რეზონანსი
(29.05.2017)


 (რეზონანსი) ქობულეთში, სასტუმრო „არმაზის" მფლობელი გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ სასტუმროში 2 წლის წინ გაჩენილ ხანძარს, რუსთავის მოცეკვავეთა ანსამბლის სამი წევრი ემსხვერპლა.

თვითმხილველების ინფორმაციით, 50 წლის ზაზა (ჯემალ) ართმელაძემ, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მან თავი ჩამოიხრჩო.

შსს-ს პრესსამსახური მომხდარ ფაქტს ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ერთ-ერთი მეზობლის თქმით, ხანძრის შედეგად მთლიანი სასტუმრო დაიწვა და ოჯახი ზღვის პირას პატარა კაფეში ცხოვრობდა.

„სასტუმროს დაწვის შემდეგ აღარაფერი ჰქონდათ. ისინი ორი წლის განმავლობაში ზღვის პირზე მდებარე პატარა კაფეში ცხოვრობდნენ. სციოდათ, პრობლემები ჰქონდათ, ბანკის ვალები ჰქონდათ. ვაჟკაცი კაცი იყო ეს ბიჭი და ამდენს სტრესს და პრობლემას, როგორც ჩანს, ვეღარ გაუძლო" , - განაცხადა მეზობელმა.

ქობულეთში, აღნიშნულ სასტუმროში უბედური შემთხვევა 2015 წლის 10 მაისს მოხდა. სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა, რომლებიც რუსთავის ერთ-ერთი ცეკვის ანსამბლის წევრები იყვნენ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ზაზა ართმელაძე იყო, რომელიც მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ჩაწერა სახელი