"გაზრდილია სატრანსპორტო საშუალებების საწვავის ავზებით აღურიცხავი დიზელის შემოდინება"
რეზონანსი
(28.10.2019)

 მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საწვავის იმპორტი ცოტათი შემცირდა. კლება განსაკუთრებით დიზელის საწვავს შეეხო, ხოლო ბენზინის იმპორტი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზეა. 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა  779,4 ათასი ტონა, რაც 35,0  ათასი ტონით, ანუ 4,3%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (814,4 ათასი ტონა). 

ქვეყნების მიხედვით 2019 წლის 9 თვის განმავლობაში თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა  რუსეთიდან - 231.7  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,7%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: რუმინეთი - 215.5 ათასი ტონა (27.6%),  აზერბაიჯანი - 122,4 ათასი ტონა (15.7%), თურქმენეთი - 87.9 ათასი ტონა (11.3%);   ბულგარეთი  - 68,3 ათასი ტონა (8,8%),   საბერძნეთი -  45,9 ათასი ტონა (5,9%) და სხვ.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის შეფასებით, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რასაც წესით, ბენზინის მოხმარება უნდა შეემცირებინა, მაგრამ ვითარება ფაქტობრივად არ შეცვლილა. 

ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი, როგორც ვანო მთვრალაშვილი აღნიშნავს, ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალებების იმპორტის ზრდაა. კიდევ ერთი გარემოება, რაზეც მან ყურადღება გაამახვილა, ბენზინის მაღალი ფასი და ასევე თხევად აირზე მოთხოვნის მატებაა. 

,,მიმდინარე წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 403,4 ათასი ტონა, რაც 2 ათასი ტონით (0,5% )  ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ეს მონაცემები უნდა შევაფასოთ დადებითად ვინაიდან ბოლო პერიოდში ქვეყანაში გაზრდილია ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი (დღეისათვის დაახლოებით საქართველოში 80 ათასამდე ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს). რომლის საწვავის ხარჯიც მნიშვნელოვნად ნაკლებია სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით, თუმცა ისინი ძირითადად გამოიყენება ტაქსებად, რაც ბენზინის მოხმარებას, პრაქტიკულად, არ ამცირებს", - განუცხადა ვანო მთვრალაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს".

განსხვავებული ვითარება გვაქვს დიზელის საწვავის იმპორტთან დაკავშირებით. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი აღნიშნავს, მიმდინარე წლის პირველი 9 თვის განმავლობაში დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 376,0 ათასი ტონა, რაც 33,1 ათასი ტონით (8,0%)  ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

,,ბოლო პერიოდში საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტი და მოხმარება მცირდება იმ პირობებში, როცა იზრდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების ყოველწლიური იმპორტი, სატრანზიტო გადაზიდვები, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება. 

მეორე მხრივ კი, ჩვენი ინფორმაციით, გაზრდილია სატრანსპორტო საშუალებების საწვავის ავზებით აღურიცხავი დიზელის შემოდინება აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ლაგოდეხისა და წითელი ხიდის გავლით და ირანის ისლამური რესპუბლიკიდან და ასევე ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტიდან, როდესაც ხორციელდება საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ავტომობილებით ხორბლის იმპორტი", - ამბობს ვანო მთვრალაშვილი და დასძენს, რომ საჭიროა მსჯელობა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ საქართველოში შემოსულ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტული ავზებით  შემოტანილ დიზელის საწვავზე დაწესდეს გარკვეული შეზღუდვა. 

,,მაგალითისათვის, თურქეთის რესპუბლიკაში შესულ ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე არის შემდეგი სახის შეზღუდვა დაწესებული: 1) მისაბმელიანი გადამზიდი სატრანსპორტო საშუალება 550 ლიტრი; 2) 15-ტონიან (15 ტონის ჩათვლით)  გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების ავზში დაშვებულია 300 ლიტრი საწვავი; 3) 15 ტონაზე მეტი მოცულობის მქონე სატრანსპორტო საშუალების ავზში - 400 ლიტრი საწვავი. საზღვარზე სტანდარტული ავზით დაშვებულზე მეტი რაოდენობის ნავთობპროდუქტის აღმოჩენის შემთხვევაში ხდება დამატებით საწვავზე სახელმწიფო გადასახადის გადახდა.

მსგავსი ტიპის შეზღუდვები მოქმედებს უკრაინიდან პოლონეთში შემავალ სატრანსპორტო საშუალებებზე. საშუალოდ დასაშვებია 250 ლიტრის გატანა. 

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ ქვეყნების გამოცდილება, ვინაიდან ეს არის ყველაზე ეფექტური მექანიზმი სატრანსპორტო საშუალებების ავზებით შემოტანილ აღურიცხავ საწვავზე კონტროლის დამყარების მიზნით. სხვა შემთხვევაში ჩვენ ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ ობიექტური მიზეზების გამო და შესაბამისად, აღურიცხავი პროდუქციის მასშტაბები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება", - განუცხადა ვანო მთვრალაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს".

რაც შეეხება მომწოდებლებს, რუსეთიდან იმპორტს საკმაოდ კარგი ნიშა უჭირავს და პოზიციას წლიდან წლამდე იუმჯობესებს.

,,მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში საწვავის ყველაზე მსხვილი შემომტანი რუსეთია. შემდგომ ორ ადგილს რუმინეთი და აზერბაიჯანი ინაწილებენ. რუსეთიდან იმპორტის ზრდა განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ ნავთობპროდუქტების ბაზარზე რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული. გარდა ამისა, რუსეთი მსოფლიოში არის ერთ-ერთი ყველქზე დიდი ნავთობის მომპოვებელი და მწარმოებელი ქვეყანა, შესაბამისად, იმპორტი ამ ქვეყნიდან სავსებით მისაღებია, რასაც შედარებით ნაკლები ხარჯიც განაპირობებს. მთლიანობაში, სხვადასხვა ფაქტორის ერთობლიობა განსაზღვრავს იმას, რომ რუსეთი ერთ-ერთი ძირითადი მომწოდებელი ქვეყანაა ნავთობპროდუქტების ბაზარზე. პოზიციებს იგი ყოველწლიურად აუმჯობესებს”, - განმარტავს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი. მისი თქმით, რუსული საწვავი ხარისხის მხრივ კარგია და მომხმარებლის მოწონებას იმსახურებს.

,,რუსულ საწვავთან დაკავშირებით ჩვენ ხარისხის პრობლემა არ გვაქვს. არც კომპანიებში გამოუთქვამთ ამ მხრივ პრეტენზია და არც მომხმარებელია უკმაყოფილო. შეიძლება ითქვას, ხარისხი შეესაბამება იმ სტანდარტს, საიდანაც ის მოდის და სრულ შესაბამისობაშია მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმასთან. რუსეთიდან შემოდის როგორც მაღალი კატეგორიის "ევრო 5"–ის სტანდარტის საწვავი, ასევე ისეთიც, რომელიც ნაკლები ხარისხისაა, მაგრამ კანონით დადგენილ ნორმას აკმაყოფილებს”, - დასძენს ვანო მთვრალაშვილი.

ჩაწერა სახელი