ირაკლი კობახიძის მოტანილმა ციფრებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია
თამარ მუკბანიანი
(12.06.2019)

 ხალხსა და ხელისუფლებას შორის კვლავ ციფრები ჩადგა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყნაში 2012 წლიდან სიღარიბიდან 400 000 ადამიანი ამოვიდა. ლარის გაუფასურების, ინფლაციის და გაძვირებული ცხოვრების ფონზე მონაცემი მოულოდნელი აღმოჩნდა საზოგადოების დიდი ნაწილისათვის.  ირაკლი კობახიძემ ტელეინტერვიუში ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ტენდენციის სტატისტიკის მიხედვით შეფასება, რომელიც მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ გაუმჯობესებულია.

"მთავარია ვნახოთ, ტენდენცია როგორია. შეგიძლიათ, ნახოთ მსოფლიო ბანკის მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2012 წელს დაგვხვდა 1 მილიონ 150 ათასი ადამიანი. 2012 წელს სამი ტელევიზია მთელი თავისი ძალებით არწმუნებდა ხალხს, რომ ყველა იყო ბედნიერი და ყველა იყო კეთილდღეობაში, თუმცა 2012 წლისთვის სიღარიბის ზღვარს მიღმა საქართველოში ცხოვრობდა 1 მილიონ 150 ათასი ადამიანი, რაც არის მოსახლეობის დაახლოებით 30%. დღევანდელი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი არის 750 ათასი ადამიანი. დაკორექტირდა მსოფლიო ბანკის მაჩვენებელი. 

400 ათასი ადამიანი ამოვიდა სიღარიბიდან, რჩება 750 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ გენიოსები და სასწაული პოლიტიკა გვქონდა, თუმცა ეს არის მარტივი მათემატიკა და არითმეტიკა", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დაახლოებით 20% დღეს საქართველოში ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და და მათ შორის არიან, სამწუხაროდ, ბავშვებიც.

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი შოთა ჩხეიძე "რეზონანსთან" იმ ფაქტორებზე საუბრობს, რამაც მისი აზრით, სიღარიბე შეამცირა. პროფესორი, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებზე დაყრდონით, აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები სინამდვილეს შეესაბამება. 

"მე არც ერთი ხელისუფლების აპოლოგეტი, არც ერთი პარტიიის წევრი არ ვარ, ეს ჩემი შეგნეული არჩევანია. თუმცა, შეუძლებელია დაუნახაობა იმისა, რაც გაკეთდა. სოციალური პროგრამები არის ის ქვაკუთხედი, რითიც ნამდვიალდ მოხდა მოსახლოების ნაწილის სიღარიბიდან ამოყვანა. მე რეალურად დავინტერესდი და ვნახე, როგორ შეიძლებოდა გაუმჯობესება მომხდარიყო და რაკრიტერიუმებით მოხდა, ყველა მონაცემი მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაცისაა. ეს არის "ფაო", "იუნისეფი", მსოფლიო ბანკი, "ოქსფამი" და ა.შ. 

მთლად სწორი არ არის კობახიძის მონაცემი. "ფაო"-ს დათვლით 2012 წლამდე ღარიბ-ღატაკი იყო 1 მილიონ 300 ათასი ადამიანი, დღეს კი 500 000-ით ნაკლები, ანუ 800 000-ია. ზუსტი მონაცემი ასეთია. ღატაკთა რიცხვი, წინა მთავრობის დროს, იყო 35%. რასაკვირველია, ისევ ძალიან ღარიბი ქვეყნა ვართ. ძალიან მძიმეა ნუსხაც, რომელ ჩამონათვალშიც ვხვდებით: სირია, ავღანეთი, ჰაიტი და შემდეგ საქართველო, თუმცა ტენდენცია არის გაუმჯობესებისაკენ. 

გამომწვევი მიზეზი კი სოციალური პროგრამებია, რამაც რეალურად შეცვალა მოსახლეობის ნაწილის ყოფა, მაგრამ ცრუ კამპანიას, რომ მოსახლეობა გაღარიბდა, ხელისუფლებაც უერთდება ჩემდა გასაკვირად და ამისათვის მერე ბოდიშებს იხდიან. ამ დროს 500 000 შემცირდა ღარიბთა რიცხვი და 9% მიემატა საშუალო ფენას. ეს არ არის დიდი მონაცემი, მაგრამ უკუსვლა რომ არაა, ხომ ამბობს ციფრები სათქმელს?  108 ათასი სამუშაო ადგილი, 170 ახალი საწარმო (მართალია მცირე, მაგრამ იქ ხალხია დასაქმებული) - არსებობს ობიექტური ფაქტორები, რამაც სიღარიბე შეამცირა. კარგი იქნებოდა, ეს ეკონომიკური დოვლათის შექმნის ხარჯზე ყოფილიყო და არა სოციალური პროგრამებისა, თუმცა 2 მლრდ, რაც სოფლის მეურნეობაში ჩაიდო, არ გამოდგა ნაყოფიერი და ეს ბენეფიციარების ბრალი უფროა, ვიდრე ხელისუფლების. 

ჯამში უფასო წიგნებმა მოსწავლეებისათვის, უფასო ბაღმა, სოფლის მეურნეობისა და მთის პროგრამებმა, უნივერსიტეტებში 21 უფასო ფაკულტეტმა, გაზრდილმა პენსიამ და ჯანდაცვის პროგრამამ წარმოშვა ეს ციფრი და ამის დაუნახაობა არ შეიძლება, მით უფრო იმ მძიმე მემკვიდრეობის გათვალისწინებით", - აცხადებს ჩხეიძე "რეზონანსთან".  

დიამეტრალურად განსხვავებული პოზიცია აქვს სპეციალისტთა ნაწილს. აკადემიკოსი პააატა კოღუაშვილი პარლამენტის თამჯდომარის განცხადებას უწოდებს ზღაპარს, რომლის მოყოლაც სულ მალე ძალიან ძვირად დაუჯდება ხელისუფლებას. 

"პარლამენტის თავმჯდომარე, ცნობილი "წინასწარმეტყველია". როგორც წესი, სამი დღით ადრე ამბობს ხოლმე ციფრს, რომლითაც მმართველი პარტია ან მისი მხარდაჭერილი კანდიდატი გაიმარჯვებს და შემდეგ პროგნოზი ძალიან საეჭვოდ მართლდება. ახლაც, როგორც ჩანს, ეს წინასწარმეტყველება, "საქსატატისთვისაა" მესიჯი თუ რამდენით შემცირებული სიღარიბის მაჩვენებელი უნდა დაწერონ. 

იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ტოტალური აგფალციაა, 35%-ით მხოლოდ ბოსტნეულია გაძვირებული, 15%-ით - პური, 11%-ით - ხორცის და ა.შ. ყველა პროდუქტზე, არ მესმის როგორ ან რა კრიტერიუმით შეიძლება შემცირდეს სიღარიბე. ყველა საერთაშორისო ანგარიში ამბობს, რომ ღარიბი მოსახლეობის რიცხვი 60%-ია, ხოლო ღატაკის - 21%. ეს არის კატასტროფა. როცა ქვეყნას შემოაქვს სურსათის უდიდესი ნაწილი. 

ჩვენს ბაზარს ახასიათებს ერთი უსინდისო თავისებურება: თუ რამეზე ფასმა მოიმატა, შემდეგ რა ობიექტური ფაქტორებც უნდა არსებობდეს, როგორც უნდა შეიცვალოს თვითღირებულება, ფასი აღარ იკლებს. ასეთ პირობებში, არ შეიძლება სიღარიბე შემცირდეს. როგორ მოხდა ეს, როცა სასურსათო კალათის ფასი გაიზარდა და შემოსავალი არა? ეს არის ზღაპარი, რომლის მოყოლაც სულ მალე, ძალიან ძვირად დაუჯდება ხელისუფლებას. მათი ქცევა სხვას არაფერს იმსახურებს", - ამბობს კოღუაშვილი "რეზონანსთან".

ჩაწერა სახელი
სტატუს ქუო (12.06.2019)
საიდან მოაქვთ ეს ციფრები, ან ეს კრიტერიუმები. მაღაზიაში ან სასადილოში მაინც არ შედიან?