთხოვოთ. გვესმის ოჯახების და გვარების პოზიციის, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. მაშინ ეს დაპირისპირება უნდა გაგრძელდეს და სიტუაცია უფრო გამწვავდეს"- აცხადებს სხდომის ერთ-ერთი მონაწილე ჯარაფ ხანგოშვილი.

„რეზონანსთან“ იგივეს ამბობს სხდომის კიდევ ერთი მონაწილე თამაზ ბაღაკაშვილი. მისი თქმით, ოჯახების და გვარების შერიგების არა ერთი მცდელობა ყოფილა. საქმეში ბევრი უხუცესი და ადგილობრივი ვტორიტეტი იყო ჩართული, თუმცა არაფერი გამოვიდა. ქავთარაშვილების სახლზე თავდასხმის შემდეგ კი გადაწყვიტეს, რომ შერიგების და სისხლის პატიების თხოვნით მივიდნენ. 

„სათხოვნელად ვართ მოსულები, მთელი ხეობა შეკრებილია სისხლის პატიებაზე. მოლოდინი არ ვიცით. პირველი მცდელობა არ არის, ბევრი მცდელობაა და ვნახოთ როგორ იქნება. ხეობაში დაპირისპირება არავის არ უნდა. ჩვენ ჩვენსას ვცდილობთ, რაც საჭიროა და რისი შესაძლებლობაც გვაქვს იმას ვაკეთებთ. იქნებ და ეს დაპირისპირება დავასრულოთ"-აცხადებს სხდომის ერთ-ერთი მონაწილე  თამაზ ბაღაკაშვილი.   

მომხდარის შემდეგ 29 ივლიის  პირველ კომენტარს აკეთებს მოკლული ვისო მუთოშვილის მამა, რომელიც ისევ სისხლის აღებაზე საუბრობს.

„ჩემი შვილი მაგათი მოკლულია... მაგათ ათასი მტერი ჰყავთ. გვარების შერიგება არ იქნება. მოკლეს ჩვენი შვილი, როგორც მოკლეს, ისე უნდა მოვკლათ მაგათიც. სისხლის აღება იქნება,“ - ამბობს მოკლული ვისო მუთოშვილის მამა, რამაზ მუთოშვილი.

ვისო მუთოშვილის და ლუიზა მუთოშვილი კი  ამბობს, რომ ქავთარაშვილმა ეს პროვოკაცია თავად დაგეგმა, რადგან მკვლელობაში მონაწილე პირი თავადაა, თუმცა სახელმწიფოს ის არ გამოუკითხავს. 

„ჩემებს ეძინათ ყველას, გავაღვიძე და ვუთხარი, ასეთი ამბავია თქო და დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ მოვიდა პოლიციის უფროსი და წაიყვანა ჩემი ძმა. სრულიად გაუგებარია, გამოკითხვაზე მიყვანილი ადამიანები რა პრინციპით იქნენ შერჩეული. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ამბავი წინასწარ, თავიანთი დადგმული იყოს, მურადის მიერ, რადგან ჰყავს თავისი შეიარაღებული ჯგუფი, რომელსაც ხელს აფარებს მთავრობა, მათ მიერ წახალისებული ჯგუფი, რომლებიც ხეობაში რაღაც სიტუაციების მოგვარებას ცდილობს, - ამბობს ლუიზა მუთოშვილი.   

ჩაწერა სახელი