ვანო მთვრალაშვილი: „ვფიქრობ, 2022 წელს ნავთობპროდუქტების ბაზარზე ვითარება გაუმჯობესდება"
ირაკლი ლომიძე
(17.01.2022)

2021 წელს საქართველოში საცხებ-საპოხი მასალებისა და საგზაო ბიტუმის იმპორტი შემცირდა, თუმცა საავიაციო ნავთის შემთხვევაში იმპორტი და მოხმარება გაზრდილია, რაც ტურიზმის აღდგენას უკავშირდება. საერთო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ სეგმენტურად გარკვეული კლება შეიმჩნევა, ნავთობპროდუქტების ბაზარზე მდგომარეობა მეტ-ნაკლებად  სტაბილურია და რადიკალურად განსხვავდება იმ მოცემულობისგან, რაც პანდემიურ 2020 წელს იყო.

კერძოდ, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-დეკემბრის  განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 18,86 ათასი ტონა, რაც 0,22 ათასი ტონით, ანუ 1,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,08 ათასი ტონა) შედარებით.

2021 წლის 12 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 3,24 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 17,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 3,13 ათასი ტონა (16,6%), რუსეთი - 2,76 ათასი ტონა (14,6%);  გერმანია - 1,69 ათასი ტონა (9%) და სხვ.

გარდა ამისა, 2021 წლის იანვარ-დეკემბერში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 96,4 ათასი ტონა, რაც 40 ათასი ტონით, ანუ 70,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (56,4 ათასი ტონა) შედარებით და 5,4 ათასი ტონით, ანუ 5,3%-ით ნაკლებია პანდემიამდე არსებულ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (101,8  ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, 2021 წლის 12 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 59,9%  (57,7 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 12,4% (12 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან, 11,3% (10,9 ათასი ტონა) - იტალიიდან, 11,3% (10,9 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 2% (1,9 ათასი ტონა) - ეგვიპტიდან, 1,6% (1,5 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 1% (1 ათასი ტონა) - შვეიცარიიდან, 0,5% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთიდან, 0,01% (0,01 ათასი ტონა) - რუმინეთიდან.

რაც შეეხება სანავთობო ბიტუმს, როგორც სტატისტიკური მონაცემიდან ჩანს, 2021 წელს იმპორტმა ამ მიმართულებით შეადგინა 117,5 ათასი ტონა, რაც 11,2 ათასი ტონით, ანუ 8,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (128,7 ათასი ტონა) შედარებით.

აქედან იმპორტის 88,5% (104 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე, 5,5% (6,5 ათასი ტონა) - თურქმენეთზე, 5,4% (6,3 ათასი ტონა) - ერაყზე, 0,4% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთზე, 0,1% (0,1 ათასი ტონა) - თურქეთზე.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა „ბიზნეს-რეზონანსთან“ განმარტა, თუ როგორია გასული წლის ტენდენცია და რა მოლოდინია მიმდინარე წელს ნავთობპროდუქტების ბაზარზე იმპორტისა და მოხმარების კუთხით.

„საწვავის იმპორტი და მოხმარება გაიზარდა ქვეყანაში. ლოგიკურად, საავტომობილო ზეთის მოხმარებაც უნდა გაზრდილიყო. მით უმეტეს, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ქვეყანაში არ შემცირებულა, თუმცა მთავარი  მიზეზია პანდემია, ეს უკავშირდება ინფლაციას, არა კონკრეტულად საავტომობილო ზეთის ფასებს, არამედ ზოგადად ინფლაციურ პროცესებს. ყველაფრის ფასმა მოიმატა, იქნება ეს პირველადი მოხმარების საგნები, საკვები თუ საწვავი, ტენდენცია ბოლო პერიოდის განმავლობაში ზრდისკენაა მიმართული. შესაბამისად, ავტომფლობელების გარკვეული ნაწილი ზეთის გამოცვლის გადავადებას ცდილობს, თუკი, ვთქვათ, 10000 კმ-ის გავლის შემდეგ გამოცვლიდა, ეს ვადა გაახანგრძლივა, ამ ტენდენციას არ გამოვრიცხავთ. 

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან შემოდის დაბალფასიანი, მაგრამ უხარისხო პროდუქტი, თუმცა მასზე მოთხოვნა მატულობს ფასის გამო. ეს მოცემულობა, ჯერჯერობით, უცვლელია“, - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა „ბიზნეს-რეზონანსთან“.

მისი თქმით, შემცირებულია სანავთობო ბიტუმის იმპორტიც, რაც მიუთითებს, რომ შარშან, 2020 წელთან შედარებით, ნაკლები რაოდენობის საგზაო სამუშაოები შესრულდა, რამაც იმპორტზე გავლენა მოახდინა. რაც შეეხება საავიაციო ნავთის იმპორტს, როგორც მთვრალაშვილმა განაცხადა, ამ მიმართულებით სერიოზული ზრდაა, რაც ტურიზმის აღდგენას უკავშირდება.

„ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა ქვეყანაში თვალნათლივ მატულობს. მათ შორის, საჰაერო მიმოსვლის აღდგენა მოხდა. მოგეხსენებათ, პანდემიისას ყველაზე მეტად სწორედ ტურიზმი და ავიაციის სფერო დაზარალდა. ამ მიმართულებით გაჯანსაღების პროცესი მიდის და სწორედ ეს განაპირობებს, რომ საავიაციო ნავთის მოხმარება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. 

ვფიქრობ, 2022 წელს ნავთობპროდუქტების ბაზარზე ვითარება გაუმჯობესდება. საავიაციო ნავთის მხრივ მასშტაბური ზრდა შესაძლოა, არ დაფიქსირდეს, თუმცა სტაბილურობა შენარჩუნდება. მათ შორის, საავტომობილო ზეთების სეგმენტშიც  მდგომარეობა შეიცვლება უკეთესობისკენ. ყველაფერი ეს ეკონომიკურ პროცესებთან არის დაკავშირებული,  შესაბამისად, ეკონომიკის ზრდაში თუ პანდემია ცუდ კორექტივებს არ შეიტანს, არ მოხდება შეზღუდვები და სხვა, ყველა ვარიანტში ნავთობპროდუქტების მოხმარება და იმპორტი გაიზრდება“, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა „ბიზნეს-რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე