ქვეყანა მაქსიმალურად უნდა მოახერხოს საკუთარი რესურსებით არსებობა და არა კრედიტებით ცხოვრება
გვანცა წულაია
(07.04.2022)

საქართველოს მთავრობა საგარეო ვალების აღებაზე უარს ამბობს. ამიერიდან უფრო მეტი აქცენტის გაკეთებას შიდა ვალზე მოხდება, ხოლო დონორებისგან თანხის აღების მასშტაბები შეამცირდება. ასეთია ხელისუფლების ახალი პოზიცია. სპეციალისტები კი ამბობენ, რომ შიდა ვალიც ისეთივე პრობლურია, როგორც საგარეო კრედიტები.

უცხოურ სესხებზე უარის თქმა სახელმწიფო ვალის შემადგენლობის შეცვლის პოლიტიკით არის განპირობებული. საქართველოს მთავრობა ცდილობს საერთაშორისო ვალდებულებები გასტუმრებასთან ერთად, თანდათან საგარეო ვალდებულებების მოცულობა შეამციროს.

“ჩვენ დაგეგმილი გვქონდა არა მხოლოდ ამ მიმართულებით, არამედ ინფრასტრუქტურული მიმართულებებითაც სესხების აღება, თუმცა აღარ გაფორმდა სასესხო ხელშეკრულებები და აღარ მოხდა ხელმოწერა. ვინაიდან, ჩვენი სტრატეგიული მიზანი რაც არის, არის ვალის მოწყვლადობის შემცირება; ანუ, ერთი მხრივ, ჩვენ უნდა შევამციროთ ვალის მაჩვენებელი მშპ-სთან მიმართებით, მაგრამ ამავე დროს მიზანია, რომ უცხოურ ვალუტასა და ლარს შორის თანაფარდობა ვალში, რაც დღეს 80%/20%-ზეა, 2025 წლისთვის 65%/35%-მდე შევამციროთ.

ევრობანკის სესხი არის ერთ-ერთი იმ ხელშეკრულებათაგანი, რომელიც შევაჩერეთ. რადგანაც შესაძლებლობა გაჩნდა კორპორატიზაციით თავად სახელმწიფო ელექტროსისტემამ დააფინანსოს პროექტი,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძემ.

გუშინ, პარლამენტის რეგიონული განვითარების კომიტეტი ევრობანკთან არსებული 90 მლნ ევროს კრედიტის შემცირების შესახებ მსჯელობდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ვალის მეორე ტრანშს, რომელიც 55 მილიონი ევროსგან შედგებოდა, საქართველო აღარ ისესხებს. თანხა განკუთვნილი იყო ნენსკრაჰესთან დასაკავშირებელი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზისა და ქვესადგურის მშენებლობისთვის.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის თქმით, მთავრობის მიზანია სახელმწიფო ელექტროსისტემის რეფორმირება, რათა თავად სსე-მ შეძლოს დამოუკიდებლად ფინანსების მოზიდვა და საკუთარი სახსრებით ან ახალი სესხით დააფინანსოს აღნიშნული პროექტი და ის მთავრობის სესხით აღარ აშენდება.

“2024 წლისთვის როდესაც დაგეგმილი იყო ტრანშის მიღება და ათვისება, მაგრამ ამ პერიოდიდან შესაძლებლობა ექნება კომპანიას, რომ დაიწყოს საკუთარი კაპიტალით თანხების მობილიზება და ასევე კორპორატიზაციის პარალელურად, თავადვე შეძლოს სესხის მოზიდვა და არ დასჭირდეს სახელმწიფოს ამისთვის სუვერენული სესხის აღება და შემდგომ მასზე გადასესხება,” - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მართალია საქართველოს მთავრობამ ორიენტირი შიდა ვალზე აიღო, თუმცა როგორც ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია აცხადებს, ისიც არანაკლებ პრობლემურია. თუ რატომ, ამას სპეციალისტი დეტალურად აღწერს.

“საგარეო ვალით, თითქმის, მაქსიმუმზე ავედით. ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სახელმწიფოს დამატებითი ფინანსების მოზიდვის დიდი შესაძლებლობა აღარ აქვს და აქედან გამომდინარე, იძულებულია, აქცენტი შიდა ვალზე გააკეთოს, ანუ ეს კეთილი ნებიდან გამომდინარე არ ხდება. უბრალოდ, უზარმაზარი ვალი პანდემიის პერიოდში ავიღეთ და ეს გასასტუმრებელია. კი გვიფინანსებს სავალუტო ფონდი და რაღაც პროექტები გაწერილია, მაგრამ მნიშვნელოვანი საგარეო ვალის დამატების შესაძლებლობა არ გვაქვს, ამიტომ შიდა ვალს მიადგნენ.

თვითონ შიდა ვალი კი ზოგადად ძალიან პრობლემურია. იგი პირდაპირ დაკავშირებულია ლარის მასის ზრდასთან. ეს ხდება შემდეგნაირად: ფინანსთა სამინისტრო გამოუშვებს თავის ფასიან ქაღალდებს, ობლიგაციებს, რასაც შემდეგ, ძირითადად, კომერცილი ბანკები ყიდულობენ და ამ ობლიგაციებიდან მიღებული თანხა შიდა ვალად აღიქმება, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც ბანკები ყიდულობენ ფასიან ქაღალდებს, მათ ლიკვიდობის პრობლემა ექმნებათ, ლარი ეწურებათ და ქართულ ფულზე უჩნდებათ მოთხოვნა. მერე როცა ახალ სესხს გასცემენ, ლარი ნაკლები აქვთ და ამიტომ ისინი უშვებენ ახალ ლარს ბრუნვაში, ეროვნული ბანკის თანხმობით.

აქედან გამომდინარე, შიდა ვალის აღების ხარჯზე ფულის მასა იზრდება და ეს მერე იწვევს ინფლაციას, ვალუტის კურსის გაუფასურებას. ამიტომ შიდა ვალი ძალიან პრობლემურია”, - განუცხადა “რეზონანსს” ირაკლი მაკალათიამ და დასძინა, რომ აღებული საგარეო ვალები არაფექტურად იხარჯება და მნიშვნელოვანია მისი სწორი მიზნობრიობა.

“აღებული საგარეო ვალი არაეფექტურად იხარჯება. სესხები ეკონომიკაში უნდა ჩაეშვას და ეკომონიკის რეალური სექტორების განვითარებას უნდა მოხმარდეს, მაგრამ სინამდვილეში არამიზნობრივად იხარჯება. რაც დრო გადის, ლარი უფასურდება და აღებული სესხი, გარდა იმისა, რომ პროცენტს ვიხდით, უფრო ძვირიც გვიჯდება, კურსი ვარდნის გამო.

ხელისუფლება მცირე მთავრობის კონცეფციას უნდა მიჰყვებოდეს. რეალურად, ის, რაც მამუკა ბახტაძის დროს დაანონსდა, უბრალოდ, ფურცელზე დარჩა და პირიქით, ბიუროკრატიული ხარჯები უფრო იზრდება. მთავრობის ბიუროკრატიული წილი რაც უფრო ნაკლები იქნება, მით უფრო ნაკლები იქნება მოთხოვნა სამთავრობო ვალის აღებაზე და შესაბამისად, ვალების ეფექტიანობაც გაიზრდება და მისი მოცულობაც შემცირდება, რაც ეკონომიკისთვის კარგი იქნება”, - დასძინა “რეზონანსთან” მაკალათიამ.

საქართველოს, როგორც შიდა ისე ბევრი საგარეო ვალი აქვს, ამიტომ სპეციალისტები ამბობენ, რომ მათი ოდენობა რაც უფრო შემცირდება და ქვეყანა რაც მეტად მოახერხებს საკუთარი რესურსებით არსებობას, მით უკეთესი იქნება. ეკონომისტი სოსო სიმონიშვილის აზრით, ახალი კრედიტის მნიშვნელოვანი მიმართულებებისთვის უნდა ავიღოთ, მაგალითად, წარმოებისთვის, რომელიც ქვეყანაში დოვლათს შექმნის.

“დღევანდელ ხელისუფლებაში ძალიან ძლიერია ბანკების წარმომადგენლობა. შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლიდან ბანკების ხელისუფლება დამკვიდრდა. ერთი საკითხია, რომ სახელმწიფოს ფული სჭირდება, მაგრამ საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მოგებულები ისევ ბანკები რჩებიან.

სახელმწიფოს შიდა ვალი საკმაოდ ბევრი აქვს. მთავარი ის კი არ არის, სახელმწიფო მის მოცულობას გაზრდის თუ არა, არამედ მთავარია, ფულის გამოყენება მოხდეს კარგად და ქვეყნისთვის სასიკეთოდ. ახლა, როდესაც მთელ მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია, რომელიც ძლიერდება და ღრმავდება, სახელმწიფომ შიდა ვალი უნდა დახარჯოს წარმოების გაძლიერებაზე, რათა საქართველომ აწარმოოს მეტი სურსათი, პირველადი მოხმარების საქონელი და ბაზარზე იმპორტი შემცირდეს, ხოლო ექსპორტი - გაიზარდოს. თუ მთავრობა ასე მოიქცევა და შიდა ვალს ამ მიმართულებას მოახმარს, მაშინ ეს ძალიან კარგი საქმე იქნება, თუ არადა, იქნება სამწუხარო შედეგამდე მივალთ”, - განუცხადა სიმონიშვილმა “რეზონანსს”.

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8.12 მილიარდი დოლარია, რაც დღევანდელი გაცვლითი კურსის მიხედვით 25.63 მლრდ ლარს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე