ია აბულაშვილი
(24.03.2020)

მართლამდიდებელ სამყაროში „ზოგრაფის“ სახელით ცნობილი წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატი, რომლის ასლიც, ათონის მთიდან ჩამობრძანების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარიშია დაბრაძანებული, ბერძენი იმპერატორის ლევ ბრძენის მეფობის დროს, 919 წელს შეიქმნა. 

გადმოცემის თანახმად, სამი ძმა - მოსე, აარონი და ბასილი,  ბერად აღკვეცის შემდეგ, ათონის მთაზე დამკვიდრდნენ. ძმებმა ათონის მთაზე მცირე ეკლესია ააშენეს, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ რომელი წმინდანის სახელი ეწოდებინათ და ვისი ხატი დაეწერათ უკვე მომზადებულ დაფაზე. ამიტომ შესთხოვეს ღმერთს განეცხადებინა მათთვის მისი წმინდა ნება, თავად კი სენაკებში განმარტოვდნენ სალოცავად.

შუაღამისას ღვთაებრივმა ნათელმა მოიცვა არემარე, დილით კი მონასტერში შესულებს საოცარი სურათი დახვდათ - დაფაზე დაწერილი იყო წმინდა გიორგის ხატი. სწორედ მისგან მოდიოდა ზეციური ნათელი, რომელმაც გააბრწყინა მონასტერი. ამ ხატს ეწოდა სახელი „ზოგრაფი“, რაც ნიშნავს ფერმწერს.

სასწაული, რომელიც ასევე იმავე დღეს მომხდარა პალესტინაში, ფანეულის მონასტერში, სწორედ ამ ამბავს უკავშირდება. წმინდა გიორგის ხატი ბერების თვალწინ თავისით მოსცილდა დაფას და გაუჩინარდა. შეძრწუნებული ბერები ღმერთს ევედრებოდნენ გაემხილა სად გაუჩინარდა მათი მფარველი საკვირველმოქმედი ხატი. ღმერთმა შეისმინა ვედრება და თვითონ წმინდა გიორგი გამოეცხადა ერთ-ეით ბერს და უთხრა: „ნუ სწუხართ ჩემზე, მე ვიპოვე ჩემთვის ტაძარი, ღმრთის დედის წილხვედრს მხარეში ათონზე. თუ გნებავთ, თქვენც მოშორდით პალესტინას, რამეთუ ღმერთის რისხვა მზად არის თავს დაატყდესო“.

ბერები მართლაც გაემგზავრნენ წმინდა მთაზე, სადაც ერთ-ერთ სავანეში აღმოაჩინეს მათგან განშორებული ხატი, რომელიც დაუსრულებლად ახდენდა სასწაულებს. მის სათაყვენებლად კი მთელი სამყაროდან მოდიოდნენ მორწმუნეები.

სასწაულმოქმედი ხატის ამბავი გაეგო პალესტინის ერთ-ერთ ეპისკოპოსს, მაგრამ არ სჯეროდა და ჭეშმარიტების დასადგენად ათონის მთაზე გაემგზავრა. როგორც კი ხატის წინაშე დადგა, ქედიც არ მოუხრია, მაშინვე უთქვამს - „განა ეს არის თქვენი საკვირველმოქმედი ხატიო“ და საჩვენებელი თითით შეეხო დიდმოწამის ლოყას. 

ღვთის რისხვამ არ დააყოვნა - ეპისკოპოსის თითი ხატს შეეზარდა. თავზარდაცემული ეპისკოპოსი თითის ხატიდან მოგლეჯვას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს მთელი მღვდელმთავრობა იძულებული გამხდარა მისთვის თითი მოეჭრათ. ურწმუნო ეპისკოპოსის თითის წვერი დღემდე ატყვია „ზოგრაფის“ წმინდა გიორგის სასწაულმოქმედ ხატს.

ჩაწერა სახელი