"თავისუფლად შეიძლება, რომ ნებისმიერ დროსაც დადგეს ცვლილების საჭიროება"
თამარ მუკბანიანი
(11.09.2019)

 წელს მოსახლეობა ელექტროენერგიის ტარიფი გაზრდას გადაურჩება. მართალია, სემეკმა ტარიფები სამი წლით დააწესა, თუმცა მისი გადახედვის შესაძლებლობა მკვეთრად გაუფასურებული ლარის გამო დადგა დღის წესრიგში. ამ ეტაპზე მარეგულირებელში ენერგოკამპანიებისგან არც ერთი განაცხადი შესული არ არის, განხილვას კი 180 დღე სჭირდება, რაც ნიშნავს, რომ არაგეგმიური გადათვლა არ მოხდება. 

მიუხედავად იმისა, რომ ტარიფების შემუშავების მომენტში, ლარი დოლართან მიმართებით გაცილებით მყარი იყო და იგი 2021 წლამდეა დადგენილი, საზოგადეობის ნაწილს ჰქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი გაიზრდებოდა. თუმცა, ამჟამად არაგეგმურად გადახედვის მოთხოვნით ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მიერ სატარიფო განაცხადები სემეკში წარდგენილი არ არის. ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას - წელს დენის ფასი არ შეიცვლება.

რაც შეეხება ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფებს, დღეისთვის კომისიაში მიმდინარეობს გაზის სამომხმარებლო ტარიფების დადგენის გეგმური პროცესი, რაც განპირობებულია იმით, რომ გამანაწილებელი კომპანიებისათვის ამჟმად მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები დადგენილია 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 

"ტარიფების დადგენა ხდება სატარიფო მეთოდოლოგიების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც კომპანია ვალდებულია კომისიას წარუდგინოს სატარიფო განაცხადი მომდევნო პერიოდის სატარიფო განაკვეთების დადგენის მიზნით. სატარიფო განაცხადი არ შეიცავს ტარიფის ზრდის ან შემცირების მოთხოვნას და მოიცავს მხოლოდ კომპანიის გასული წლის ფაქტობრივ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს“, - ნათქვამია განცხადებაში რომელიც სემეკმა "ბიემთან" გააკეთა. 

ვარაუდი, რომ შესაძლოა, წელს არაგეგმიური გადახედვა მომხდარიყო, ლარის გაუფასურების გარდა, სემეკის ხელმძღვანელის განცხადებაც ამყარებდა. რამდენიმე თვის წინ ირინა მილორავამ პირდაპირ თქვა, რომ  თუკი ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლების თავისუფალ ბაზარზე გასვლა არ გაგრძელდებოდა, სემეკმა ტარიფების გადათვლა წელსვე მოუწევდა. როგორც ჩანს, ამჟამად ვითარება ამ მხრივაც შეცვლილია

ენერგეტიკოსებიც ადასტურებენ, რომ დენის სამომხმარებლო ტარიფის მატება 2020 წლისათვის მოსალოდნელი, პრაქტიკულად, აღარაა. ენეგეტიკოსი თუმურ ჭიჭინაძე ,,რეზონანსთან” იხსენებს შემთხვევებს, როცა სემეკს ფასის ზრდისათვის 180 დღეზე ნაკლები ვადა დასჭირდა, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ წელს ეს განმეორდეს.

,,მიუხედავად იმისა, რომ განაცხადის მიღება-განხილვისათვის 180 დღეა საჭირო, იყო პრეცენდენტი, როცა ,,ენერგო პრო ჯორჯიას” საქმეზე რეაგირება და განხილვა 30 დღეში მოხდა, მაგრამ ახლა, როცა განაცხადიც კი არ არის კომისიაში შესული, ვფიქრობ, წელს დენი არ გაძვირდება გაიზრდება და ამ კუთხით აღარაფერი შეიცვლება, მით უფრო მხოლოდ ლარის კურსის ცვალებადობა არ არის ტარიფის დადგენის გადამწყვეტი კომპონენტი. თანაც გაისად საარჩევნო წელია და აშკარაა, რომ წელს დენის საფასურის ზრდას ავცდით. 

გაზის ტარიფის გეგმიური გადახედვა კი მიმდინარეობს და იქ სხვადასხვა ნიუანსებია გასათვალისწინებელი. უკრაინა არის მშვენიერი მაგალითი,  სადაც გამოვლინდა პოლიტიკური ნება და სახელმიფომ მოიგო სასამართლო პროცესი, რითიც ტარიფი შემცირდა, რადგან მისი დადგენის პროცესი მიიჩნიეს არასართლიანად. სწორედ ეს შეიძლება მოხდეს ჩვენთანაც და თუ ამას რეალურდ ვინმე მოინდომებს, 2020 წელს არათუ გაზრდილი, შემცირებული ტარიფით შევხვდებით", - აღნიშნა ენერგეტიკოსმა "რეზონანსთან" საუბრისას. 

დენის ტარიფი რომ წელს აღარ გადაითვლება, ადასტურებს კიდევ ერთი ენერგეტიკოსი, მაგრამ პროფესორ ანზორ ჭითანავა იმასაც ამბობს, რომ ეს შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს და არა მაინცდამაინც წლის ბოლოს გეგმიურად. 

,,180 დღე არ არის ჰაერიდან მოტანილი თარიღი, ეს არის საჭირო დრო გარკვეული მუშაობის, გაანალიზებისა და ფაქტების შეწონვისათვის. ამ პერიოდში თუ  ჯერ სატარიფო განაცხადი არ მიუღიათ, ნიშნავს, რომ წელს გაძვირება გამორიცხულია. არასწორია მტკიცება, რომ ახალი წლის შემდეგ არ მოხდება ეს პროცესი. თავისუფლად შეიძლება, რომ ნებისმიერ დროსაც დადგეს ცვლილების საჭიროება. 

ჩვენ უნდა დაველოდოთ პროცესს რომელიც აუცილებელია. ამ პერიოდში კიდევ შეიცვლება მდგომარეობა და საბაზისო მონაცემები, გაცვლით კურსთან, ბაზრის მონაწილეებთან და ა.შ. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვანი გავლენის მქონეა. 

რისი თქმაც დანამდვილებით შეიძლება, არის ის, რომ ამ კუთხით, ბოლო პერიოდში ჩვენ სემეკთან სასაყვედურო არაფერი გვაქვს“, - ამბობს ენერგეტიკოსი ,,რეზონანსთან”.

ჩაწერა სახელი
Azrze modit (12.09.2019)
Taripebs Ara da sochikidan moumateben ro meti daweros.

status quo (12.09.2019)
ტარიფებს მოუმატებთ და მოვა არჩევნები.