რეზონანსი
(10.05.2020)

მინერალებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია ადამიანის ჯანმრთელობისას. ამ მინერალებს შორის განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა მაგნიუმი, რომელსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ ენერგიის მინერალი. სწორედ მასზეა დამოკიდებული ორგანიზმში მიმდინარე უამრავი პროცესი.  ამიტომაც ბუნებრივია, მაგნიუმთან მიმართებაში ჩნდება კითხვები.

ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

რა როლს ასრულებს მაგნიუმი ორგანიზმისთვის?

მაგნიუმი ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი მინერალია. მაგნიუმი, კალციუმი და D ვიტამინი ერთობლივად განსაზღვრავს ძვლების სიმტკიცის ხარისხს. გარდა ამისა, მაგნიუმი მონაწილეობს ადამიანის ორგანიმში მიმდინარე უამრავ ბიოქიმიურ პროცესში.  

მაგნიუმი მონაწილეობს ნერვული იმპულსების გადაცემაში. ის თუთიასთან ერთად აუმჯობესებს იმუნური სისტემის მდგომარეობას. მაგნიუმი ასევე მნიშვნელოვანია B1, B6 და C ვიტამინის ნორმალური დონის შენარჩუნებისთვის ორგანიზმში. მას აქვს  უჯრედების რეგენერაციის, ანუ უჯრედების აღდგენის უნარი და ონკოპროტექტორული თვისებებით ხასიათდება.

მაგნიუმის დონე მნიშვნელოვანია გულის ნორმალური რითმისთვის. მაგნიუმი ამცირებს ე.წ ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში, შესაბამისად მცირდება ათეროსკლეროზის განვითარებაც. 

რა სიმპტომები აქვს მაგნიუმის დეფიციტს?

მაგნიუმის დეფიციტის განსაკუთრებული ნიშანი არის კუნთების კრამპი (კრუნჩხვა, დაჭიმულობა), უპირატესად ქვემო კიდურების კუნთების უეცარი, უნებლიე შეკუმშვები, რასაც მოუსვენარი ფეხის სინდრომსაც უწოდებენ. იგი ფეხების, ან მხოლოდ ტერფების მუდმივი მოძრაობის სურვილით გამოიხატება უმეტესად საღამოს ან ღამით წოლის დროს.  ასევე ხშირია კიდურების დაბუჟების შეგრძნება, ხშირად ჭიანჭველების ცოცვასაც ადარებენ, რასაც უნდა მიექცეს სათანადო ყურადღება. 

მაგნიუმის ნაკლებობისას სიმპტომატურია აგრეთვე ჩხვლეტის შეგრძნება, ხელების კანკალი, სახის კუნთების სპაზმი, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, დეპრესია, ცნობიერების დათრგუნვა, მეხსიერების გაუარესება, უძილობა, შფოთვა ძილში, გულის რითმის დარღვევები, არითმიის მიზეზი ხშირად სწორედ მაგნიუმის დეფიციტია. 

გამომდინარე იქიდან, რომ მაგნიუმი არის უნივერსალური სპაზმოლიზური საშუალება (ამცირებს სპაზმს), მაგნიუმის დეფიციტის სიმპტომები გამოიხატება სპაზმებით. მაგალითად ჰიპომაგნემია შეიძლება გამოვლინდეს სისხლძარღვების სპაზმით, რის ფონზეც არის მაღალი არტერიული წნევა, მიგრენის ტიპის თავის ტკივილი. პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმის დროს კი ხშირად უჩივიან სიცივის შეგრძნებას ზედა და ქვედა კიდურებში.

ცივი ხელები მოსახლოების საკმაოდ დიდი ნაწილის პრობლემაა. ასევე სანაღვლე გზების სპაზმი, რის ფონზეც ვერ ხდება ნორმალურად ნაღვლის გამოდინება ნაღვლის ბუშტიდან. 

მაგნიუმის დეფიციტის აღმოფხვრა აუმჯობესებს მდგომარეობას სპაზმის მოხსნის ფონზე, შესაბამისად მცირდება თავის ტკივილი, უმჯობესდება არტერიული წნევა და სხვა. 

ტკივილის და დისკომფორტის მიზეზი მუცლის არეში, რომელიც გამოწვეულია ნაწლავთა სპასტიური ტკივილით, ნაწლავთა სპაზმური შეტევებით (ანუ როცა ნაწლავთა ტონუსი მომატებულია) შეიძლება იყოს მაგნიუმის დეფიციტით გამოწვეული. მაგნიუმის დეფიციტი შეიძლება გამოვლინდეს ყაბზობითაც, რისი მიზეზიც ასევე ნაწლავთა კუნთების სპაზმია.

ნებისმიერი პროცესი ორგანიზმში რომელიც ფიზილოგიურად დაკავშირებულია სპაზმთან,  ყოველთვის საჭიროებს მაგნიუმის მიღებას და მისი დეფიციტის შევსებას. 

აღნიშნული ჩივილები შესაძლოა სხვა მიზეზითაც იყოს გამოწვეული და მათი არსებობა ცალსახად მხოლოდ ჰიპომაგნემიას არ უკავშირდება. თუმცა, მაგნიუმის ნორმალურ დონეს თუნდაც სხვა დაავადებებით გამოწვეული, აღნიშნული ჩივილების შემთხვევაშიც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მაგნიუმის დეფიციტის მნიშვნელოვანი სიმპტომი მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, ადვილად დაღლა, საერთო სისუსტეა. მაგნიუმი მონაწილეობს ორგანიზმის თითოეულ უჯრედში ენერგიის გამომუშავებაში. 

რამდენად შეიძლება მაგნიუმს ვუწოდოთ ენერგიის მთავარი მინერალი?

კი, მაგნიუმი ენერგიის მთავარი მინერალია. მაგნიუმის დახმარებით  კუნთის ციტოპლაზმაში არსებული კრეტინფოსფატი წარმოქმნის ადენოზინტრიფოსფატს ანუ ატფ-ს, რომელიც განსაზღვრავს თითოეული უჯრედის ენერგიას. სწორედ ამ მექანიზმის დარღვევასთან გვაქვს საქმე მაგნიუმის დეფიციტის დროს, რაც ვლინდება საერთო სისუსტით. 

საერთო სისუსტის და დაღლილობის მოგვარებას ადამიანები ხშირად ჭარბი რაოდენობით ყავის ან შოკოლადის მიღებით ცდილობენ, რაც კიდევ უფრო აუარესებს მაგნიუმის დეფიციტს და არსებულ მდგომარეობას. ბუნებრივია, პრობლემას არ ქმნის 1 ფინჯანი ყავის მიღება, საუბარია მხოლოდ კოფეინის შემცველი ყავის ჭარბი რაოდენობით მიღებაზე.

მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლში გლუკოზის (შაქრის) მეტაბოლიზმისა და ინსულინისადმი მგრძნობელობის შენარჩუნებაში. 

მაგნიუმის დეფიციტი ერთ-ერთი მიზეზია ინსულინრეზისტენტობის, რადგან ამ დროს გლუკოზის მეტაბოლიზმისთვის საჭირო ხდება უფრო მეტი რაოდენობით ინსულინის გამოყოფა. 

მაგნიუმის დეფიციტი და გლუკოზის ცვლის დარღვევა (პრედიაბეტი, შაქრიანი დიაბეტი) ქმნის მანკიერ წრეს და ერთობლივად იწვევს ინსულინრეზისტენტობას. კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასის) ნორმალურ ფუნქციონირებაში მნიშვნელოვნად მონაწილეობს მინერალები მაგნიუმი, ქრომი და თუთია. ინსულინის  ნორმალური სინთეზისთვის საჭიროა მაგნიუმის ნორმალური დონე.

როდისაა გაზრდილი მოთხოვნილება მაგნიუმზე?

მაგნიუმის დეფიციტი შეიძლება იყოს ორსულობის და მოზარდობის პერიოდში, რადგან ამ დროს გაზრდილია მასზე მოთხოვნილება. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ასევე ამცირებს მაგნიუმის დონეს სისხლში. ანტიბიოტიკები, შარდმდენი, შეშუპების საწინააღმდეგო მედიკამენტები და ორალური კონტრაცეფტივები ასევე იწვევენ ჰიპომაგნემიას. მაგნიუმზე მოთხოვნილება გაზრდილია მძიმე ფსიქიკური და ფიზიკური გადაძაბვის დროსაც. მაგალითად მძიმე გონებრივი მუშაობის დროს საჭიროა მეტი მაგნიუმის შემცველი პროდუქტის მიღება. სპორტსმენები კუნთოვანი მასის ნორმალური მუშაობისთვის საჭიროებენ მაგნიუმის საკმარისი რაოდენობით მიღებას. 

რა იწვევს მაგნიუმის დეფიციტს?

მაგნიუმის დეფიციტს იწვევს არასწორი კვება. რაფინირებული საკვები როგორიცაა სწრაფი კვების პროდუქტები, ტკბილეული, ტრანსცხიმები, კონსერვანტებით, ემულგატორებით, გემოვნების გამაძლიერებლებით სავსე ქიმიური პროდუქტები და სხვა, იწვევს ორგანიზმიდან მაგნიუმის გამოდევნას. რაფინირებული საკვების მიღების შედეგად სისხლის პლაზმაში იმატებს გლუკოზის დონე, რაც ასევე აძლიერებს მაგნიუმის გამოყოფას, რათა ხელი შეუწყოს გლუკოზის საპასუხოდ ინსულინის გამომუშავებას. სწორედ ამ ბიოქიმიური მექანიზმის გათვალისწინებით ტკბილეულის ჭარბი რაოდენობით მიღება სწრაფად აქვეითებს მაგნიუმის დონეს სისხლში. 

სამწუხაროდ, სწრაფი კვების პროდუქტების ჭარბი მოხმარება არის დროის ეკონომია საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე.

რომელი პროდუქტები შეიცავს მაგნიუმს?

მაგნიუმის შემცველი პროდუქტებია მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული (ისპანახი, მწვანილი), ბოსტნეული: ბროკოლი, კომბოსტო, მწვანე ლობიო, არტიშოკი, ბრიუსელის პლორტები. ხილი: ლეღვი, ავოკადო, ბანანი, ჟოლო. ასევე: თხილი, ლობიო, ბარდა, ორაგული, სკუმბრია, თინუსი და სხვა. 

ეს საკვები პროდუქტები უხვად შეიცავს მაგნიუმს და თავისუფლად არის შესაძლებელი მისი დეფიციტის პრევენცია ბალანსირებული კვებით. მაგნიუმის დღიური ნორმა არის 300-500მგ დღეში.

ერთი საშუალო ზომის ავოკადო შეიცავს 58 მგ მაგნიუმს, 30 გრ თხილი 85 მგ-ს, 180 მგ ორაგულის ფილე 54 მგ-ს, ერთი ჭიქა მზა ისპანახი კი 157 მგ მაგნიუმს შეიცავს. 

გასათვალისწინებელია, რომ ჭარბი რაოდენობით ყავის, კოფეინის, შოკოლადის და ალკოჰოლის მიღება გამოყოფს მაგნიუმს ორგანიზმიდან და ამცირებს მის დონეს. 

P.S. კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 51 55 00

ჩაწერა სახელი