მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება უქმდება, ახალი ინვესტორი მოძიება კი დღესდღეობით შეუძლებელია
თამარ მუკბანიანი
(22.05.2020)

 ხუდონის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების მოშლისათვის, სახელმიფომ იურიდიული კომპანია უკვე დაიქირავა. ჯერჯერობით ყველა დეტალი უნცობია, მათ შორის ისიც, რატომ აუქმებს ხელშეკრულებას საქართველო "ტრანს ელექტრიკასთან" და ნიშნავს თუ არა ეს ხუდონჰესზე საბოლოოდ უარის თქმას. 

პროექტი საბჭოთა საქართველოდან იღებს სათავეს, თუმცა მაშინაც და ახლაც მთავარი პრობლემა ადგილობრივების პროტესტია, რის გამოც ვერც ერთმა ხელისუფლებამ სამშენებლო სამუშაოები ვერ დაიწყო. ჰესის ასაშენებლად კონტრაქტი "ტრანს ელექტრიკასთან" 2011 წელს დაიდო, თუმცა ვერც წინა და ვერც მოქმედმა ხელისუფლებამ ვერ დაარწმუნა ადგილობრივები ჰესის იმდენად საჭიროებაში, რომ საკუთარი საცხოვრებელი ადგილიდან მიგრაციაზე დათანხმებულიყვნენ. უცნობია, არის თუ არა ეს ხელშეკრულების მოშლის ერთ-ერთი მიზეზი, თუმცა უკვე ცნობილია, რომ 118 000 ევრო არის თანხა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო საერთაშორისო იურიდიულ კომპანია Hogan Lovells-ს ხუდონის ელექტროსადგურის პროექტზე, კომპანია "ტრანს ელექტრიკასთან" არსებული ხელშეკრულების მოშლის მოსამზადებლად გადაიხდის.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეკონომიკის სამინისტროს Hogan Lovells-თან ამ ხელშეკრულების გამარტივებული წესით შესყიდვის უფლება მთავრობის მიერ 2020 წლის 27 თებერვალს მიღებული განკარგულების საფუძველზე მიეცა.

შეთანხმების მოშლის შემთხვევაში, პროექტის განხორციელებას ინდური კომპანია ოფიციალურად ჩამოსცილდება. მემორანდუმის მიხედვით, სახელმწიფო ელექტროსადგურის აშენების შემდეგ "ტრანს ელექტრიკა" იღებდა ვალდებულებას, რომ აშენებიდან 15 წლის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ტარიფით შეეძინა გამომუშავებული ელექტროენერგია. პირველი 8 წლის განმავლობაში "ხუდონის" გამომუშავებული ელექტროენერგიის გარანტირებული ტარიფი თითოეულ კილოვატზე 10.5 აშშ ცენტი იქნებოდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია, ,,მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არამხოლოდ პროექტს გადადება, არამედ შეწყვეტაა, რადგან ის თავითავადვე არარეალური იყო. გარემოზე ზიანის გარდა, სხვა დამაბრკოლებელ ფაქტორებიც არის მნიშვნელოვანი, რომელიც ხუდონჰესის მშენებლობას ახლდა. 

,, კონტრაქტის გაწყვეტა ნამდვილად მისასალმებელია. ეკონოგიური ზიანის გარდა, მთავარი პრობლემა ამ ჰესთან მიმართებით, რომლის პროექტიც დიდად რეალისტურიც არც არის, სასოფლო-სამეურნეო მიწებია. 104 ჰექტარი ხელშეკრულების მიხედვით გადაეცა 1 ლარად "ტრანს ელექტრიკა ლიმიტედს". ეს მიწები, უნდა დაუბრუნდეს ჯერ სახელმწიფოს და შემდეგ უკვე იმ მოსახლეობას, რომელსაც ჩამოართვეს. ეს არის ყველაზე მთავარი, რომ ხალხმა ეს მიწა გაატაროს რეგისტრაციაში. 

ეს პროეტქი, უბრალოდ, ვეღარ შედგება. თემში შემავალი სოფლების აყრაზეა საუბარი. აქედან ზოგი დატბორვაში ხვდება და ზოგი გარესამყაროს უნდა მოწყდეს და ამიტომ მოუწევთ გადასახლება. ლაპარაკია 2000-მდე ადამიანზე. მშენებლობის პროცესის მთავარი შემაფერხებელი კი, ბუნებრივია, იქნება სვანების ფიცი, რომ არაფრის ფასად დათმობენ საკუთარ სახლებს, საგვარეულო ეკლესიებს და წინაპრების საფლავებს, რომელიც დატბორვის ზონაშია პროექტის მიხედვით. 

რაც შეეხება ბიომრავალფეროვნებას და გარემოზე ზემოქმედებას, ჯერ მხოლოდ რეზერვუარის ფართობი 522 ჰა იყო გათვალისწინებული და კიდევ დამატებით რამდენი ხე-ტყის ჭრა გახდებოდა საჭირო გზის მისაყვანად მშენბლობამდე და ა.შ. არ იყო დათვლილი. ზემოქმედება , რა თქმა უნდა, უდიდესი იქნებოდა, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ამ ზარალის და ზიანის ფონზე, რაც გარემოს ადგება რეალურად ამ პროეტქის საჭიროება არ საბუთდება. ამის თაობაზე არა მხოლოდ ადგილობრივი აქტივისტები ვსაუბრობთ, არამედ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ 2013 წელს დაქირავებული დამოუკიდებელი ჰოლანდიური კომისიაც. ეს დასკვნა დღედე საჯაროა", - განუცხადა "რეზონანსს" ჭიპაშვილმა. 

დეტალები ამ დრომდე ისევ უცნობია და ისიც, თუ რამ გამოიწვია ხელშეკრულების მოშლის აუცილებლობა. შესაძლებელი იქნება ახალი ინვესტორის მოძებნა თუ პროექტი დაპაუზდა და სახლემწიფომ მთლიანად უარი ითქვა ჭუბერის დატბორვაზე. 

ენერგეტიკოსი და "ტრანს ელექტრიკას" წარმომადგენელი დავით მირცხულავა ამბობს, რომ დეტალები ჯერჯერობით მისთვისაც გაურკვეველია, თუმცა იმედოვენებს, რომ საუბარი არა ხელშეკრულების მოშლაზე, არამედ გადახედვაზეა. 

,,მე არ ვარ აქციონერი და ამიტომ არ ვიცი მეტი დეტალი. დიდი იმედი მაქვს, ეს არ იქნება მოშლა, შედგება მოლაპარაკება და გადაიხედება პირობები. არ მგონია, ამ ვითარებაში სახელმწიფოს ან კომპანიას სურდეს არბიტრაჟში დავა. მეტი დეტალის გაცნობის შემდეგ, უფრო შემეძლება ვისაუბრო იმაზე, რა ასახვა ექნება ამა თუ იმ გადაწყვეტილებას“, -განუცხადა ,,რეზონანსს“ მირცხულავამ. 

"ხუდონჰესი" ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტია, მისი საინვესტიციო ღირებულება 1 მილიარდ დოლარს აღემატება.

ჩაწერა სახელი
მედეა (23.05.2020)
კომუნისტებიდან მოყოლებული--სულ მასზეა დავა. დატბორვა, ხალხის გადასახლება, საუკეთესო მიწების იავარქმნა----სწორედაც რომ მ ი უ ღ ე ბ ე ლ ი ა . ინვესტორის განაწყენება ჯობს--საქმის გაფუჭებას.