ამიერიდან წამლები მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოიწერება
რეზონანსი
(11.04.2022)

ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობის რეფორმა ახალ მნიშვნრლოვან ეტაპზე გადავიდა. 11 აპრილიდან ექიმები ვალდებულნი იქნებიან, წამალი მხოლოდ გენერიკული, ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწერონ. ეს სიახლე მომხმარებლებს არაკეთილსინდისიერი მარკეტინგისა და მედიკამენტებზე ფასების ხელოვნური ზრდსაგან დააზღვევს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ ილაპარაკა. კერძოდ, 11 აპრილიდან ექიმი ვალდებული იქნება წამალი მხოლოდ გენერიკული, ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა რომელიმე კონკრეტული მწარმოებლის ბრენდის მიხედვით.

„ექიმი ვალდებული იქნება, რომ წამალი მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწეროს და არა რომელიმე კონკრეტული მწარმოებლის ბრენდის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ფარმაცევტი მომხმარებელს გენერიკული მედიკამენტების ე.წ. პოზიტიური სიიდან სამ ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს. ეს იქნება მისი ვალდებულება“, - განაცხადა პრემიერმა.

 „პოზიტიური სიიდან“ შეთავაზების შემდეგ მოქალაქე თავად გადაწყვეტს, თუ რომელი წამალი შეიძინოს. სიაში შედის აღიარებითი რეჟიმით რეგისტრირებული მედიკამენტები.

„ჩვენი მოლოდინია, რომ გენერიკული რეცეპტების დანერგვით, რისკები, რომელიც ექიმების, ფარმაცევტების მხრიდან იყო, შესაძლო ბრენდული, კონკრეტული კომპანიებისა თუ მწარმოებლების მედიკამენტების ლობირების მიზნით, დაზღვეული იქნება. არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი და მედიკამენტებზე ფასების ხელოვნური ზრდა არ უნდა დავუშვათ“, - განაცხადა პრემიერმა.

რეცეპტების გენერიკებით გამოწერის ვალდებულება მოქმედებს ყველა ნორმალურ, ცივილიზებულ სახელმწიფოში. შესაბამისად, მთავრობის მეთაურს დიდი იმედი აქვს, რომ აღნიშნული რეფორმა იქნება ძალიან წარმატებული და რაც მთავარია, ხალხის კეთილდღეობას წაადგება და მათ დანახარჯებზე პოზიტიურად აისახება.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ფარმაცევტული ბაზრის რეფორმით მიღებულ  ხელშესაღებ შედეგს: თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ, საქართველოში მედიკამენტები 60-70 %-ით ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი.

„არაერთი ინფორმაცია მივიღეთ, რომ თუ ადამიანს კონკრეტული მედიკამენტის შეძენაში ეხარჯებოდა თვეში 300-400-500 ლარი, ახლა ეს თანხა არათუ განახევრებულია, კიდევ უფრო შემცირებულია - 60-70-80%-ით, რაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია“, - დასძინა პრემიერმა.

ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით, პირველი მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება და ექიმი, ვალდებულია მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტი გამოწეროს მხოლოდ ელექტრონულად.

„ესეც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და უკავშირდება სწორედ ამ დაბალი ფასების შენარჩუნებას. ასევე, ჩვენი მიზანია, რომ ზოგადად ფარმაცევტული სფერო იყოს მაქსიმალურად გახსნილი, გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი და მედიკამენტებზე სამართლიანი ფასები დავაწესოთ," - აღნიშნა პრემიერმა.

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით კი, მედიკამენტის გენერიკული დასახელებით გამოწერის ვალდებულება დააზღვევს რისკს, რომ ექიმმა წამალი მიკერძოებულად გამოწეროს. ასევე გაკონტროლდება, რა მედიკამენტი გამოწერა ექიმმა და რა გასცა ფარმაცევტმა.

„რისკი, რომ ექიმმა მიკერძოებულად გამოწეროს წამალი, გამორიცხულია. ელექტრონული რეცეპტის მიღმა თუ რამე რჩევას მისცემს, ეს შეიძლება დარჩეს. აქ უკვე ფარმაცევტის პასუხისმგებლობაცაა, რადგან ის ვალდებულია, მაინც გამოწერილი გენერიკის მიხედვით შესთავაზოს ყველაზე იაფი სამი მედიკამენტი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, ეს საკითხები ერთმანეთს გადააზღვევს. ამის გარდა, გვაქვს მძლავრი კონტროლი, ვხედავთ, ექიმმა რა გამოწერა, ფარმაცევტმა რა გასცა და გამოჩნდება, თუ ვინმე რამეს არაკეთილსინდისიერად გააკეთებს“, - აღნიშნა მინისტრმა.

ამ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას წინ უძღოდა ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სიტუაციური კვლევები.

„ორივე შემთხვევაში მითითებული იყო, რომ ხშირ შემთხვევაში მედიკამენტების ფასში 20-დან 50 პროცენტამდე არის მარკეტინგის ხარჯები, ის, რომელიც დაკავშირებულია ამა თუ იმ მედიკამენტის გამოწერის მოტივაციასთან, ანუ იმასთან თუ რა "ქეშბექს" იღებდა ექიმი გამოწერის დროს ან ფარმაცევტი შეთავაზების შესაბამისად“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკა ადამია ხაზს უსვამს, რომ ელექტრონული რეცეპტები წინ აღუდგება მედიკამენტების ჭარბი მოხმარების პრობლემას.

„ჩვენ გვაქვს ცენტრალიზებული ელექტრონული სისტემა, სადაც ვალდებულია დარეგისტრირდეს ყველა ექიმი და რეცეპტული მედიკამენტი მხოლოდ ამ გზით გამოწეროს. ასევე ყველა აფთიაქი ვალდებულია ონლაინ დააფიქსიროს ყველა რეალიზაცია.

ელექტრონული რეცეპტი შესაძლებლობას გვაძლებს დავაკვირდეთ კონკრეტული ბენეფიციარის სახელზე რა მედიკამენტებია გამოწერილი და რამდენად ხშირად. ჭარბი მედიკამენტების მიღება სერიოზული პრობლემაა და იმის ნაცვლად, რომ პაციენტმა სარგებელი მიიღოს, პირიქით, შეიძლება მას ზიანი მიადგეს“, - განაცხადა ეკა ადამიამ.

აღსანიშნავია, რომ გენერიკულ სისტემაზე გადასვლა მეორე ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტებზე ვრცელდება. გენერიკული რეცეპტი არ გამოიწერება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წამალი კომბინირებულ, ვიწრო თერაპიულ ან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ მედიკამენტს წარმოადგენს.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ  11 აპრილიდან პირველ მაისამდე რეფორმა სატესტო რეჟიმში იმოქმედებს, 1-ლი მაისიდან კი მისი შეუსრულებლობა სანქცირებას დაექვემდებარება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე