ჯერჯერობით პროდუქციისა და მომსახურების გაიაფების ნიშანწყალი არ იგრძნობა
რეზონანსი
(31.10.2019)

 წლიურმა ინფლაცია ისევ საგანგაშო ნიშნულზეა. ეროვნულმა ბანკმა ინფალციის შესამცირებლად არაერთი ნაბიჯი გადადგა, თუმცა ისინიც ადასტურებენ, რომ ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ გავლენა ახალი წლის შემდეგ იქნება შესამჩნევი, თუმცა ეს არ იქნება ცალსახად პოზიტიური, რადგან ლარის გამყარებასთან ერთად, სებ-ის მკვეთრი ნაბიჯები ეკონომიკური აქტივობის შემცირებასაც გამოიწვევს. 

როგორც ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული, სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით ფასი ყველაზე მეტად რძის ნაწარმზე შეიცვალა. კერძოდ, იმერული ყველი 16 პროცენტით, ხოლო სულგუნი კი 10 პროცენტით გაძვირდა. `ამ პროდუქტების გაძვირების წვლილმა კი თვის ინფლაციაში 0.4 პროცენტული პუნქტი შეადგინა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, წლიურ გამოხატულებაში ფასის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება სიგარეტის გაძვირების გამო მოხდა. კერძოდ, იმპორტირებულ და ადგილობრივად წარმოებულ ფილტრიან სიგარეტზე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ფასები 29 და 30 პროცენტით იყო გაზრდილი, ხოლო ადგილობრივად წარმოებულ უფილტრო სიგარეტზე - 26 პროცენტით. საერთო ჯამში, ამ ცვლილებებმა წლის ინფლაციაზე 0.9 პროცენტული პუნქტით იმოქმედა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის საჭირო გამკაცრება საგარეო სექტორის დადებით დინამიკასთან ერთად, პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის და გაცვლითი კურსის გამყარებას უწყობს ხელს, რაც მომავალში ინფლაციის კლებას გამოიწვევს. 

"დღევანდელი მდგომარეობით, ლარის გაცვლითი კურსი გაუფასურებულ დონეზე ნარჩუნდება და ინფლაციის ზრდას იწვევს. აღნიშნულის7 გათვალისწინებით, 23 ოქტომბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის კიდევ 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი გადაწყვეტილებები იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად ამოიწურება გაცვლითი კურსის გაუფასურების ეფექტი ფასებზე. მონეტარული პოლიტიკის საჭირო გამკაცრება საგარეო სექტორის დადებით დინამიკასთან ერთად პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის და გაცვლითი კურსის გამყარებას უწყობს ხელს, რაც მომავალში ინფლაციის კლებას გამოიწვევს. 

ამასთანავე, პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციაზე ეტაპობრივად, სხვა არხებითაც, შემცირების მიმართულებით იმოქმედებს. პროგნოზის 

მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მარტიდან შემცირებას დაიწყებს, წლის მეორე ნახევარში ჩამოცდება მიზნობრივ მაჩვენებელს, შემდგომ კი თანდათან ქვემოდან მიუახლოვდება მას", - აღნიშნა გვენეტაძემ. 

რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გარდა ეროვნულ ბანკს სხვა ნაბიჯებიც აქვს გადადგმული ბოლო თვენახევრის განმავლობაში ინფლაციის შესამცირებლად. მათ შორის უკვე ისეთებიც, რომლისკენაც ექსპერტების ნაწილი, მუდმივად მოუწოდებდა, თუმცა სებ-ი საპირისპიროდ მოქმედებდა. სებ-მა ბოლო დროს სავალუტო ბაზარზე დაიწყო დოლარის გამოტანა, შეამცირა სარეზერვო მინიმუმი დოლარში კომერციული ბანკებისათვის და როგორც ცენტრალურ ბანკში ირწმუნებიან, გადამწყვეტ ნაბიჯებს არც სამომვალოდ მოერიდებიან.

სტატისტიკოსი გივი მომცელიძე "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის ქმედებებს შედეგი აუცილებლად მოჰყვება, თუმცა ფასების კლების პარალელურად ეკონომიკური აქტივობაც შენელდება. 

"რეფინანსირების განაკვეთი ამ ნიშნულზე 2008 წლის შემდეგ არ ყოფილა. ეს ყველა ვარიანტში აისახება ფასებზე და ინფლაციურ წნეხს მოხსნის. ნამდვილად მგონია, რომ გაიაფებას დაიწყებს პროდუქცია, მაგრამ ერთბაშად არა. თანაც ამ ყველაფერს აქვს ნეგატიური მხარეც.  მონეტრაული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკური ზრდის შეფერხებას გამოიწვევს და აუცილებლად შეამცირებს მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობას", - განუცხადა "რეზონანსს" გივი მომცელიძემ.

ჩაწერა სახელი
givi nucubidze (01.11.2019)
anabrebi daabrunet