რეზონანსი
(17.06.2019)

 (რეზონანსი) ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფი შინაგან საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლებას, თბილისი პრაიდთან დაკავშირებით მიმართავს.

თამუნა ქუთათელაძე, ელგუჯა ჩხაიძე და გაიოზ ჩარკვიანი ხელისუფლებას კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას ურჩევენ და მოითხოვენ, რომ იმოქმედონ ევროკონვენციის მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კანონსა და წესს.

უფრო კონკრეტულად:

ევროკონვენციის მე-9 მუხლი აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების ფარგლებში „უშვებს მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის თუ მორალის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად."

მე-10 მუხლით: გამოხატვის თავისუფლება შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

მე-11 მუხლით „დაუშვებელია რაიმე შეზღუდვის დაწესება ამ უფლებათა (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) განხორციელებაზე, გარდა ისეთი შემთხვევისა, რომელიც გათავისუფლებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად."

(პრაიმტაიმი)

ჩაწერა სახელი