საქართველოში საშუალო ფენა, ევროპული სტანდარტით 8-12%-ია, არაევროპული სტანდარტით 35-40%-ის ფარგლებშია
ირაკლი ლომიძე
(17.01.2022)

პანდემიამ სოციალური უთანასწორობა, დაახლოებით, 13-15%-ით გააღრმავა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, კორონავირუსის გავლენა მოსახლეობის თითქმის ყველა ფენაზე ნეგატიურად აისახა და განსაკუთრებით ღარიბებს შეეხოთ, ვინაიდან მათი მწირი შემოსავალი ისედაც შემცირდა, ხოლო საშუალო ფენა თითქმის აღარ დარჩა ქვეყანაში, მათი ნაწილი გაღარიბდა. ყოველი 4 ოჯახიდან 3 ღარიბ-ღატაკია და ამ მხრივ ეკონომიკურმა ზრდამ მინიმალურ დონეზეც ვერ გააუმჯობესა სიტუაცია, პირიქით, სოციალური უფსკრული კატასტროფულად გაღრმავდა.

საშუალო ფენა, ქართული გაგებით, პირობითი ცნებაა და ახლოსაც არ არის იმ სტანდარტთან, რაც განვითარებული ქვეყნებისთვის ნორმას წარმოადგენს. როგორც ეკონომიკური და სოციალური საკითხების ექსპერტი პაატა აროშიძე აღნიშნავს,  მშპ-ის ზრდა მხოლოდ სტატისტიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს და მოსახლეობის ვერც ერთი ფენა ამ სიკეთისგან სარგებელს, ჯერჯერობით, ვერ იღებს.

„პანდემიამ მოიტანა უკიდურესი გაჭირვება და სიღატაკე. ის შეეხო თითქმის ყველა ფენას, მათ შორის _ საშუალოს, რომელიც ლამის პირობით ცნებად იქცა. ყველაფერი შედარებითია. ჩვენში საშუალო ფენას შეიძლება მივაკუთვნოთ ის პირი, რომლის შემოსავალი, ვთქვათ, 1500 ლარია, მაგრამ ეს არ არის 500 დოლარიც კი. ევროპასა და აშშ-ში, თუნდაც ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, ასეთი შემოსავალი სიღატაკის მაჩვენებელია. 

პანდემიამ განსაკუთრებით გამოიწვია ის, რომ შემოსავლები შემცირდა, ამას დაემატა ინფლაცია, მსყიდველუნარიანობის კლება და სხვა. თუკი 2019 წელს, ანუ პანდემიამდე ადამიანს გარკვეული შემოსავალი გააჩნდა, ინფლაციის მიხედვით, მისი შემოსავალი უკვე არ არის საკმარისი იმ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რომლებზეც საკმარისი იყო პანდემიამდე“, - აღნიშნა აროშიძემ.

სოციალური მდგომარეობის გაუარესებაზე დიდი გავლენა მოახდინა კომუნალური გადასახადების გაზრდამ, ასევე, მგზავრობის გაძვირებამ, რაც თებერვლიდან კიდევ უფრო საგრძნობი იქნება და დაბალშემოსავლიანებს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის.

„ერთი შეხედვით, შემოსავალი ლარის განზომილებაში არ შემცირებია, მაგრამ ინფლაციის გავლენით მსყიდველუნარიანობამ იკლო. ასაკობრივი პენსია მატულობს, მაგრამ ამ ნამატსაც „ჭამს“ ინფლაცია და გაზრდილი ხარჯი, მათ შორის - კომუნალური გადასახადებისა და ტრანსპორტის გაძვირება. ეს ყველაფერი, ერთმანეთზე აკინძული, განაპირობებს რეალობას, როცა ადამიანები საშუალო ფენიდან ღარიბებში ინაცვლებენ. 

სოციალური უფსკრული ღრმავდება. ამაში მთლად დამნაშავე არ არის პანდემია, თუმცა გარკვეული გავლენა მოახდინა და თავისი „წვლილი“ შეიტანა. ეკონომიკა გაიზარდა საქართველოში, მაგრამ _ პროდუქციის გამოშვების ზრდის ხარჯზე. თუ, სიტყვაზე, 1 რომელიღაც პროდუქტის საწარმოებლად 2020 წელს 100 ლარი იყო საჭირო, მისი თვითღირებულება, სულ მცირე, 5 ლარით გაიზარდა, რაც ინფლაციის „დამსახურებაა“. 

სოციალური უთანასწორობა ღრმავდება და ეს დიდი პრობლემაა. 10-15%-ით გაიზარდა ღარიბ-ღატაკთა რაოდენობა. ამ დროს ეროვნულ ეკონომიკაში ზრდის ორნიშნა მაჩვენებელია, მაგრამ რიგითი მოქალაქეებისთვის ეს არაფერს ნიშნავს, თუ კეთილდღეობა ადამიანმა საკუთარ ჯიბეზე ვერ იგრძნო.

საინვესტიციო მიმზიდველობისთვის ზრდადი ეკონომიკა კარგია, მაგრამ მოსახლეობაზე ვერ აისახება, რაც ნეგატიური ფაქტორია. ხალხს პენსიების ზრდა, დანაზოგების კეთება და ცხოვრების ხარისხი აინტერესებს, ამაში უნდა გამოიხატებოდეს ეკონომიკური განვითარება, რასაც, ჯერჯერობით, ვერ მივაღწიეთ. კავშირი ეკონომიკურ ზრდასა და კეთილდღეობას შორის დაკარგულია, რაც დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის“, - განაცხადა პაატა აროშიძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“. 

გარდა იმისა, რომ სოციალური უთანასწორობა გაღრმავდა, ეკონომიკური განვითარების დონით გაიზარდა განსხვავება  იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც პანდემიასთან ბრძოლაში განსხვავებული შედეგები აჩვენეს. როგორც სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ განმარტა, ორივე ასპექტის მიხედვით, ვითარება არასახარბიელოა.

„განსხვავებული მდგომარეობაა იმ ქვეყნებში, რომლებიც პანდემიას ებრძვიან. ნაწილმა შედარებით ადრე მოახერხა კრიზისთან გამკლავება და წარმატებით ართმევს თავს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა ბევრი ქვეყნის მაგალითზე პანდემიური მდგომარეობა მაინცდამაინც სახარბიელო არ არის, ანუ უთანაბრობას ორ ასპექტში უნდა შევხედოთ - ქვეყნის შიგნით და ქვეყნებს შორის. 

2020 წელს, როცა პანდემია დაიწყო, ვარდნის მასშტაბი მეტი გვქონდა, დაახლოებით, 1,5-ჯერ მეტი იყო ეკონომიკის ვარდნა, ვიდრე მსოფლიოში. საგარეო ვაჭრობის ბრუნვაც უფრო მეტად შემცირდა, „სამაგიეროდ“ უფრო მეტად გაგვეზარდა უმუშევრობის დონე, ვიდრე მსოფლიოში. ფაქტობრივად, ყველა  მთავარი მაკროეკონომიკური პოზიციის მიხედვით გვქონდა უკუსვლა, თუმცა 2021 წელს ეს ვითარება შეიცვალა და ეკონომიკური ზრდით მოწინავე პოზიციებზე გავედით.  თუკი ჩვენ 2019 წელს მსოფლიოში ეკონომიკური განვითარების  ზრდის ტემპით 41-ე ადგილზე ვიყავით, 2020 წელს 126-ე ადგილზე ჩამოვედით, 2021 წელს, საკმაოდ მაღალი ალბათობით, პირველ ოცეულში გავალთ, თუმცა არ გამოვრიცხავ, პირველ ათეულშიც მოვხვდეთ“, - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

სტატისტიკოსის შეფასებით, მძიმე პანდემიური მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ თითქმის ყველაფერი გააკეთა, რათა შეერბილებინა დანაკარგი, რასაც მოსახლეობა განიცდიდა კოვიდ 19-ით გამოწვეული ეკონომიკური შემცირების გამო.

„ერთჯერადი დახმარებები, სუბსიდირება კომუნალურ ხარჯებზე და სხვა, პირველ რიგში, მიმართული იყო შედარებით დაბალშემოსავლიანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ღარიბთა რაოდენობა საქართველოში, დაახლოებით, 22-23%-ის დონეზეა  და ეს მდგომარეობა გვიჩვენებს, თუ რა სერიოზული პრობლემაა. წმინდა ფინანსურ შემოსავლებს თუ ავიღებთ, მოსახლეობის ყოველი 4 შინამეურნეობიდან 3-ის მდგომარეობა გაუარესდა.  შემოსავლების კლება საზოგადოების თითქმის ყველა ფენას შეეხო, თუმცა ზრუნვის ობიექტად მთავრობამ სწორედ დაბალშემოსავლიანები გამოაცხადა.

რაც შეეხება საშუალო ფენას, ევროპული სტანდარტით, მცირემასშტაბიანია, 8-12%-ის დონეზე, არაევროპული სტანდარტის მიხედვით, 35-40%-ის ფარგლებშია. შეიძლება ითქვას, ნებისმიერი მაჩვენებლის მიხედვით, ჩვენ სახარბიელო მდგომარება არ გვაქვს. შინამეურნეობას უნდა ჰქონდეს ისეთი ანაბარი დეპოზიტებზე, რომელიც 18-ჯერ აღემატება იქაური (იმ ქვეყნის) შინა მეურნეობების საარსებო მინიმუმს, თუმცა სახელმწიფომ თითქმის ყველაფერი გააკეთა, რათა შეერბილებინა დანაკარგი, რასაც მოსახლეობა განიცდიდა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შემცირების გამო. ჩვენ ადგილობრივი კრიტერიუმით უნდა ვიხელმძღვანელოთ და ევროპული სტანდარტი საორიენტაციოდ გამოვიყენოთ“, - განაცხადა სოსო არჩვაძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე