"ძალიან ბევრჯერ იმპორტირებულ პროდუქციას დაქცევამდე მიუყვანია ჩვენი წარმოება"
თამარ მუკბანიანი
(29.10.2019)

 ანტიდემპინგური კანონი, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ნამდვილად ვერ ამოქმედდება. მიუხედავად ეკონომიკის მინისტრის დაპირებისა, კანონი რომელიც ადგილობრივი წარმოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზეზით არაერთხელ ჩავარდა. ახლა კი, როგორც ჩანს, მისი ბედი ბიზნესის ხმათა უმრავლესობაზეა დამოკიდებული. ეს მაშინ, როცა საქართველოში, კერძო სექტორის დიდი ნაწილი იმპორტირებულ პროდუქციას უჭირავს. 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ამბობს, რომ თუ ბიზნესის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აქ პოზიტივი უფრო მეტია, ვიდრე - რისკი, მაშინ ამ გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს. ახლა კი ანტიდემპინგურ კანონზე იმპორტიორებს სხვა პოზიცია აქვთ, ხოლო მეწარმეებს - სხვა. ამიოტმ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა კიდევ ერთი თვით გადაიდო. რომან კაკულია მიიჩნევს, რომ ეს არ არის კანონი, რომელიც დღეს სიტუაციას რადიკალურად შეცვლის. 

„ანტიდემპინგურ კანონზე იმპორტიორებს სხვა პოზიცია აქვთ, მეწარმეებს - სხვა პოზიცია, მაგრამ ჩვენ ეს ქვეყანა, პირველ რიგში, მეწარმეებისთვის გვინდა, თუმცა რისკების დაზღვევა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ სამი კანონქვემდებარე აქტი გვაქვს, რომელზე წინასწარ თუ არ იქნა წარმოდგენილი თუ რას გულისხმობს, ასე ადამიანებს გადაწყვეტილებების მიღება გაუჭირდებათ. ეს სამი კანონქვემდებარე აქტია: წინასწარი მოკვლევის წესი, რომელიც კანონქვემდებარე აქტია, გადაწყვეტილების მიღების წესი და წინასწარი ტარიფის წესი როგორ განისაზღვრება. 

როდესაც ამ სამ კანონქვემდებარე აქტზე საზოგადოებას და ბიზნესს წინასწარ ექნება წარმოდგენა, თუ რა ტიპის იქნება გადაწყვეტილებები, ეს ანტიდემპინგური კანონის მიღებას უფრო გააადვილებს. რაც მთავარია, ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ იმაზე, რა ტიპის ფილტრები იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონპროექტი ვინმემ ბოროტად არ გამოიყენოს. თუ ამ თემებზე შევთანხმდებით, ვფიქრობ, კანონს მხარდაჭერა ექნება. 

ეს არ არის კანონი, რომელიც დღეს სიტუაციას რადიკალურად შეცვლის, თუმცა პრევენციისთვისაც არ არის ცუდი. თუ ბიზნესის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აქ პოზიტივი უფრო მეტია, ვიდრე - რისკები, მაშინ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ერთი თვით გადაიდო საკომიტეტო განხილვა და შესაძლოა, კიდევ გადავდო იმიტომ, რომ იმ სამი კანონქვემდებარე აქტზე, რომელიც ჩამოვთვალე, ვფიქრობ, ბიზნესს წარმოდგენა უნდა ჰქონდეს", - განაცხადა კაკულიამ.

კანონი, რომელიც ადგილობრივი წარმოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეკონომიკის მინისტრის დაპირების მიუხედავად 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ვერ ამოქმედდება. მეტიც, საგაზაფხულო სესიამდე გადაიწევს და საარჩევნო წელს, ნაკლებად სავარაუდოა ,,ოცნებამ” ბიზნესი გაანაწყენოს. 

ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი, ,,რეზონანსთან" ამბობს, რომ ბიზნესის დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, არ იქნება ამ კანონის ამოქმედების მომხრე, რადგან იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში, კერძო სექტორი დიდი ნაწილი, რეგულირების წინააღმდგია. თუმცა, დაუშვებელია ეს იყოს კანონის მიუღებლობის არგუმენტი. 

,,ყველა სახელმწიფო, მათ შორის, იმდენად თავისუფალი ეკონომიკის მქონეც კი, როგორიც აშშ-ია, ატარებს პროტექციონისტულ პოლიტიკას საკუთარი წარმოების სასარგებლოდ და ამაში არაფერია ახალი და გასაკვირი. ვინმეს თუ ჰგონია, რომ გარკვეული დოზით პროტექციონიზმი, ეს თავისუფალი ბაზრის პრინციპებს არღვევს, მწარედ ცდება. ყველაფერს გააჩნია დოზა და ზღვრები. ეს კანონი კი მხოლოდ იმას ითვალისწინებს, რომ იმპორტირებულმა პროდუქციამ, მიზანმიმართულად არ დააზიანოს ადგილობრივი წარმოება. თუ ადგილობრივი წარმოება არარენტაბელურია, კი ბატონო, მაშინ არავინ იდავებს, მაგრამ ყოფილა შემთხვევები როცა სხვადასხვა მიზეზთა გამო, იმპორტირებულ პროდუქციას დაქცევამდე მიუყვანია ჩვენი წარმოება. აქედან გამომდინარე, არ არის საჭირო, ვიყოთ რომის პაპზე დიდი კათოლიკეები.

არგუმენტი, რომ ბიზნესის უმეტესობას რაც უნდა ის მოხდება, არალოგიკურია. ჩვენი ქვეყანა დამოკიდებულია იმპორტზე. შესაბამისად, დიდი ნაწილიც წინააღმდეგი იქნება ანტიდემპინგური კანონისა, ეს ძალიან მარტივია”, - აცხადებს ბაირახტარი. 

კანონის მიღება, ადგილობრივი წარმოების დაცვა რომაა, ამაზე ყველა თანხმდება. მით უფრო, აგარის შაქრის ქარხნის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ. 

მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ის თავად მონაწილეობს სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე და არ დარჩენია განწყობა, რომ ან იმპორტიორებს ან კერძო სექტორის სხვა ნაწილს არ სურდეს კანონის ამოქმედება. ამიტომ გაუგებარია რომან კაკულიას განცხადება, რომ ყველაფერს ბიზნესის დიდი ნაწილი გადაწყვეტს.

"მე თავად ვმონაწილეობ განხილვებში, მათ შორის ბოლო კომიტეტის სხდომაზეც ვიყავი სამუშაო შეხვედრაზე. იქ არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ კანონის მიღება არ მოხდება. გასაგებია, რომ შეიძლება გადაიდოს საგაზაფხულო სესიამდე, მაგრამ მაქვს განწყობა, რომ ამ კანონის აუცილებლად მიიღებენ. 

სამუშაო შეხვედრაზა არავის, მათ შორის, არც იმპორტიორების მხრიდან არ დაფიქსირებულა პოზიცია, რომ ეს კანონი მიუღებელია ვინმესთვის და უფრო მეტ ნეგატივს ატარებს, ვიდრე ეხმარება ბიზნესს”, - აცხადებს ,,რეზონანსთან” ლევან სილაგავა. 

ჩაწერა სახელი