რეზონანსი
(09.10.2019)

  სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ქალთა ორგანიზაციას ჩაგვრაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ქალი უფლებადამცველები "ქალი ადვოკატის უფლებებს ლახავენ", როცა ის თავის "უფლებამოსილებას ახორციელებს". ამის შესახებ მარიამ კუბლაშვილმა on.ge-ს უთხრა.

"დისკომფორტი არ მაქვს, როცა ქალი ადამიანს იმეტებს იმისთვის, რომ საკუთარი ნების განსახორციელებლად გაწიროს მამის ხელა კაცი, დააბრალოს ის, რაც მას ნამდვილად არ ჩაუდენია, დაესხას თავს და შემდეგ თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს, მე არ მიმაჩნია, რომ ამ ქალის წინაშე რაიმე სახის უხერხულობა უნდა მქონდეს", - ამბობს მარიამ კუბლაშვილი და აცხადებს, რომ მისი აზრით, ჯიშკარიანთან დაკავშირებით "პროცესი პოლიტიკურად წარიმართა, მმართველმა გუნდმა გაწირა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. თავიდანვე ვხედავდი, რომ ის იყო მსხვერპლი და გაიწირებოდა და ამიტომ ჩავერთე. დავინახე, რომ მას დაცვა ნამდვილად სჭირდებოდა და უფრო სუსტ პოზიციაში იყო".

დღეს თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების" დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით არსებულ ბრალდებაზე პირველი კომენტარი გააკეთა. ილია ჯიშკარიანის განცხადებით, მისთვის ბრალის წარდგენა შოკისმომგვრელი იყო. ამასთან, ჯიშკარიანის თქმით, ეს "ცრუ ბრალდებაა".

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა. ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო.

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების" დეპუტატ ილია ჯიშკარიანს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის თქმით, ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს.

წყარო: იმედი

 

 

 

 

 

ჩაწერა სახელი