კომერციული ბანკები უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, ხოლო ანალიტიკოსები - ფრთხილობენ
რეზონანსი
(07.10.2019)

 დაახლოებით ოქტომბრის ბოლოდან ლარის გამყარება დაიწყება. ამ მხრივ გავლენას ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის შემცირება მოახდენს. საბანკო სექტორში ვარაუდობენ, რომ ცვლილება კურსს 2,70-დან 2,80-ის ფარგლებში დაასტაბილურებს. ასეთ შეხედულებას ფინანსისტები ემიჯნებიან და აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კურსს მოკლე პერიოდში ვერ გაამყარებს. მათი აზრით, დოლარში სარეზერვო მოთხოვნის შემცირება ლარზე გავლენას წლის ბოლოს მოახდენს და კურსი დიდად არ გამყარდება.

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის სულხან გვალიას ინფორმაციით, სებ-ის გადაწყვეტილება იყო მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის ეფექტური კოორდინაციის შედეგი, რამაც ლიკვიდურობის შეწონვა გამოიწვია. 

,,სებ-ის ინსტრუმენტები აძლიერებს დოლარის მიწოდებას ბანკების მხრიდან ქართულ კომპანიებზე, ძირითადად, საშუალო და მსხვილ ბიზნესებზე. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი მიეწოდება ეკონომიკას შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში. ეს კოორდინაცია გვაძლევს რწმენას, რომ ლარი წავა გამყარებისკენ და იმ კურსისკენ, რაც არის ეკონომიური ფუნდამენტური ფაქტორით არის გამართლებული, ანუ ლარი 2.70 დან 2.80-მდე დასტაბილურდება. 

ამდენად, სებ-ის კონკრეტული ქმედებით ქართული ბანკებიდან რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის რესურსი დამატებითი მიეწოდება ეკონომიკას. ჩვენ ვხედავთ სებ-ის პრინციპულ განწყობას, რომელიც მიმართულია ლარის კურსის გამყარებისკენ", - განაცხადა სულხან გვალიამ.

რა დადებითი ძვრებს უნდა ველოდოთ სავალუტო ბაზარზე? ,,გალტ ენდ თაგარტის" ანალიტიკოსთას შეფასებით, დამატებითი რესურსი უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს.  

,,ეროვნული ბანკის მიერ უცხოურ ვალუტაში მოზიდულ დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნების 5%-ით შემცირება, რომელიც 17 ოქტომბერს ამოქმედდება, ეროვნული ვალუტის გამყარების ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა. ამ გადაწყვეტილებით, კომერციულ ბანკებს გამოუთავისუფლდებათ დაახლოებით 700 მილიონი აშშ დოლარის დამატებითი რესურსი, რაც ბაზარზე დოლარის ლიკვიდობის მიწოდებას ნიშნავს და ლარზე ზეწოლას ამცირებს. ამასთან, ეს რესურსი შეუძლიათ კომერციულმა ბანკებმა გასცენ სესხებად, რაც დანამდვილებით შეამცირებს საპროცენტო განაკვეთებს უცხოური ვალუტის სესხებზე", - განუცხადეს ,,ბიზნეს-რეზონანსს" ,,გალტ ენდ თაგარტში".

ფაქტს, რომ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის კლება ლარს გაამყარებს, ფინანსისტებიც ადასტურებენ, თუმცა საუბრობენ იმაზეც, რომ ამ პროცესის ეფექტი მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოჩნდება.

ანალიტიკოს ნიკა შენგელია აღნიშნავს, რომ 2,85 იქნება ,,საუკეთესო" ნიშნული, რა დონეზეც შეიძლება ლარი წელსვე გამყარდეს.

,,ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სწორია იმ თვალსაზრისით, რომ გაუფასურებას შეაჩერებენ, მაგრამ ამის შედეგი დაახლოებით 1,5 თვის შემდეგ გამოჩნდება. დაგეგმილი ღონისძიებებით ლარი, დეკემბრის ბოლოს ან იანვრიდან უნდა გამყარდეს. განსაკუთრებული მოლოდინი ნუ გვექნება, რადგან ჩვენი ეკონომიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში. 

რა ნაბიჯიც ეროვნული ბანკისგან გადაიდგა, კურსს 2,90-მდე ჩამოსწევს. ყველაზე კარგ სიტუაციაში, რაც შეიძლება წლის ბოლომდე მოხდეს 2,85-იანი ნიშნულია. ამაზე დაბლა ლარი ვერ ჩამოვა. მთლიანობაში, სებ-ის გადაწყვეტილება იდეალური არ არის, მაგრამ კურსის გამყარებას გამოიწვევს. თუმცა ბიზნესი ამ შეღავათს ვერანაირად იგრძნობს, რადგან სესხები გაუძვირეს", - ამბობს `ბიზნეს-რეზონანსთან~ შენგელია.

დაახლოებოთ იგივე პროგნოზი აქვს ,,თიბისი ბანკის" მთავარ ეკონომისტს ოთარ ნადარაიას. პარალელურად იგი დარწმუნებულია, რომ მარეგულირებელი ორგანო არ გაჩერდება და მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს - მათ შორის, რეფინანსირების პროცენტის გაზრდას, ინტერვენციებს, უცხოურ ვალუტაში სესხების შეზღუდვების შემსუბუქებას და ა.შ.

„იმედი გვაქვს, ეროვნული ბანკი მოლოდინების გადალახვას შეძლებს და ლარის აშშ დოლართან კურსი, დღეისათვის არსებული ლარის ეფექტური კურსიდან გამომდინარე, დაახლოებით 2.85-იან ნიშნულამდე გამყარდება. მაგალითად, ლარის თუნდაც 2.95-იან ნიშნულზე დაფიქსირების შემთხვევაში, ინფლაციაზე მნიშვნელოვანი წნეხი იქნება. შესაბამისად, ახლანდელი ნიშნული ცალსახად მიუღებელია“, - ამბობს ნადარაია.

მისივე განცხადებით, ახლა მთავარი არა საგარეო სექტორი, არამედ ინფლაციური ფონია, რომელიც ეროვნული ბანკის განცხადებიდანაც ჩანს, რომ მიუღებელია. 

,,მთავარი გამოწვევა არის ინფლაციური ზეწოლა. გაზრდილია მოლოდინი. თუ ეს კურსი დარჩა, სამომხმარებლო ფასების ინდექსი კიდევ გაიზრდება. ეს ისეთი მაჩვენებელია, რომელიც მაღალია და ინფლაციის მოლოდინში გადაზრდის მნიშვნელოვან რისკს ქმნის", - აცხადებს ,,თიბისი ბანკის" მთავარი ეკონომისტი. 

ეკონომიკაში არსებულ პრობლემაზე საუბრობს ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე, რომლის აზრითაც სებ-ის ინტერვენციები სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს, თუკი უფრო სერიოზული ღონისძიებები არ გატარდება.  ,,საქართველოს ეკონომიკა მძიმე დღეშია და ეპიზოდური ნაბიჯების გადადგმა არ შველის. რაც მთავარია, რეგულაციები უნდა გააუქმონ. აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილებაა, რის გამოც ეკონომიკამ მხოლოდ ზიანი მიიღო. საინვესტიციო მიმზიდველობა დავკარგეთ და კაპიტალდაბანდებები უკვე შიდა ინვესტორებისთვისაც არ არის საინტერესო. სამწუხაროდ, არც რეინვესტირება ხდება და ეს როგორც კურსზე, ასევე ინფლაციაზეც აისახება", - განუცხადა მან ,,ბიზნეს-რეზონანსს".

ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას 5%-ით (25%-მდე) 17 ოქტომბრიდან ამცირებს. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, ამ ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყოს გაცვლითი კურსის დინამიკის შეცვლას, ლარის დასტაბილურებას და დროთა განმავლობაში შეამციროს წნეხი ინფლაციაზე.

ჩაწერა სახელი
რეალიბა (09.10.2019)
თქვით სიმართლე!!! წლის ბოლომდე 1 დოლარი 6 ლარი გახდება!

მედეა (08.10.2019)
ფუი ეშმაკს, რა ყვავებივით დაგვჩხავიან ეს ფინანსისტები, მთავრობაში ცდებიან და გათვლებს სწორად ვერ აკეთებენ? არადა, მაგათი ნათქვმი უფრო მართლდება. ფუი, ეშმაკს, გათვალულები არიან მთავრობის მინისტრები, თუ რა სჭირთ!

Azrze modit (08.10.2019)
Xalxitls nervebis tamashs tavi daanebet .armogbezrdat amdeni tyuilis ybedoba.cxvoridan wamogivat yvelaperi